მასშტაბურმა პროგრამამ, რომლის ფარგლებშიც სტარტაპერებს პროფესიონალებთან მუშაობის, აუცილებელი გამოცდილების მიღებისა და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის საშუალება მიეცემათ, სტარტი 7 ნოემბერს აიღო.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი — 500 Global, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით კიდევ 15 სტარტაპს გადაამზადებს. პროგრამაში მონაწილეობას შემდეგი კომპანიები მიიღებენ: Bonpara, CALEN AI, Crosscreators, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text’nPayMe და Voiceloft. მათი დაახლოებით 50% ქართული სტარტაპებია, ხოლო დანარჩენ ნაწილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები წარმოადგენს.
პროგრამა შედგება 5 ფაზისგან, რომელსაც მოკლედ გაგაცნობთ:
ზრდის საფუძვლები
2-კვირიანი ინტენსიური პროგრამირება, რომელიც, ყოველდღიური ლექციებისა და სამუშაო საათების საშუალებით, პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირებაზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ზრდის მარკეტინგსა და სხვა ბიზნეს საფუძვლებზე არის ფოკუსირებული. პროგრამის ეს ნაწილი თბილისში გაიმართება.
ზრდის კვირები
8-კვირიანი დისტანციური პერიოდი სტარტაპებისთვის იმ ექსპერიმენტების ჩასატარებლად არის განკუთვნილი, რომლებიც მასშტაბის მისაღწევად და სახსრების მოზიდვისთვის საჭირო ძირითადი მეტრიკების ზრდაზეა ორიენტირებული. ამ ფაზის განმავლობაში სტარტაპები ყოველკვირეულად იღებენ უკუკავშირსა და მითითებებს როგორც მათთვის დანიშნული, ასევე 500 Global-ის ფართო ქსელის სხვა მენტორებისგან.
ფონდების მოზიდვა
მომდევნო 2 კვირა ეთმობა დაფინანსების მოზიდვის სტრატეგიას და მზადებას სხვადასხვა გარემოსთვის, მათ შორის სადემონსტრაციო დღისთვის. ეს კი მიიღწევა ყოველდღიური ლექციებითა და სამუშაო საათებით, რომლებიც თბილისში ჩატარდება.
სადემონსტრაციო დღე
თითოეული ჯგუფი პროგრამას დაასრულებს ადგილობრივად ორგანიზებული სადემონსტრაციო დღით. ღონისძიება დააკავშირებს სტარტაპებს ინვესტორებთან და პარტნიორებთან, რათა მათ დაფინანსებას და ბიზნესის განვითარებას მხარი დაუჭიროს.
საერთაშორისო გამოცდილება
საბოლოოდ, არსებული ნაკადიდან (15 კომპანიიდან) შეირჩევა 1 ან 2 საუკეთესო სტარტაპი, რომელსაც შესაძლებლობა მიეცემა, 2 კვირა უცხოურ სტარტაპ ეკოსისტემაში გაატაროს. ეს ფაზა გლობალური ცნობიერების ამაღლებაზე და საზღვრისპირა ექსპანსიისთვის მომზადებაზეა ორიენტირებული.
ცნობისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩერული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და ადრეულ ინვესტიციებს ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დაარსების დღიდან 500 Global-მა მხარი დაუჭირა 2600-ზე მეტი კომპანიის 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, მსოფლიოს 81 ქვეყნის მასშტაბით. მისი პორტფოლიო შეიცავს $1 მილიარდის ღირებულების 45 და $100 მილიონზე მეტის ღირებულების 130-ზე მეტ კომპანიას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციებს უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები სტარტაპების სწრაფი განვითარებისთვის.
საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება ერთი თვის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქართველ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპერებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ.