თუ 2000 წელს ასი წლის ადამიანთა რიცხვი მსოფლიოში 151 000 იყო, 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 573 000-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებშიც ბევრ ადამიანს ვნახავთ, რომლებიც საუკუნის იუბილეს აღნიშნავენ. როგორც წესი, მათ ნაკლები ქრონიკული დაავადება აქვთ და 90 წლამდე ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მართალია, ამ პროცესში მთავარ როლს გენეტიკა ასრულებს, მაგრამ დაბერების 60%-ს, ჩათვალეთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი განაპირობებს.
უახლესი ნაშრომი კი 34 კვლევას აერთიანებს, რომელთა ფარგლებში 100 წლის ან უფრო მეტი ასაკის მქონე ადამიანები შეისწავლეს. შედეგად, ახლა ზუსტად გვეუბნებიან იმ 4 ფაქტორს, რომლებიც დიდხანს ცხოვრებას შეგვაძლებინებს:
1. მრავალფეროვანი კვების რაციონი მარილის დაბალანსებული დოზით
გამოვლინდა, რომ საშუალოდ კვლევის მონაწილეები ენერგიის 57-65%-ს ნახშირწყლებიდან იღებდნენ, 12-32%-ს ცილებიდან, ხოლო 27-31%-ს ცხიმებიდან. მათი კვების რაციონი მოიცავდა მარცვლეულს (ბრინჯი და ხორბალი), ხილს, ბოსტნეულსა და პროტეინით მდიდარ საკვებს, ფრინველისა და თევზის ხორცს, მარცვლეულსა და წითელ ხორცს, ოღონდ ზომიერად.
ასი წლის ადამიანები ნაკლებ მარილსაც მოიხმარდნენ — WHO-ს რეკომენდაციით, დღეში 2 გრამამდე უნდა მივიღოთ, ისინი კი 1.6 გრამს მიირთმევდნენ. ხოლო, როცა მარილის მოხმარება იზრდება, ფიზიკურად გადაადგილების პრობლემები იჩენს თავს…
2. წამლების შემცირება
ასი წლის ადამიანებსაც აწუხებთ ქრონიკული დაავადებები, ძირითადად ჰიპერტენზია, დემენცია და კოგნიტიური პრობლემები. კვლევისას კი გამოიკვეთა, რომ ისინი საშუალოდ 4.6 წამალს იღებდნენ, რომელთა შორისაც უმეტესად არტერიული წნევისა და გულის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები იყო…
მართალია, ზემოთ მოცემულ ფაქტორშიც ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ სულ მცირე ის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი იქნება, თუ ექიმები წამლებს მხოლოდ მაშინ დაუნიშნავენ ხანდაზმულებს, როცა ამის საჭიროება იქნება, სრულად მიაწვდიან ინფორმაციებს მის სარგებელსა თუ რისკებზე და რეგულარულად დააკვირდებიან პროცესს.
3. კარგი ძილი
ძილის ხარისხი და ოდენობა იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებს, სტრესის ჰორმონებსა და კარდიომეტაბოლურ ფუნქციებზე, იქნება ეს სიმსუქნე, მაღალი არტერიული წნევა თუ დიაბეტი. კარგი ძილი ხშირად ქრონიკული დაავადებების შემცირებას უკავშირდება და გაზრდილ სიცოცხლის ხანგრძლივობას გვთავაზობს. ძილის ოპტიმალური რაოდენობა კი 7-8 საათია.
4. მწვანე გარემოში ცხოვრება
კვლევის მონაწილეთა 75% სოფელში მცხოვრები იყო, ამ ფაქტს კი, თავის მხრივ, ბუნებასა და სიჯანსაღეს უკავშირებენ — ისინი, ვინც მწვანე სივრცეებში უფრო დიდ დროს ატარებდნენ, დაბალი სტრესის დონე ჰქონდათ, დეპრესიის დაბალი მაჩვენებლები, წნევების, მეორე ტიპის დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების დაბალი რისკი, რაც, რაღა თქმა უნდა, სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.
აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, კვლევის თანახმად, იმისათვის, რომ ადამიანმა 100 წელი ან უფრო მეტი იცოცხლოს, არ უნდა მოიხმაროს თამბაქო, თავი უნდა აარიდოს ალკოჰოლს და ზომიერად დალიოს, ფიზიკურად აქტიური უნდა დარჩეს და სოციალური კავშირებიც შეინარჩუნოს. ბუნებრივია, გარანტიებს არავინ გვაძლევს, მაგრამ კვლევა ფაქტებს გვიზიარებს, რომლითაც უამრავმა ადამიანმა შეძლო 100 წლის იუბილეს აღნიშვნა.