15
Aug
2019

100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფინალისტი სტარტაპები ცნობილია

15 Aug 2019

სტარტაპებისთვის 100 000 ლარიანი გრანტის პროგრამის ფინალისტები ცნობილია. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150-დან 41 აპლიკანტი შეარჩია. ისინი, 2-3 სექტემბერს, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარდგებიან.

„საგრანტო კონკურსის მიმართ ინტერესი 195-მა აპლიკანტმა გამოხატა. აქედან, 45-მა განაცხადმა ვერ გაიარა ადმინისტრაციული შეფასების ეტაპი. ხარისხობრივი შეფასების შედეგად, რომლის დროსაც 2 დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი აფასებს განაცხადს, დარჩენილი 150 აპლიკანტიდან შეირჩა 41 პროექტი. უკლებლივ ყველას, 195-ვე აპლიკანტს, აქვს შესაძლებლობა, შევიდეს პორტალზე, სადაც პირად გვერდზე მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, როგორც შეფასებისა და მიღებული ქულების, ისე ექსპერტთა რეკომენდაციების შესახებ“, – ამბობენ GITA-ში.

ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპები 19-დან 23 აგვისტოს ჩათვლით, 8:30-დან 18:00 საათამდე ტექნოპარკში, სპეციალურ ტრენინგს გაივლიან. საერთაშორისო ტრენერები, „ქოუჩები“, შერჩეულ გუნდებს, საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად მოამზადებენ. შემდეგ კი, 3 სექტემბერს, გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები. თითოეული მათგანი მიიღებს საგრანტო პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას, 100 000 ლარამდე ოდენობით“.

GITA-მ, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, წელს მესამედ  გამოაცხადა. პროექტს ის მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ახორციელებს. 

„პროგრამის მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება – ათვისების და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება“.

 

განხილვა