in

13 რჩევა YouTube-ზე სწორი პოზიციონირებისთვის

YouTube-ზე უკვე იმდენი არხი დაგროვდა, ნახვების მოგროვება, მით უფრო დამწყებ იუთუბერებს, ძალიან უჭირთ. თავიდან ვიდეოების ჩაწერა ცარიელ ოთახში საკუთარ თავთან საუბარს ჰგავს, რაც ხშირად მოტივაციის დაკარგვის მიზეზი ხდება.

სანამ საქმეზე ხელს აიღებთ და ყურებს ჩამოყრით, გაგიზიარებთ გამოცდილ და დადასტურებულ რჩევებს, თუ როგორ მიიღოთ მეტი ნახვა YouTube-ზე. 

1. უპირველესად, ფოკუსირდით საკუთარ იდეაზე

კარგი ხარისხის ვიდეოზე მეტად იუთუბზე მნიშვნელოვანია ის თემა, რომელსაც მაყურებელს აწვდით. უნდა იპოვოთ ბალანსი იმას შორის, რაც თან ნაცნობია და თან ახალი. უფრო რომ ჩავშალოთ, უნდა იპოვოთ თემა, რომელიც მათ ისედაც აინტერესებდათ, მაგრამ უნდა შესთავაზოთ ამ საკითხის თქვენეული, ორიგინალური მიწოდება, ის, რასაც არ ელოდებოდნენ.

2. შეხედეთ თქვენს YouTube არხს, როგორც ტელეშოუს

YouTube-ის ფლეილისტის ფუნქცია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მაყურებლის წასახალისებლად, რომ თქვენს ვიდეოებს მიყოლებით და თანმიმდევრულად უყურონ. თუმცა ამ ფლეილისტების სწორად გამოსაყენებლად საჭიროა სტრატეგიული მიდგომა და ვიდეოების თემატურად დალაგება.

კონტენტის სერიების შექმნა შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ აუდიტორია დაუბრუნდეს თქვენს გვერდს და გახდეს მუდმივი მაყურებელი.

3. ყურადღება მიაქციეთ ვიდეოს მთავარ ფოტოს (thumbnails) და სათაურს

YouTube არის სოციალური მედიის პლატფორმა, სადაც ვიდეოს უნდა დააწკაპუნოთ და უყუროთ. Facebook-ის, Instagram-ის ან TikTok-ისგან განსხვავებით, ვიდეო ავტომატურად არ ჩნდება თქვენს არხში. ამიტომ ისეთი ფოტო და სათაური უნდა შეურჩიოთ, რომ თქვენი ვიდეო შორიდანაც მიმზიდველად გამოიყურებოდეს და ადამიანს სურვილი გაუჩინოს, ნახოს რა შინაარსს სთავაზობთ.

4. დაამატეთ საკვანძო სიტყვები, ანუ keywords, თქვენს სათაურში, აღწერაში, ტეგებსა და სუბტიტრებში

მაყურებლები თქვენს ვიდეოებს ძიების, მთავარი გვერდის ან შემოთავაზებული ვიდეოების საშუალებით პოულობენ. ახალბედა YouTube-ერისთვის ალგორითმში მთავარ გვერდზე რანჟირება საკმაოდ რთულია, ამიტომ არ უნდა გამოტოვოთ საკვანძო სიტყვების კვლევის ეტაპი, რათა გაიგოთ, რას ეძებს თქვენი აუდიტორია და შემდეგ დაამატოთ ეს ტეგები თქვენს ვიდეოებში.

5. გვერდს ვერ აუვლით ტრენდებს

ტრენდული კონტენტი YouTube-ზე მეტი ნახვის მოსაპოვებლად ტრამპლინის როლს ასრულებს, განსაკუთრებით თუ ახალი არხი გაქვთ. ნებისმიერი სხვა სოციალური არხის მსგავსად, ტრენდულ კონტენტს ალგორითმი სათავეში აყენებს.

გამოიყენეთ Google Trends საკვანძო სიტყვების მოსაძებნად და ამ ტერმინზე ორიენტირებული ახალი ვიდეოს შესაქმნელად. მას აქვს კონკრეტულად „YouTube ძიება“, რათა ნახოთ, რომელი საკვანძო სიტყვები გამოგადგებათ პლატფორმაზე.

6. ჯვარედინი სტრატეგია

ეს ნიშნავს თქვენი ვიდეოების პოპულარიზაციას სხვა არხებზე. თუ გაქვთ სხვა სოციალური ქსელები, როგორიცაა Facebook, Instagram ან TikTok, გამოიყენეთ ისინი YouTube-ზე მეტი ნახვის მისაღებად. ჯვარედინი პოპულარიზაცია ერთ-ერთი უმარტივესი გზაა მეტი ადამიანის მოსაზიდად, ვისაც უკვე მოსწონს თქვენი კონტენტი და, სავარაუდოდ, გამოიწერს თქვენს არხს.

