in

“1001 ქართული ორნამენტი” – ირინა შოთაძის მიერ შექმნილი მასშტაბური პანო

ეს არის თანამედროვე და ამავდროულად ეთნო თემატიკის მატარებელი ნამუშევარი


ირინა შოთაძე ქართველი ხელოვანია, რომელიც საკუთარ თავს სულ რამდენიმე სიტყვით აღწერს – ადამიანი, ვისაც სურს, სამყაროში თუნდაც პატარა ნათელი წერტილი, სილამაზე, მშვენიერება დატოვოს და სხვებს გაუზიაროს”. 

როგორც ბევრმა ხელოვანმა, მანაც ხელოვნების ერთ კონკრეტული მედიუმში იპოვა საკუთარი შემოქმედების გამოხატვის საუკეთესო გზა… მას შემდეგ, რაც კერამიკა აღმოაჩინა, ირინას ძირითადი საქმიანობა სწორედ მისით შემოიფარგლება – ეს კი თავის მხრივ გულისხმობს ძერწვას, ხატვასა და  თიხასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკებს. ასევე ექსპერიმენტებს, რომელიც კერამიკას უკავშირდება და ამ მასალაში მუშაობას, მისთვის ძალიან საინტერესოს ხდის.

M: ირინა, როგორია თქვენი, როგორც ხელოვანის სტილი?

ჩემი სტილი თავისუფალია, სადაც ფერებსა და ფორმებს შეზღუდვები არ გააჩნიათ. ყველაზე მეტად მომწონს ასიმეტრიული, არასტანდარტული ფორმები, რადგან ვთვლი, რომ კონკრეტული ნივთი სწორედ ამ შემთხვევაში იძენს თვითმყოფადობასა და ინდივიდუალობას. ვცდილობ, ჩემ მიერ შექმნილი ნივთები მრავალფუნქციურობით ხასიათდებოდეს… არ მინდა კონკრეტულმა  ფორმებმა ჩარჩოში მოაქციოს ისინი, პირიქით, მსურს სწორედ ამ უცნაურმა ფორმებმა  გაათავისუფლოს წინასწარგანწყობებისგან და დადგენილი სტანდარტებისგან.

M: გვიამბეთ თქვენი ახალი პროექტის, სახელწოდებით “1001 ქართული ორნამენტი”, შესახებ. როგორ დაგებადათ მისი შექმნის იდეა, რა არის მისი კონცეფცია?

ყოველთვის მომწონდა მასშტაბური კერამიკული პანოები, კომპოზიციები და სულ მიკვირდა რატომ არ შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანაშიც გაკეთებულიყო მსგავსი რამ, რომელიც იქნებოდა, შინაარსიანი, კულტურული, ისტორიული, თანამედროვე, ფერადი. 

მსგავსი მასშტაბური პანოს შექმნის იდეა კი ჯერ კიდევ პანდემიამდე, სწორედ მაშინ  დაიბადა,  როდესაც ჩემი კერამიკული ნამუშევრებისთვის ესკიზებს ვარჩევდი. ბუნებრივია, ქართულ თემატიკას და რაღა თქმა უნდა ჩვენს უნიკალურ ორნამენტებს ვუტრიალებდი.  და გონებაში  უცებ გამინათდა,  წარმოვიდგინე რა ზღაპრული სილამაზე ექნებოდა კედელზე  მათ ერთობლიობას. მერე გაჩნდა ორი ძირითადი კითხვა: რამდენი ფილა უნდა გამეკეთებინა და რა უნდა დამერქმია ამ პროექტისთვის. ამ კითხვებზე პასუხი ისევ სიტყვა “ზღაპრულმა” გამაცემინა, რა თქმა უნდა 1001. ეს იდეა წინადადებად ვაქციე. რაც შეეხება მიზანს – პირველი, როდესაც ამ პანოს უყურებ ეს სიამოვნების განცდაა, ესთეტიკური სიამოვნების, რომელსაც  მნახველს ანიჭებ, თითოეული ფილით მას უყვები ისტორიას, ამბავს შენს ქვეყანაზე.

M: როგორ და რატომ შეარჩიეთ ნამუშევრის გამოფენის ადგილი? რაიმეს თუ უკავშირდება სიმბოლურად?

გორი ჩემი ბავშვობის ქალაქია. რომელიც პატარაა, თუმცა დიდი ისტორიის მატარებელია. ვფიქრობ, რომ ეს ნამუშევარი ძალიან დაამშვენებს მას. ეს პანო ამ ქალაქს დარჩება და მსურს, გორელებმა და ქალაქის სტუმრებმა შეიყვარონ ის  და გაუფრთხილიდნენ. 

M: თუ გეგმავთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას კვლავ? და თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართული კულტურისთვის?

გეგმები და იდეები ძალიან ბევრია. მსგავსი ტიპის კერამიკული პანოები ქართული კულტურისთვის სამწუხაროდ არ არის დამახასიათებელი. რა თქმა უნდა,  კომუნისტურ ეპოქაში არსებობდა ასეთ ნამუშევრები, თუმცა ძალიან ცოტა და თითქმის ყველა მათგანს  აშკარად დაჰკრავდა პარტიული დაკვეთის ელფერი.  დღეს სხვა დროა, ვფიქრობ, თავისუფლად შეგვიძლია შევქმნათ თანამედროვე და ამავდროულად  ეთნო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც დატვირთული იქნება ისტორიული  სიმბოლიკებით და რომლებიც ჩვენს, ცოტა არ იყოს, ნაცრისფერ ურბანულ გარემოს გაამრავალფეროვნებს. 

აღსანიშნავია, რომ პანოს შექმნაში მონაწილეობას ირინასთან ერთად მხატვართა სხვა ჯგუფიც იღებდა – ანა ხოზიაშვილი, ანა ინაური, ანანო დათაშვილი, ნატო ჯილავდარი, მარიამ  ჭალიძე, გიორგი თურაზაშვილი, სოფო ბაიდარაშვილი, ნინო ლომიძე, მაშიკო მინდიაშვილი, ელისაბედ გოცირიძე, მარიამ მელაძე, ნინი ლოლაძე. 

თუ ოდესმე გორში მოხვდებით, გახსოვდეთ, ქალაქში მასშტაბური პანო გელოდებათ, რომელიც ქართული კულტურის ესთეტიკას შეგაგრძნობინებთ…

ავტორი ქეთია ბელქანია


„ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა“ მასშტაბურ დეველოპმენტს ახორციელებს

ნახეთ, როგორ იღებდნენ Zoommer-ის „ენძელა & იას“ რეკლამას