31
Jan
2019

ძალიან წარმატებული ადამიანების 13 ჩვევა

31 Jan 2019

იმისთვის, რომ ყოველდღიურად უფრო პროდუქტიულები იყოთ, გჭირდებათ ისწავლოთ ყოველი წუთის ეფექტურად გამოყენება. სწორედ ამიტომ, გვინდა გიამბოთ იმ ჩვევებზე, რომლებსაც ძალიან წარმატებულები ყოველდღიურად იყენებენ.

statiebi-bog
statiebi-bog

 

იპოვეთ თქვენი მიზანი და მიეცით მას თქვენი გზის გაკვალვის საშუალება

კონკრეტული მიზნის ცოდნა თავდაჯერებულად ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. მიზნის გაცნობიერებას მოაქვს კმაყოფილების შეგრძნება, რადგან ვიცით, რას ემსახურება ჩვენი არჩევანი და ქმედება. არ აქვს მნიშვნელობა, დიდია მიზანი თუ პატარა, მთავარია დაწეროთ, განსაზღვროთ და ყოველდღიურ მანტრად აქციოთ, – გვირჩევს დაგ ბლუმი, ამერიკული ორგანიზაციის TIGER 21 თავმჯდომარე.

დაამყარეთ კავშირები

“ადამიანები სოციალური არსებები ვართ. თვითნაბადი მიდრეკილება გვაქვს ურთიერთობებისკენ ნებისმიერ დროსა და ადგილას. ამიტომ, ყოველდღიურად გავდივარ ოფისიდან, რომ შევხვდე სხვადასხვა საინტერესო ადამიანს, აღმოვაჩინო შესაძლებლობები, დავამყარო პარტნიორული ურთიერთობები, ვისწავლო ახალი, გამოვხატო საკუთარი თავი. ურთიერთობებს ვეძებ ყველგან – კაფეშიც და თვითმფრინავშიც. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ურთიერთობები ბიზნესის სტიმულირებაში მეხმარება და ურთიერთობების გასამყარებლად პირადი შეხვედრა საუკეთესოა.”

ადამ ჯივანი, Spring Labs-ის დამფუძნებელი. მისი ბლოკჩეინ სტარტაპი 2018 წელს $15.75 მლნ-ით გაიზარდა.

გამოიმუშავეთ ჩვევა, სახელად SAVERS

“ახლა ჰალ ელროდის წიგნს ვკითხულობ, სახელწოდებით The Miracle Morning, სადაც მოცემულია აბრევიატურა SAVERS. SAVERS მოიცავს რამდენიმე პუნქტს: Silence (meditation), Affirmations, Visualization, Exercise, Reading, and Scribe (journal), ანუ სიჩუმე (მედიტაცია), აფირმაციები, ვიზუალიზაცია, ვარჯიში, კითხვა და წერა. ყოველ დილით მედიტაციას 10 წუთს ვანდომებ, შემდეგ, 5 წუთის განმავლობაში ვიმეორებ ჩემს აფირმაციებს, 5 წუთს ვიზუალიზაციის ვარჯიშს ვუთმობ, 10-15 წუთს ვკითხულობ, შემდეგ 10 წუთის მანძილზე ვწერ დღის განრიგს.”
კრისტა მორგანი, P2Binvestor Inc-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც $13 მლნ-ზე მეტი კაპიტალი მოიზიდა.

გაეცანით ინდუსტრიის სიახლეებს და შემდეგ, ივარჯიშეთ

“ყოველდღიურად, 30 წუთს ვუთმობ ჩემთვის მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობას. სანამ სამუშაო წერილები მოვა, უბრალოდ, ვათვალიერებ, ინდუსტრიის ამბებს ვუღრმავდები. შემდეგ, ვვარჯიშობ. მთის ბაიკერი ვარ, ამიტომ კვირაში რამდენჯერმე ამით ვარ დაკავებული. შემდეგ, შხაპს ვიღებ და ვსაუზმობ. ოფისში ბიზნეს ინტელექტისთვის განკუთვნილი პროგრამით DOMO ვვარჯიშობ. ყოველივე ეს ფიზიკურად და მენტალურად მაძლიერებს, რომ წინ წავიდე.”

დრიუ ედუარდსი, Ingo Money-ის დამფუძნებელი. ის თანამშრომლობს შემდეგ კომპანიებთან: Visa, PayPal, KeyBank და Safelite.

შაბათ-კვირაობით, გაათავისუფლეთ ინბოქსი

“ელექტრონულმა მიმოწერამ შეიძლება დიდი დრო წაგართვათ. კვირა დღეს ვპოულობ დროს, წინასწარ ვწერ წერილებზე პასუხს, რომ ორშაბათ დილას მათ გასაგზავნად მხოლოდ ღილაკის დაჭერა იყოს საჭირო. ეს მეხმარება უფრო ნაკლებად დაძაბულმა დავიწყო ახალი კვირა და გუნდს შაბათ-კვირისთვის არ მოვუტოვო საქმე.”
ისააკ ოუთსი, Justworks-ის დამფუძნებელი. მას აქვს HR ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აშშ-ის 50 შტატში 60,000-ზე მეტ დასაქმებულს ეხმარება.

