12
თებ
2018

112-მა მობილური აპლიკაცია წარადგინა! 3 გზა გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დასაკავშირებლად

12 თებ 2018

112-ის დღესთან დაკავშირებით, 112-ის დეპარტამენტმა საზოგადოებას მობილური აპლიკაცია წარუდგინა, რომლის დახმარებითაც, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება, 3 ალტერნატიული მეთოდის გამოყენებით, დაუკავშირდეს გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრს. აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირების პრაქტიკა მხოლოდ 13 ქვეყანაშია დანერგილი, მათგან მიმართებაში, ქართული აპლიკაციის ინოვაციურობა მის სამენოვნებაში მდგომარეობს, იგი ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და მორგებულია როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების საჭიროებებზე. როგორც 112-ში აღნიშნავენ, აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა: ჩუმი განგაშის გაგზავნა (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). რა დროს უნდა გამოვიყენოთ აპლიკაციის ფუნქციები და როგორ შეიქმნა იგი – ამ საკითხებზე მარკეტერი 112-ის დირექტორის მოადგილეს – მაია გიორგაძეს ესაუბრა:

M: კონკრეტულად, რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 112-ის აპლიკაციის ძირითადი 3 ფუნქცია?
SOS – ჩუმი განგაშის ღილაკი გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანს არ შეუძლია განახორციელოს ზარი 112-ში, თუმცა, მას ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება. ეს შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობა ან გატაცების ფაქტი. ამ შემთხვევაში, ღილაკზე ერთი დაჭერით, შემოდის ზარი 112-ის ოპერატორთან და მაშინვე იგზავნება საპატრულო ეკიპაჟი მითითებულ ლოკაციაზე. ლოკაციას ვხედავთ მხოლოდ იმ სემთხვევაში, როცა GPS სერვისი არის გააქტიურებული. მეორე ფუნქცია – მოკლე ტექსტური შეტყობინება- ჩატი, გამოიყენება მაშინ, როდესაც არ შეუძლია გაჭირვებაში მყოფ ადამიანს დარეკოს 112-ის ცენტრში, თუმცა, ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება და აქვს საშუალება, მიმოწერის სახით დაამყაროს კონტაქტი ოპერატორთან, ისაუბროს ინციდენტის ტიპზე, იმაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდება და ა.შ. სურვილისამებრ, იქვე არის ღილაკი, რითაც კოორდინატებს გზავნი ოპერატორთან. მესამე საკომუნიკაციო არხი არის ზარი 112-ის ოპერატორთან. ეს სამი სერვისი მიმართულია იქითკენ, რომ შეამციროს ადგილზე მისვლის დრო, რათა კიდევ უფრო ოპერატიულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებელს.

M: რით განსხვავდება 112-ის მობილური აპლიკაციის ზარი ჩვეულებრივი ზარისგან?
მობილური აპლიკაციით განხორციელებული ზარის შემთხვევაში, 112-ის ოპერატორი ხედავს მოქალაქის ადგილსამყოფელს და ოპერატიულად აგზავნის ამ მისამართზე შესაბამის სამსახურს. ლოკაციის დადგენა კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მაშინ, თუ მობილურზე ჩართულია GPS ფუნქცია.

M: ვინ იყო ჩართული აპლიკაციის შექმნის პროცესში და რა მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა იგი?
აპლიკაციის შექმნაში ჩართული იყვნენ 112-ის პროგრამისტები, რომლებმაც მუშაობდნენ საზოგადოების გარკვეული წრეების ჩართულობით, მათ შორის, სტუდენტებისა და სხვადასხვა დარგის ექსპერტების დახმარებით, რომელთა გამოცდილებაც აუცილებელი იყო. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე ყოფილიყო აპლიკაციის შექმნის პროცესი, რადგანაც, ჩვენი მიზანია, ჩვენ ვუპასუხოთ ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებს და მათ იგრძნონ თავი კიდევ უფრო დაცულად და იმედიანად, სწორედ მაშინ, როცა წამები მართლა ასეთი გადამწყვტია. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო დივერსიფიცირებული საკომუნიკაციო არხები, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ აღნიშნული აპლიკაცია არ ანაცვლებს უკვე არსებულ არხს და არის ალტერნატიული არხი.

 

112-ის აპლიკაცია უფასოა, აქვს როგორც აქვს iOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

განხილვა