9
Oct
2017

ონლაინ მაღაზია Geofashionlab -30 ქართველი დიზაინერის ნამუშევარი 170 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი

9 Oct 2017

Startauperi
Startauperi


ქართველი დიზაინერები, მსოფლიო მასშტაბით, იქცევენ მოდით დაინტერესებული ადამიანების ყურადღებას. დემნა გვასალიასა და დევიდ კომას წარმატებამ ინტერესი გაზარდა ქართული მოდის ინდუსტრიის მიმართ. Geofashionlab – ქართული მოდის ლაბორატორია არის ცნობილი და დამწყები 30 ქართველი დიზაინერის ნაწარმის ონლაინ მაღაზია. ვებგვერდი ერთი თვეა ფუნქციონირებს და მას ეტაპობრივად ემატება სხვადასხვა დიზაინერის ნამუშევარი. მოდის ლაბორატორიის მიზანია ქართველი ხელოვანების ნამუშევრები გააცნოს მსოფლიოს და ასე გამოიწვიოს ქართული მოდის გლობალურ ბაზარზე ინტეგრირება. როგორც საიტის შემქმნელი – მაკა ხუციშვილი ამბობს, პირველი შეკვეთა უკვე გაიგზავნა იაპონიაში, Makkine-ს ხაზიდან, რომელიც  კომპანია „ატაში“ შეიკერა, არის დაინტერესება კანადიდან და საფრანგეთიდანაც. Geofashionlab-ის კონცეფცია ექსკლუზიურობას ეყრდნობა. საიტზე განთავსებული პროდუქციის მიტანა მომხმარებლამდე, საქართველოს მასშტაბით, უფასოა, საზღვარგარეთ კი, 170-მდე ქვეყანაში, მოქმედებს 2 ტიპის საფოსტო მომსახურება. როგორია Geofashinlab-ის კონკურენტული უპირატესობა სხვა ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში და იგეგმება თუ არა ახალი ქართველი დიზაინერების ნაწარმის წარმოჩენა ვებგვერდის მეშვეობით – ამ საკითხებზე ონლაინ მაღაზიის შემქმნელი – მაკა ხუციშვილი გვესაუბრა:

M: რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმენით Geofashinlab?
ონლაინ მაღაზიის იდეა 8 თვის განმავლობაში მუშავდებოდა, რადგანაც ეს საკმაოდ ბევრ თემას მოიცავს. 2017 წელი ნამდვილად გარდამტეხი იყო – უნდა ჩამოვყალიბებულიყავი და ამ კონკრეტულ პროექტში თავი მომეყარა მთელი ჩემი გამოცდილებისა და ყველა უნარისათვის. მაქვს 7 წლის ბიზნეს გამოცდილება  სამკაულებისა და აქსესუარების კუთხით, ამავდროულად, მქონდა სამკერვალო სალონი და მაქვს 6 წლის გამოცდილება ამ სფეროში. ვიზაჟი, ფოტოგრაფია, ასევე  ე.წ. ,,სთაილინგი“ კი  წლების განმავლობაში მიტაცებდა. სპეციალობით ანგლისტი ვარ და ენის ცოდნა ძალიან მეხმარება საჭირო ინფორმაციის მოძიებასა თუ უცხოელებთან ურთიერთობაში. უამრავი ხალხი მიდგას გვერდით. ვთვლი, რომ ეს მხოლოდ სტარტაპი არ არის, როცა ამ საქმით პატარა წვლილი შეგვაქვს ქართული კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში. თითოეული ადამიანის წვლილს ვაფასებ.

