ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრენდმა პირველად გამოუშვა Leica I — ამ ამბის აღსანიშნავად კი კომპანია გლობალურ ღონისძიებებსა და აქტივობებს ატარებს თემით: 100 Years of Leica: Witness to a Century.
„იმ კამერის პატივსაცემად, რომელმაც საუკუნის წინ ფოტოგრაფიის სამყარო შეცვალა, კულტურულ მომენტებს, პრესტიჟულ გამოფენებსა და ექსკლუზიურ პროდუქტებს შემოგთავაზებთ. თქვენთან ერთად ლეგენდარული Leica-ს კამერების ახალ საუკუნეს დავიწყებთ“.
გარდა იმისა, რომ ბრენდი საიუბილეო ღონისძიებებს დუბაიში, მილანში, ნიუ-იორკში, შანხაისა და ტოკიოში გეგმავს, სპეციალური გამოშვების ფოტოაპარატებს სთავაზობს მომხმარებლებს, მათ შორისაა Leica S Edition 100 და Leica D-Lux 6 Edition 100. ორივე კამერა Leica-ს ფოტოგრაფიული ფესვებისა და დღევანდელობის სიმბოლოა.
თუმცა, ექსკლუზიურ პროდუქტებში გამორჩეულ ადგილსა და პრემიუმ შეგრძნებას სწორედ Leica M Edition 100 ტოვებს — ფირიანი ფოტოგრაფიის შესაძლებლობებს ციფრულ Leica M-თან აერთიანებს და უნიკალურ კომბინაციას გვთავაზობს. თანაც პირველი შემთხვევაა, როცა ბრენდმა სრულად უჟანგავი მეტალი გამოიყენა, ამ მასალაზე მუშაობა კი განსაკუთრებით რთული ამბავია… სპეციალური საფარიც აქვს და სამნაირი ლინზითაა წარმოდგენილი:
აპარატი კომპაქტური ზომით, სიჩქარითა და გამოსახულების განსაკუთრებული ხარისხითაა ცნობილი. იდეალურად წარმოაჩენს იმ მახასიათებლებს, რომლითაც Leica-ს ბრენდი ლეგენდად ჩამოყალიბდა. საინტერესოა, რომ M-ის საუკუნის გამოშვება შავ ალუმინის ყუთში გვხვდება, რომელიც სპეციალურად Leica-სთვის Rimowa-მ დაამზადა. ყუთის თავზე სპეციალური გრავირებაც გვხვდება, ეს კი უკვე საუკუნის გამოშვებას ეხმიანება და უნიკალური სერიული ციფრებითაა წარმოდგენილი. გლობალურ ბაზარზე ასეთი მხოლოდ 101 ნაკრებია წარმოდგენილი.
100 წლის იუბილეს თემატიკა სამაჯურებზე, ბრელოკებსა, კალმებსა და სხვა ნივთებზეც მოხვდა, Ernst-ისა და Elsie-ის სახელით სათამაშო დათვებიც წარმოადგინეს, ასე კი Leica-ს სურს, თავისი ისტორია შეგვახსენოს.