7. გრძელი ვიდეოები Shorts-ისთვის

დღეს YouTube-ის მაყურებლები YouTube Shorts-ს ისევე სიამოვნებით უყურებენ, როგორც გრძელ ვიდეოებს. Shorts გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას, მოკლე ვიდეოების მაყურებლები ერთგულ გამომწერებად გადააქციოთ. შესთავაზეთ პრომოვიდეო, ამოჭერით მნიშვნელოვანი მომენტი ვიდეოდან, ან გააკეთეთ სწრაფი კოლაჟი და განათავსეთ Shorts განყოფილებაში – დიდი შანსია, ამით ახალი გამომწერები შეიძინოთ.

8. ეთანამშრომლეთ სხვა კრეატორებს, რომლებსაც მსგავსი ნიშა აქვთ

თანამშრომლობა ახალი გამომწერების მოზიდვაში დაგეხმარებათ და თქვენს კონტენტს სიახლეს შემატებს. ამოარჩიეთ ისეთი იუთუბერი, რომელიც ნიშით გგავთ და შეიძლება თქვენი კონტენტის ერთმანეთთან გადაკვეთა, შესთავაზეთ მას საერთო ვიდეოების ჩაწერა პერიოდულობით და ნახავთ, რომ ეს თქვენს აუდიტორიას მეტად გაზრდის.

9. გამოიყენეთ YouTube end screens ფუნქცია

ეს ის კონტენტია, რომელსაც ვიდეოს ყურების დასასრულს YouTube აგდებს და სთავაზობს მაყურებელს. ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი სხვა ვიდეოების პოპულარიზაციისთვის. გადაამისამართეთ მაყურებლები იმაზე, თუ რას უნდა უყურონ შემდეგ თქვენს არხზე და დაეხმარეთ მათ მსგავსი ვიდეოების მარტივად პოვნაში.

10. ყურადღებით YouTube ანალიტიკასთან

თქვენი YouTube ანალიტიკა ეფექტურობის გაუმჯობესების გზების ოქროს საბადოა. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მონაცემებს:

  • დაწკაპუნების მაჩვენებელი (Click-through rate)
  • ყურების დრო (Watch time)
  • საიდან პოულობენ ადამიანები თქვენს ვიდეოებს
  • შეამოწმეთ, ზუსტად სად ჩერდებიან თქვენი მაყურებლები ყველაზე ხშირად

11. ჩართეთ თქვენი აუდიტორია პირველივე 30 წამში

პირველი 30 წამი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენი ვიდეოს საერთო შესრულებაზე, რადგან ნახვების დათვლა იწყება 30 წამის გასვლის შემდეგ. ვიდეოს დასაწყისი უნდა იყოს ლაკონიური, ემოციური და დამაინტერესებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაყურებელი უბრალოდ ასქროლავს მას.

12. დაპოსტეთ მაშინ, როცა თქვენი მაყურებლები ონლაინ არიან

ყურადღება მიაქციეთ პოსტვის დროს. გაარკვიეთ, როდის არიან ხაზზე თქვენი მაყურებლები და ეცადეთ, დაამთხვიოთ ვიდეოს ატვირთვა, რათა ახალი შეტყობინება პირდაპირ მათ თვალწინ გამოჩნდეს და გადმოვიდნენ სანახავად.

13. გახსოვდეთ – YouTube გრძელი გზაა

გულწრფელად რომ ვთქვათ, YouTube შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე რთული არხი იყოს განვითარებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ გრძელი ვიდეოკონტენტის შექმნა, რედაქტირება და პოპულარიზაცია მეტ ძალისხმევას მოითხოვს. შედარებისთვის, Instagram და TikTok უფრო სწრაფ შედეგებს გვთავაზობს. 

თუმცა, მეორე მხრივ, ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სოციალური ქსელია, რომელიც დიდი ხანია არსებობს და აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. კონტენტი, რომელიც აქ იდება, გაცილებით დიდხანს და მყარად ინახება, ვიდრე სხვა პლატფორმებზე. 

ამიტომ, თუ პირველივე ჯერზე ბევრი ნახვა და გამომწერი ვერ მოაგროვეთ, არ იდარდოთ, განაგრძეთ თქვენი საქმე და შედეგი დადგება.

ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია

ბუგუ – ბრენდი, რომელიც ბავშვების სამყაროს ახალ ფერებს სძენს