მალე, საქართველოში, პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანას ააწყობენ. პროექტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ და ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი” ახორციელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სამუშაოები უკვე დაწყებულია. საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს. მხარეებს შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში, ვენაში გაფორმდა.
„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, “DELTA”-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.
როგორც სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტას” გენერალური დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი ამბობს, საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულიად დააკმაყოფილებს.
პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა ქუჩებში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გამოჩნდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებასაც გეგმავს.