1880-იან წლებში დაარსების დღიდან, Times Square ბილბორდების „თავშეყრის“ უდიდეს სივრცედ იქცა. ტენდენცია დღემდე გრძელდება და მსოფლიოს წამყვან კომპანიებს სურთ, თავიანთი რეკლამა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას განათავსონ.
ახლა კი 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 46-სართულიანი კოშკი რევოლუციას მოახდენს Times Square-ზე — LED ეკრანი აჩვენებს არა თუ რეკლამას, არამედ ნებისმიერი ჩვენგანის პირად ვიდეოს. PixelStar-ის პროგრამა ახალი წლის ღამეს დაიწყო, როდესაც ადამიანებმა ციფრულ ბილბორდზე საკუთარი ვიდეოებისთვის დაჯავშნეს ადგილი. ამისთვის კი TSX აპლიკაცია გამოიყენეს, რომელიც „15-წამიანი დიდების“ სანაცვლოდ $40-ს ითხოვს. (შედარებისთვის, ტრადიციული რეკლამა Times Square-ის ერთ-ერთ დიდ ეკრანზე იწყება $500-დან).
რა თქმა უნდა, აქ სათანადოდ ზრუნავენ იმაზეც, რომ ვიდეოს ეკრანზე გაშვებისას გარკვეული წესები არ დაირღვეს. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი და ადამიანები ერთად აფასებენ თითოეულ დეტალს — წესები კი კრძალავს სიშიშვლის, ძალადობის ან შეურაცხმყოფელ კადრებს. ამავდროულად, იკრძალება კომპანიების ტრადიციული რეკლამები.
აპლიკაცია ჯერ მხოლოდ ახლახან ჩაეშვა მოხმარებაში და გუნდი მალე აპირებს კატეგორიების გაფართოებას: მაგალითად, პარასკევი დაეთმობათ კრეატორებს, რომლებიც მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობენ. თუმცა მთლიანობაში, ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვების გარდა მომხმარებლებს ნებისმიერი სახის ვიდეოს გაგზავნა შეუძლიათ — მაგალითად, ერთ-ერთში ქალი წითელ ღვინოს სვამს, მეორეში კი მეგობრების ჯგუფი სელფს იღებს.