Nishimura-ს კომეტა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს, ამ კვირაში საკუთარი თვალითაც შეგიძლიათ იხილოთ. თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ამ ციურ სხეულზე დაკვირვების შანსი 437 წელში ერთხელ ჩნდება. ქვებისა და ყინულის ბურთია, რომლის ზუსტი ზომა ჯერ კიდევ უცნობია. სახელი კი იაპონელი ასტრონომის, ჰიდეო ნიშიმურას პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც პირველად იგი 12 აგვისტოს დააფიქსირა.
ცოტა უცნაური კია კომეტა, რომელიც სულ ახლახან აღმოაჩინეს, ხილვადობის პიკსაც რომ მალევე აღწევს, თუმცა ფაქტია, გაგვიმართლა. მზესთან მიახლოებისას კი, როგორც სხვა კომეტების შემთხვევაში, სიცხე მის ყინულის ბირთვს მტვრად და გაზად აქცევს, რის გამოც კომეტის გრძელ მანათობელ კუდს ვიღებთ, რომელსაც მზის სინათლე ირეკლავს და სწორედ ამის დამსახურებით ვხედავთ მას დედამიწიდან.
ნიშიმურა მზეს 17 სექტემბრისთვის მიუახლოვდება, 33 მილიონი კილომეტრით იქნება მისგან დაშორებული, რის შემდეგაც დედამიწას 125 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე ჩაუვლის.
„კარგი იქნება თუ ცას მზის ამოსვლამდე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით შეხედავთ მოწმენდილ, დაბინძურებისგან თავისუფალ ცაზე“, – აცხადებს ნიკოლას ბივერი, ასტროფიზიკოსი.
მის დანახვას პატარა ბინოკლებით მოახერხებთ, მაგრამ თუ პირობები კარგი იქნება, ამას შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შეძლებთ. უნდა დაგასპოილეროთ: კომეტის კუდი ახლა უფრო მწვანე შეფერილობის იქნება, რადგან უფრო მეტ გაზს და ნაკლებ მტვერს შეიცავს.