in

პროექტი, რომელიც მაყურებლებს მონატრებულ სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ სთავაზობს – “100 სკამი ცის ქვეშ”

უკვე ძალიან დიდი ხანია, თეატრების კარი მაყურებლებისთვისაც დახურულია და მსახიობებისთვისაც. სხვადასხვა პლატფორმამ არაერთხელ შემოგვთავაზა ძალიან კარგი და საინტერესო სპექტაკლების ჩანაწერები, თუმცა, ეს, რასაკვირველია ვერ ანაცვლებს პირდაპირ სცენიდან მოდენილ ემოციებსა და პარტერში მჯდომი მაყურებლისა და სცენაზე მყოფი მსახიობის მაგიურ ურთიერთობას. ზუსტად ამიტომ შეიქმნა პროექტი “100 სკამი ცის ქვეშ”, რომელიც 7 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ვაკის პარკის ღია კინოთეატრში “Club 33a” მაყურებლებს მონატრებულ სპექტაკლებს შესთავაზებს. ამ პროექტის შესახებ მის ორგანიზატორსა და იდეის ავტორს, მსახიობ მაია გელოვანს გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, საიდან და როდის გაჩნდა ამ პროექტის შექმნის იდეა?

თავდაპირველი იდეა გაჩნდა სწორედ მაშინ, როცა ყველანი კარანტინში ვიმყოფებოდით. ხოლო ამ იდეაზე ინტენსიური ფიქრი კი უკვე მაშინ დავიწყეთ, როცა სიტუაციამ ნელ-ნელა დარეგულირება დაიწყო და სხვადასხვა მკაცრი რეგულაციაც დროთა განმავლობაში მოიხსნა. რადგანაც დახურულ სივრცეებში თეატრმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ვიფიქრეთ, არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით რატომ არ შეიძლებოდა, ღია სივრცეში ჩატარებულიყო სპექტაკლები?! თეატრი ხომ ისაა, რაც არ უნდა გაჩერდეს..

ერთი თვის განმავლობაში ვამუშავებდით და ვხვეწდით ამ იდეას და ვაწარმოებდით ინტენსიურ მოლაპარაკებებს თეატრებთან/რეჟისორებთან, რასაც შემდგომ მთელი თვის პროგრამის დაგეგმვა მოჰყვა. იმდენად ძლიერი იყო თამაშის სურვილი და იმდენად მონატრებული იყვნენ მსახიობები სცენას და მაყურებელთან შეხვედრას, რომ თეატრები გაერთიანდნენ და დღეს უკვე ამ პროექტის ფარგლებში მაყურებელს შეუძლია, იხილოს ერთ სივრცეში თბილისის ყველა თეატრის წარმოდგენა (და ასევე ფოთის თეატრის ერთი სპექტაკლიც).

M: რატომ “100 სკამი ცის ქვეშ”?

რეგულაციის თანახმად, სკამსა და სკამს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა ყოფილიყო დაცული და მოხდა ისე, რომ ჩვენს ექვსასკვადრატიან პარტერში ზუსტად 100 სკამი დაეტია. სწორედ ამ ფაქტმა მოიტანა პროექტის დასახელებაც.

M: ალბათ, არც თუ ისე მარტივია ასე მოკლე დროში ამ ტიპის პროექტის შექმნა, მოგვიყევით სირთულეებზე, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში შეგხვდათ..

სირთულეები მართლაც ძალიან ბევრი იყო. როგორც წესი, ამგვარი პროექტების შექმნის პროცესში ბევრი ადამიანია ხოლმე ჩართული, ჩვენს შემთხვევაში კი სხვაგვარად იყო – სულ 5-6 ადამიანი ვიყავით, ვინც ყოველდღიურად ყველანაირ საქმიანობაში ვიყავით ჩართულები, რასაც კი ეს პროექტი მოითხოვდა. ვღებავდით სცენას, ვუვლიდით მცენარეებს, პარალელურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და მუდმივად ვცდილობდით, არაფერი შეგვშლოდა.

თუმცა, მთავარი, რა თქმა უნდა, სურვილია. ჩვენი მხრიდან იმდენად დიდი იყო სურვილი, ამგვარ გამოუვალ მდგომარეობაში გვეპოვა გამოსავალი და ცოტა ხნით მაინც მოგვცემოდა საშუალება, შევხვედროდით მაყურებელს და ჩვენი საქმე გვეკეთებინა, იდეის განსახორციელებლად მართლა უდიდესი ძალა ვიგრძენით ყველამ. შედეგად, ერთიანი ძალებით და ერთმანეთის გვერდში დგომით გავაკეთეთ ეს პროექტი.

M: მგონი რომ სრულიად შესაძლებელია, ამ პროექტით რაღაც ახალს ჩაეყაროს საფუძველი – თუნდაც ამ სივრცის სულ სხვაგვარად ათვისებას და სხვა მსგავსი პროექტების ჩატარებას..

ეს სივრცე ყოველთვის ღია იყო მუსიკისთვის და მუსიკოსებისთვის, თუმცა, ვფიქრობ, რომ დრამატულმა თეატრმაც აქ უნდა გადმოინაცვლოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ სივრცეს მაქსიმალურად აითვისებენ და აქ დაიდგმება სხვადასხვა სპექტაკლი, მიუზიკლი, თუნდაც საოპერო ჩანახატიც კი.

ჰომ გვეუბნებიან, რომ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ გამოსავლის ძიებაც.. რატომაც არ უნდა გაგრძელდეს მსგავსი პროექტები ამ სივრცეში, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს? და რომც არ მოითხოვოს, თეატრი ღია ცის ქვეშ ჩვენი მოგონილი ხომ არაა, შესაბამისად, მგონია და ვიმედოვნებ, რომ აქ მსგავს პროექტებს აუცილებლად ვიხილავთ. საუკუნეების წინ თეატრი საბერძნეთში სწორედ რომ ღია სივრცეში გაჩნდა.

M: და ბოლოს, დღეს როგორ მიმდინარეობს პროექტი და როგორია მაყურებლების მხრიდან მოთხოვნა?

მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ემოციური გახსნა გვქონდა – აშკარა იყო, რომ მაყურებლებიც და მსახიობებიც ერთმანეთთან შეხვედრას მოწყურებულები იყვნენ. მაყურებლებში ისევ გაღვივდა ტრადიციული, თეატრის მიერ გამოწვეული ემოციები, მსახიობები კი ისევ იმგვარად დაიხარჯნენ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. პირველი კვირის სპექტაკლები უკვე წარმატებით ჩამთავრდა და, იმედი გვაქვს, მომდევნო წარმოდგენებიც ამგვარადვე ჩატარდება. ამ სპექტაკლებს მაყურებელთან ერთად ჩვენც სულმოუთქმელად ველით.

რობოტი სელაპი, რომელიც COVID-19-ით დაავადებულებს მარტოობას უმსუბუქებს

Miami Ad School Tbilisi-ს სტუდენტების სწავლის საფასურის ნაწილს ქართული სააგენტოები დააფინანსებენ