18
Oct
2016

11 სააგენტო მემორანდუმის ფარგლებში გაერთიანდა – ქართული სარეკლამო სფეროს განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი!

18 Oct 2016

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ინიცირებით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებას ხელმომწერ საკომუნიკაციო სააგენტოებს შორის უსაფრთხოების გადასახადის შემოღებაზე. მემორანდუმის ხელმომწერ სააგენტოებს  უკვე ოფიციალურად შეუძლიათ დაიცვან მათი ნაშრომი და ამ ნაშრომზე გაწეული შრომისთვის წინასწარი, უსაფრთხოების გადასახადი მიიღონ, რომლის ოდენობასაც თავად განსაზღვრავენ.

მემორანდუმის ირგვლივ 11 სააგენტო გაერთიანდა:

  • Windfor’s
  • JWT Metro
  • HOLMES&WATSON
  • Switch Communications
  • ABK
  • Leavingstone
  • Bettrefly
  • Saatchi & Saatchi
  • branding.ge
  • Live Branding
  • W-forte

მემორანდუმზე ხელის მოწერა და ასოციაციაში გაერთიანება როგორც ACAG-ის წევრ, ისე არაწევრ სააგენტოებს შეუძლიათ.  ACAG-ში თვლიან, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც ყველა წამყვანი საკომუნიკაციო სააგენტო შეუერთდა, სარეკლამო სფეროს განვითარებისთვის მორიგი წინგადაგმული ნაბიჯია.

ლაშა მონასელიძე

ლაშა მონასელიძე

ACAG-ის მარკეტინგის მენეჯერი, ლაშა მონასელიძე: -„სამწუხაროდ, წარსულში საკომუნიკაციო სააგენტოებსა და დამკვეთებს შორის ურთიერთობის საკმაოდ ცუდი პრაქტიკა არსებობდა. დამკვეთს შეეძლო, გარკვეული შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა რამდენიმე სააგენტოსთვის, მოეწყო ღია, ან ფარული ტენდერი, მიეღო სააგენტოსგან გარკვეულ ეტაპამდე დამუშავებული პროექტი და ამის შემდგომ აერჩია ის სააგენტო, რომელთანაც განაგრძობდა მუშაობას, ან უარი ეთქვა ყველა მათგანისთვის. ამ პროცესში არ იყო გათვალისწინებული იმ დროის და ენერგიის, მატერიალური, თუ არამატერიალური რესურსის ანაზღაურება, რომელსაც წევდა სააგენტო იმის მიუხედავად, შეირჩეოდა, თუ არა მისი პროექტი.“

ეკა ყიფიანი

ეკა ყიფიანი

JWT Metro- კრეტივ დირექტორი ეკა ყიფიანი დამკვეთის მხრიდან წარსულში მომხდარ მსგავს შემთხვევებს იხსენებს: -„იყო შემთხვევები, როდესაც წინასწარი ანაზღაურების გარეშე შეგვისრულებია დიდი მოცულობის სამუშაოები ახალი დამკვეთებისთვის. მომხდარა ისეც, რომ ნაშრომი დაუკითხავად გამოუყენებიათ, ან საერთოდაც აღარ განუხორციელებიათ პროექტი.  მსგავსი შემთხვევები იწვევდა გუნდის დემოტივაციას და გარკვეულ უნდობლობას ახალ დამკვეთებთან მიმართებით.

ჩვენ და სხვა სარეკლამო კომპანიებმაც დავიწყეთ ამ რისკის მენეჯმენტი და მივედით მემორანდუმის გაფორმების ეტაპამდე. კარგი სააგენტოს მთავარი შემოსავალი ინტელექტუალური/საკონკსულტაციო საქმიანობაა. მეტი შემოსავლის მიღების მიზნით, მან უნდა გაზარდოს ასეთი მომსახურების სარგებელი, ხარისხი და ფასეულობა. ეს კი, არამარტო ინდუსტრიისთვის, არამედ ზოგადად საქართველოს ბიზნესისთვისაა კარგი.  სწორედ ამას შეუწყობს ხელს ეს ხელშეკრულება.“

ვატო-ქავთარაძე

ვატო ქავთარაძე

Windfor’s Communication-ის დამფუძნებელი, ვატო ქავთარაძე ფიქრობს რომ, მსგავსი ფორმით ურთიერთობა ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს: „მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოები დაცულები იქნებიან არაკეთილსინდისიერი დამკვეთისგან და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტი, ან რამე იდეა არ დაიკარგება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამკვეთისა და სააგენტოს ურთიერთობა უფრო ჯანსაღი და გამჭვირვალე გახდება. სარეკლამო ინდუსტრია სწორედ სააგენტოების მიმართ დამკვეთის კეთილსინდისიერ მიდგომაზე დგას.

დამკვეთიც უფრო ყურადღებით მოეკიდება პროცესს და უფრო დაკვირვებით შეარჩევს მისი პროექტისთვის შესაფერ სააგენტოსა და სასურველ პროექტს. ამგვარი ურთიერთობის ფონზე ყველა უფრო ჩართული და მოწადინებული იქნება საერთო შედეგის მისაღებად.“unnamed

 

განხილვა