in

11 მითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ

“ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, სხვების ჩარევა არ მჭირდება”

წარმოგიდგენიათ ცხოვრება თქვენი სმარტფონის გარეშე?

pasha-statiebi
pasha-statiebi

დიახ, ბევრ ჩვენგანს ნამდვილად არ შეუძლია. ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებული, დაწყებული ადგილმდებარეობის გარკვევით, დამთავრებული დღიური ნაბიჯებისა და გულისცემის სიხშირის დათვლით. ჩვენმა “Hey, Siri” კულტურამ ეფექტურობისა და ქმედითობის გათანაბრება გამოიწვია – და ეს მნიშვნელოვნად ცვლის ინფორმაციის დამუშავების პროცესს. 

მიუხედავად იმისა, რომ Siri, Alexa და Google რაიმე დაწესებულების პოვნას შესანიშნავად ართმევს თავს, მათი გამოყენება კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების დროს ნაკლებად სასურველია. მიზეზი კი ერთია – ისინი ხელს უწყობს კონტრპროდუქტიულ იდეებსა და რეაქტიულ ქცევებს, რაც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას უშლის ხელს. 

მაგალითად, ვთქვათ, მანქანის შეძენა გსურთ. Siri-ს და Google-ს შეუძლია, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ მანქანისა და ამჟამინდელი სესხის პროცენტის შესახებ. თუმცა საძიებო სისტემამ არ იცის რატომ ყიდულობთ მანქანას, რისთვის გსურთ მისი გამოყენება და რა გავლენა ექნება ამ შესყიდვას თქვენს ბიუჯეტზე. მოკლედ რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება თქვენი საჭიროებების, ღირებულებებისა და მიზნების მკაფიო გააზრების შედეგად უნდა მიიღოთ. 

11 მითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ

შერილ შტრაუსი, Decisive-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 20 წლის განმავლობაში იკვლევდა გადაწყვეტილების მიღების საკითხს და შედეგად 11 ძირითადი კონტრპროდუქტიული მითი გამოავლინა, რომლებიც ზიანს აყენებს გადაწყვეტილების მიღების უნარს:

1. მომწონს, როდესაც ქმედითუნარიანი ვარ. ზოგიერთ ჩვენგანს მიაჩნია, რომ ქმედითუნარიანობა გადაწყვეტილების სწარაფად მიღებაში გამოიხატება. რეალურად კი, უკეთ უნდა განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა საკითხის გადაჭრა გვსურს. სიჩქარემ, შესაძლოა, არასწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს, რაც საბოლოოდ სინანულს გამოიწვევს. მაგალითად, როდესაც რაღაც ნივთს დაუფიქრებლად ყიდულობთ, უნდა გქონდეთ იმის სავარაუდო მოლოდინი, რომ იმედგაცრუებული დარჩებით – იქნებ, ეს ის არის, რისი მოშორებაც უნდოდა გამყიდველს და სრულიად არ შეესაბამება თქვენს საჭიროებასა თუ ბიუჯეტს.

2. მე ძალიან დაკავებული ვარ. ფიქრი, რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება უფრო მეტად გაანალოზოთ, არასწორია. არ შეიძლება, დროის ფაქტორის გამო უარი თქვათ ლოგიკურ, რაციონალურ ფიქრზე. ამ დროს, უმჯობესია, პროცესი “დროში გაწელოთ”. ასე დროს აუცილებლად დაზოგავთ მოგვიანებით, ახლა კი, ხარისხიანად დახარჯავთ.

3. ეს პრობლემა ახლავე უნდა მოვაგვარო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრობლემის გადაჭრის სურვილით იმდენად ხართ შეპყრობილი, რომ ვეღარ ფოკუსირდებით ობიექტურ გადაწყვეტაზე. მაგალითად, როდესაც მანქანა გაგიფუჭდებათ და სასწრაფოდ ყიდულობ ახალს, რამდენად ითვალისწინებთ თქვენს რეალურ საჭიროებებს.

4. ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, სხვების ჩარევა არ მჭირდება. მსგავსი მიდგომა ხელს გიშლით უფრო მასშტაბურად აღიქვათ მოვლენა. გაითვალისწინეთ, შეიძლება, მხოლოდ თქვენ არ იყოთ ის ადამიანი, ვისზეც აღნიშნული პრობლემა ახდენს გავლენას. მაგალითად, ნამდვილად გსურთ მექანიკური ტრანსმისიის მქონე მანქანის შეძენა, როდესაც თქვენს მეუღლეს მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფის გამოყენება შეუძლია?

5. მე ვიცი, რომ მართალი ვარ. მხოლოდ მონაცემების ან რაიმე მოსაზრების მიღება მსურს საკუთარი აზრის განსამტკიცებლად. ე. წ. “დასტური მიკერძოება” ხშირად არის წარუმატებელი შედეგის მიზეზი. არის შემთხვევები, როდესაც დამადასტურებელი ფაქტების არსებობის მიუხედავად, ჯგუფური აზრი იმარჯვებს. ამიტომ, უმჯობესია, ვითარების მსგავსი მაგალითები მოძებნოთ და გააცნობიეროთ, ზუსტად რა ხარვეზები ახლდა ამ სიტუაციებს. ეს მიდგომა დაგეხმარებათ, ჩამოშალოთ ჩარჩოები და დაინახოთ ის, რისი დანახვაც არ გსურთ.

6. მე მჯერა ჩემი გამოცდილების. შესაძლოა, თქვენ ყოველდღიურად ასრულებდეთ რუტინას, რომელიც სტასტიკურად ყოველთვის ამართლებს და გამოცდილების საფუძველზეც იცით, რომ არასდროს მოიტანს ცუდ შედეგს. თუმცა გვერწმუნეთ, ეს არასწორი მიდგომაა. ამის ნაცვლად, აუცილებელია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ღია შემეცნებითი სივრცის გამოკვლევით მიიღოთ. თავის მხრივ, ეს საშუალებას მოგცემთ, ახალი ინფორმაცია და გამოცდილება დააგროვოთ.

7. გადაწყვეტილებების მიღება ხაზოვანია. რეალურად, კარგი გადაწყვეტილებების მიღება ცირკულარულია. ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს უკუკავშირი სჭირდება. ზოგჯერ აუცილებელია, უკვე კარგად გააზრებული საკითხიც სხვაგვარად შევაფასოთ და ვიმოქმედოთ. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ, მოსალოდნელ შედეგზე ბევრად უკეთესიც კი მიიღოთ.

8. შემიძლია, ჩემს იდეებს კარგად მოვუყარო თავი. დიდი გადაწყვეტილებები მრავალი უფრო მწცირე გადაწყვეტილებისგან შედგება. როდესაც ვცდილობთ, გონებაში ყველა ეს “მოძრავი ნაწილი” დავიმახსოვროთ, საბოლოოდ გაუმართავ მეხსიერებას და გაფანტულ გონებას ვიღებთ. ამან, შესაძლოა, ჩვენს ემოციებზეც ნეგატიური გავლენა იქონიოს – მიკერძოებული აზროვნება ჩამოაყალიბოს. ამიტომაც ჩანაწერის წარმოება აზროვნებისა და ანალიზის მნიშვნელოვანი ნაწილია. თან გახსოვდეთ, ალბერტ აინშტაინი და ლეონარდო და ვინჩიც აწარმოებდნენ ჩანაწერებს. მერე რა რომ ყველანი მათსავით გენიოსები არ ვართ?!