M: როგორი იყო იდეის რეალობად ქცევის ეტაპები და როგორი იქნება Geofashinlab-ის განვითარებისთვის გადადგმული შემდეგი ნაბიჯები?
იდეის განვითარებამდე იყო 8 თვიანი პროცესი, საკუთარ თავზე მუშაობის, მასალის ძიების, მიზნის დასახვის, დაგეგმვის და შემდეგ, მოქმედებაში მოყვანის. ჩემთვის მთავარია, მქონდეს გამოკვეთილი მიზანი, ამ დროს შემიძლია ყველა კარზე დავაკაკუნო და ადამიანებს ჩემი ენთუზიაზმი გავუზიარო, მოტივაციას მაძლევს უამრავი სინქრონიზაცია, რომელიც გზაზე მხვდება და ეს მართლა საოცარი შეგრძნებააბოლო 4 წელი გარდამავალი პერიოდი იყო, თუმცა ეს იყო ის გასავლელი გზა, რამაც საბოლოო ჯამში, მიმიყვანა იმ იდეამდე, რომ შემექმნა Geofashionlab. პროცესი მოიცავდა, გადაღებებს, შეხვედრებს, შეკვეთების შესრულებასდიზაინერებთან ურთიერთობას, სთაილინგს, მარკეტინგს სოციალურ ქსელებში, ვებგვერდის მართვას და ასე შემდეგ. თემა დიდია, თუმცა ძალიან საინტერესო. კარგად მაქვს გააზრებული, რომ „მალტიტასკინგი“ მხოლოდ გარკვეული პერიოდია დასაშვები, ამიტომ საქმის დელეგირება და გუნდის შექმნა, ამჟამად, ჩემი შემდეგი ნაბიჯია.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე მომხმარებელი და რა სიახლეს სთავაზობთ მათ?
რადგანაც ორი – პრემიუმ და ეკონომ ხაზი გვაქვს, ვებგვერდი ორი სეგმენტის მომხმერებელზეა გათვლილი. სამწუხაროდ, საქართველოში ქსოვილი არ იწარმოება, თუმცა ეს, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ ჩვენთან შექმნილი კოლექციები ლიმიტირებულია და შესაბამისად, ექსკლუზიურიც, რაც უცხოელ მომხმარებელს განსაკუთრებით იზიდავს. სწორედ ამას ეყრდნობა ჩვენი საიტის კონცეფცია – ექსკლუზიურობას და არა – მასიურობას.

M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში? რა დამატებით სერვისებს სთავაზობთ
ვებგვერდი აგებულია Microsoft asp.net.core უახლეს ტექნოლოგიაზე. იგი ორენოვანია და მორგებულია როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ მომხმარებელზე. გვაქვს ორენოვანი ბლოგი, სადაც გაეცნობიან უახლეს მოდის ტენდენციებს, დაიწერება ქართველ დიზაინერებზე, ფოტოგრაფებზე, მოდელებსა თუ მხატვრებზე. სულ ახლახან,  ვებგვერდს დაემატა ახალი სერვისი – ონლაინ ჩატი, რომელიც გაუადვილებს მყიდველს ყიდვის პროცესს და სწრაფად გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვაზე.

M: რომელი ქართველი დიზაინერების კოლექციების შეძენა შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი მაღაზიის მეშვეობით?
Geofashionlab-ის დიზაინერები არიან როგორც საქართველოში მოღვაწე დამწყები, ასევე, საზღგვარგარეთ მოღვაწე დიზაინერები: Kristina Jgenti, Eloshi, Shoesofrenia, U.G.L.Y,  Tiko Nebieridze, Salome Thabladze, Tamara Sujashvili, Ani DatukiSvili, Eka Balanchivadze, Blickwagner, Mariam QitesaSvili, Tako Dvalishvili და ა.შ. შეხვედრები და გადაღებები ისევ გრძელდება და დიზაინერთა სია გაიზრდება უმოკლეს დროში.

M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია? როგორ ცდილობთ გააგებინოთ ადამიანებს Geofashionlab-ის შესახებ?
აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს: google, facebook, Instagram მარკეტინგს, ორენოვან ბლოგს. Geofashionlab ეწევა ქართული ნაწარმის ექსპორტს, რაც ბუნებრივია,   ხელს შუწყობს როგორც ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ასევე, ტურიზმისა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას. სოციალურ  ქსელებში ძიების გასამარტივებლად ვიყენებთ ჩვენს სავიზიტო ჰეშთეგებს: #Weargeorgian, #exploregerrgia, #georgiaonmymind.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და პერსპექტივები?
მომავალში იგეგმება Geofashionlab-ის youtube არხის შექმნა, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო პროექტი ტურიზმის განვითარების კუთხით. ასევე, გეგმაშია მოდის ტურები ქართველი დიზაინერების შოურუმებში.

განხილვა