მოითმინეთ ხანმოკლე ტკივილი გრძელვადიანი მიზნისთვის

“ყველა ცხოვრებისეული გადაწყვეტილება ერთ კითხვამდე მიდის, შეგიძლია მოითმინო ხანმოკლე ტკივილი გრძელვადიანი მიზნისთვის? ადამიანების უმეტესობა კონცენტრირებულია მოკლევადიან მიზანზე, სწორედ ამიტომაც ღებულობენ გრძელვადიან ტკივილს. ისინი, ვინც შორს იყურებიან, მზად არიან აიტანონ ტკივილი ახლა და შემდეგ მიიღონ შედეგი.”
მარტი პურანიკი, Atlantic.Net-ის დირექტორი. ის ემსახურება 15.000-ზე მეტ ბიზნესს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

ისწავლე რამე ახალი, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ

“ყოველდღე, სანამ ჩემი შვილები გაიღვიძებენ, სასახურში მზადების პერიოდში, მაქვს ნახევარი საათი, რომ სიახლეებს გავეცნო. ვცდილობ, კარგად გამოვიძიო თემა, რომელსაც არ ვიცნობ. სიახლის განხილვა და მასზე ფიქრი ჩემს ცნობისმოყვარეობას ზრდის და თვალსაწიერს აფართოებს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ხშირად, ყოველივე ეს ახალი აღმოჩენების დასაწყისია ხოლმე.”
ჯონათან ჩერკი, Contentsquare-ის დამფუძნებელი. მისი კაპიტალი 2018 წელს $42 მლნ-ით გაიზარდა.

ადაპტირდი გარემოსთან

“ვფიქრობ, ადამიანისსთვის მნიშვნელოვანია, გარემოსთან ადაპტირება. არ აქვს მნიშვნელობა, მილიარდ დოლარიანი კომპანია გაქვთ თუ ოპერატორად მუშაობთ, მჯერა, რომ თქვენი მომავალი თქვენს უნარებზეა დამოკიდებული. აუცილებლად გადადეთ დანაზოგი ან ინვესტიცია თქვენი შემოსავლიდან.”
დევიდ კილბი, FinFit-ის დირექტორი. ფინანსურ მომსახურებას უწევს 125.000-ზე მეტ კლიენტს.

მოეშვი სრულყოფას

“რაღაც საქმისთვის ღირებულების მიცემა მაცდური რამაა. თუმცა, არის ეს თქვენი დროის გამოყენების საუკეთესო გზა? რა თქმა უნდა, პროდუქტის გაუმჯობესებაზე ზრუნვა უფრო ადვილია, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ ის საკმარისად კარგია და ახლა სწორი პარტნიორი და გავრცელების გზების პოვნაა საჭირო.”
კონ ლეონგი, ZL Technologies-ის დამფუძნებელი.

იკითხე წიგნები და სტატიები

“კვლევები გვიჩვენებს, რომ რაც მეტს კითხულობთ, მით მეტი შანსი გაქვთ წარმატებისთვის. როდესაც პირადი და პროფესიონალური ზრდის წყურვილი გაქვთ, უფრო სწრაფად ახერხებთ ამას. აიღეთ ერთი კონკრეტული დეტალი წიგნიდან ან სტატიიდან და უბრალოდ, გამოიყენეთ. ამ ჩვევამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალზე.”
ნიკოლ მიდენდორფი, Prosperwell Financial-ის დამფუძნებელი, $160 მლნ დოლარის აქტივით.

დაიწყეთ დღე მადლიერებით

“ძალიან ადვილია დეტალებში ჩაძიების გამო უფრო ვრცელი ხედვის დაკარგვა. ყოველდღიურად დაკავდით იმ საქმით, რაც ლიდერად გაგზრდით. მე ყოველ დღეს ბიბლიის კითხვითა და მედიტაციით ვიწყებ. შემდეგ ვუსმენ რაიმე შთამაგონებელს, ვვარჯიშობ და დამდეგი დღისთვის ვემზადები. ყოველ დილას, კალენდრის დასაწყისში ვაწერ წლის სამ მიზანს.”
რობინ კოცინა, Media Relations Agency-ის დირექტორი.

დაწერეთ ჩეკ-ლისტი

“გასაკეთებელი საქმეების დაწერის ჩვეულება ამშვიდებს, რადგან საქმეების რაოდენობა უფრო ცოტა ჩანს ქაღალდზე, ვიდრე თავში. სია ასევე გვეხმარება, დავინახოთ პრიორიტეტები და თანმიმდევრობა. ხოლო შესრულებული საქმის სიიდან წაშლა ერთი დიდი სიამოვნებაა.”
ტრეისი უელსონ-როსმანი, ორგანიზაცია TechGirlz-ის დამფუძნებელი, რომელიც ათასობით გოგონას ტექნოლოგიური კარიერის დაწყებაში ეხმარება.

ეძებეთ მკაცრი შეფასებები

“გუნდის წევრებს ყოველდღიურად ვთხოვ, მითხრან რაიმე ისეთი, რისი გაგონებაც არ მინდა. მსურს ვიცოდე მათი მღელვარების ნამდვილი მიზეზი. ეს მაძლევს საშუალებას, ღრმად ჩავიხედო ორგანიზაციაში, დავინახო ის, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. ასე ჩემი, როგორც ლიდერის ქმედება უფრო ეფექტური გამოდის.”
ჯენიფერ ტეშერი, Center for Financial Services Innovation (CFSI)-ის პრეზიდენტი, ასობით ფინანსურ ორგანიზაციას, თანამშრომელსა და ინოვატორს აერთიანებს.

წყარო: inc



განხილვა