9. მე ყველა საჭირო ინფორმაცია მაქვს. როდესაც გსურთ, წინსვლა განიცადოთ და გააუმჯობესოთ თქვენი გადაწყვეტილებები, უმჯობესი იქნება, თუ მცირე მიმოხილვას ჩაატარებთ, დაუშვებთ სხვადასხვა ვარაუდს ობიექტური მტკიცებულებებით. შესაძლოა, თქვენს საუკეთესო მეგობარს უყვარდეს თავისი მანქანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენთვისაც შესაფერისია.

10. შემიძლია, რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღო. ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, არც ერთი ჩვენგანი არ არის რაციონალური. ჩვენ ყველანი მიკერძოებულობის პრინციპით ვმოქმედებთ და ამას ვერ გავექცევით.

11. ამის გასაკეთებლად მხოლოდ ერთი გზაა. გახსოვდეთ, ნებისმიერი შედეგის მისაღებად, ყოველთვის ერთზე მეტი გზა არსებობს. თუმცა ეს ხშირად გვავიწყდება, რადგან უმეტესწილად უკვე კარგად ცნობილი და ნაცადი მეთოდებით ვიფარგლებით. ამიტომ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რუტინული ქმედებების მიღმა სხვა პერსპექტივებიც არსებობს.

შეისვენეთ 

ამ მითების საფუძველს სამი გავრცელებული და პოპულარული იდეა წარმოადგენს: პირველი – როგორც დაკავებული ადამიანები, დიდ დროს ვერ დავუთმობთ გადაწყვეტილების მიღებას; მეორე – ჩვენ რაციონალური ადამიანები ვართ და ობიექტურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ; და მესამე – გადაწყვეტილების მიღება პირადი არჩევანია და სხვა არ უნდა ჩაერიოს. 

სამივე მაგალითი მცდარი და პრობლემურია. ჩვენ ნამდვილად არ ვართ კომპიუტერები. ჩვენ ვართ სოციალური არსებები, რომელთაც დრო სჭირდებათ ყველაფრის ობიექტურად აღსაქმელად და გადაწყვეტილების მისაღებად.

ამ პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა ფიქრის პროცესის შენელებაა – სტრატეგიული გაჩერება, რომელიც ანალიზის დროს მოგცემთ. შენელებული ნაბიჯები ეფექტურობის გაუმჯობესების წინაპირობაა. შერილ შტრაუსი ამ სტატეგიულ გაჩერებებს “ავაზას პაუზას” უწოდებს. ეს ავაზას ნადირობის უნარს უკავშირდება – მას სწრაფად შეუძლია შენელება და სწორედ ამიტომ არის საშიში მონადირე, რადგან მსგავსი ტექნიკა ცხოველს მკვეთრი მოძრაობების საშუალებას აძლევს. 

სტატიაში მოცემულია ხუთი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ე. წ. “ავაზას პაუზის” დროს:

  1. გადაწყვეტილების მიღებისას, რომელ მითებს ვეყრდნობი?
  2. როგორ მიმიყვანს ეს გადაწყვეყილებები ჩემს მიზნებამდე?
  3. რამდენად უკავშირდება ჩემი გრძნობები ამ გადაწყვეტილებას? თუ ისინი ჩემი ძველი გამოცდილებით არის განპირობებული?
  4. რა ინფორმაცია არსებობს მსოფლიოში, რომელიც უფრო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარება?
  5. როგორ შემიძლია, უკეთ გავაცნობიერო მათი აღქმა და პერსპექტივა, ვისაც ასევე ეხება პრობლემა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება?

შემდეგ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღებას იჩქარებთ, გამოიყენეთ სტრატეგიული პაუზა. ეს ნათელი ნიშანი უფრო დიდი სურათისა და ობიექტურობის დანახვაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, სწორი გადაწყვეტილება სოწი შედეგია.

წყარო: HBR



რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, თუკი დამსაქმებელი კომპანია მუდმივ დისტანციურ სამუშაოზე გადადის?

გამოფენა, რომელსაც ყოველ ღამით ვხედავთ ქალაქში – Flit Pro-ს ვიდეორგოლი