in

„14-ჯერ გავგზავნე აპლიკაცია, სანამ Tesla-ს ყურადღება არ მივიქციე“

„წერილში ეწერა, რომ მე მათთვის უნდა მეშველა“

Tesla-მ, აღმოსავლეთ კანადაში, რეგიონული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე, ვაკანსია გამოაცხადა. ამის შესახებ, დედამიწის მეორე ნახევარსფეროში, გიორგი ქოთოლაშვილმა შეიტყო და ჩათვალა, რომ ეს ადგილი მას უნდა დაეკავებინა. რეზიუმე გაგზავნა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ისევ გაგზავნა. თუმცა კვლავ სიჩუმე და ახალი მეილი კავკასიიდან – ეს დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში, 14-ჯერ გაგზავნილი აპლიკაციისა და 4 წერილის შემდეგ, Tesla-ს ყურადღება მაინც მიიქცია:

„პირველ გასაუბრებაზე ბევრი არაფერი უკითხავთ ჩემს გამოცდილებაზე, მთავარი შეკითხვა იყო, რის მიღწევას ვცდილობდი, რა იყო ჩემი შთაგონება და ვიყავი მარტო თუ ზურგს გუნდი მიმაგრებდა“ – ამბობს გიორგი ქოთოლაშვილი.

მეორე გასაუბრებაც ჩაინიშნა და გიორგი ქოთოლაშვილის ცნობით, კონტრაქტიც გაფორმდა. მისივე თქმით, 36 დღე მიეცა, რათა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის განვითარებისთვის პროექტის გეგმა შეიმუშაოს, რომელსაც Tesla-ს 12 თანამშრომელთან ერთად შემდეგი 4 თვის განმავლობაში განახორციელებს. თუ პროექტი წარმატებას მიაღწევს, გიორგი ქოთოლაშვილი აღმოსავლეთ კანადაში, თავდაპირველად გამოცხადებულ რეგიონული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე, 3 წლიანი კონტრაქტით დაინიშნება.

M: როგორ მიიქციეთ Tesla-ს ყურადღება?

არ ამიღია არანაირი ფაქტი, ავიღე ზოგადი ჭორები, ინტერნეტში მოძიებული, აშშ-ს ბაზრიდან შეკრებილი ინფორმაცია, რომელიც ვითომ რეალურს დავამსგავსე და საჩემოდ გამოვიყენე. გავგზავნე წერილი სადაც ეწერა, რომ მე მათთვის უნდა უნდა მეშველა და აღმოსავლეთ ევროპაში ბაზარზე არსებული ჩავარდნის ამოწევაში დავხმარებოდი. რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, თავადაც ვიცი, თუმცა მხოლოდ ასე შევძელი მათი ყურადღების მიქცევა – მათ მომწერეს „ვა… რა მაგარი ბიჭი ხარ“ და ჩავნიშნეთ გასაუბრება.

M: როგორ განვითარდა მოლაპარაკების პროცესი?

თავიდან მეგონა, რომ ხუმრობა იყო, ვერ მივხვდი ეს როგორ უნდა აღმექვა. თუმცა Zoom–ის შეხვედრას გვერდი ვერ ავუარე და გასაუბრებაზე მოვხვდი. გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე ბევრი არაფერი უკითხავთ. ასევე, მათ ეგონათ, რომ ჩვენი რეგიონიდან, ილონ მასკის ყურადღების მიქცევას, არა ერთი ადამიანი, არამედ გუნდი ცდილობდა. მე ვუთხარი, რომ მარტო ვარ. ასევე, სულაც არ ვფიქრობ, რომ მათ კომპანიას მარკეტინგში რამე ეშლება და ჩემი დახმარება აუცილებლად სჭირდებათ. ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ყურადღების მისაქცევად გავაკეთე. შემდეგ მეორე გასაუბრებაც ჩაინიშნა. აქ მივხვდი, რომ რეზიუმე წაიკითხეს. მართალია ჩემი გამოცდილება, აღემატებოდა ვაკანსიაში მოცემულ მოთხოვნებს, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი რეგიონიდან, აპლიკაციებს არც კი კითხულობენ. მოკლედ, აქ მოხდა ჩემი კვალიფიკაციის განხილვა. მათ მითხრეს, რომ უნდა დამეწერა „საცდელი“ პროექტის გეგმა და 12 კანადელთან ერთად 4 თვის განმავლობაში განმეხორციელებინა.

M: როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას Tesla-სთან კონტრაქტი?

თავდაპირველად, როცა გამოხმაურება მივიღე, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი მქონდა როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება. თუმცა ისეთი მოცემულობა დამიყენეს პირისპირ, რომ თუ ამ ამოცანას თავი ვერ გავართვი, აქ თუ დავმარცხდი, თუ ვერ გავამართლებ იმედებს, თავადვე ვიტყვი უარს. დიდი იმედი მაქვს ასე არ მოხდება. ყოველთვის მივუყვები იმ მოცემულობას რაც ახლა მაქვს. ძალიან მიყვარს თავგადასავლები და ნებისმიერ რამეს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ შემიძლია, არამედ იმიტომ რომ მაინტერესებს… არ ვფიქრობ, სად მიმიყვანს ეს გზა… ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი იქნება, ყველაფერს  ჩემს ცხოვრებაში უკეთესობისკენ შეცვლის  და ა. შ. მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ წარმოდგენა არ მაქვს.

M: როგორი კარიერული გზა გაიარეთ Tesla-მდე?

ყველაფერი 2008 წელს, გრაფიკული დიზაინერის პოზიციით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, მარკეტინგის მიმართულებით პირველად დავსაქმდი და ამ დღემდე 14 წლიანი გამოცდილება დავაგროვე. გლობალური მასშტაბის ბრენდთან მუშაობის გამოცდილება აქამდეც მქონია – Ikea-ში კრეატიული გუნდის წევრი ვიყავი. გარდა ამისა, ამჟამად საკუთარ youtube არხს ვაკეთებ.

M: Tesla-ს მსგავსად, ჩვენც გკითხავთ – რის მიღწევას ცდილობთ?

ჩემი ოცნებაა, როგორც მე მიკიდა კედელზე სხვა ადამიანების სამოტივაციო სიტყვები. ერთ დღესაც, სადღაც მსოფლიოში ვიღაცამ ჩემი ნათქვამები ციტირებად გამოიყენოს ან კედელზე ჩამოკიდოს. მინდა სხვა ადამიანებში შთაგონებას ვიწვევდე და მათ მოტივაციას ვაძლევდე.

M: რა არის თქვენი სამომავლო გემგები Tesla-სთან თანამშრომლობის პირობებში?

მე ამისგან გავაკეთებ… „არაჩვეულებრივ გამოფენას“ დავესესხები. ზუსტად ასე ვარ, ვიცი, რომ ე.წ. ამერიკული, ამ შემთხვევაში, კანადური ოცნება მომიახლოვდა და რაღაც ძალიან დიდი მიდევს წინ, თუმცა არ ვიცი ზუსტად რა გამოვა საბოლოოდ, ასე რომ ჩემი სამომავლო გეგმა ასე ჟღერს – მე ამისგან გავაკეთებ…


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები

ქართველი ინჟინერი, რომელიც CERN-ის ექსპერიმენტშია ჩართული