in

The New York Times-მა რეკლამის 175-წლიანი ისტორია ერთ კამპანიაში გააცოცხლა

The New York Times-მა საკუთარი არქივი გახსნა და 175 წლის განმავლობაში გაზეთში გამოქვეყნებული რეკლამები ერთ კამპანიაში გააერთიანა. 175 Years of Advertising გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა რეკლამა 1851 წლიდან დღემდე და როგორ ასახავდა ის სხვადასხვა ეპოქის ტექნოლოგიურ, კულტურულ და სამომხმარებლო ცვლილებებს.

M2

კამპანიის მთავარი ნაწილია ცხრაგვერდიანი ბეჭდური მასალა, რომელშიც 1851-2026 წლებში The New York Times-ში გამოქვეყნებული შვიდი რეკლამაა თავმოყრილი. თითოეული მათგანი იმ ისტორიულ კონტექსტთან ერთადაა წარმოდგენილი, რომელშიც პირველად გამოჩნდა.

ერთ-ერთი ყველაზე ძველი მაგალითი Tiffany & Co.-ს ეკუთვნის. ბრენდმა სამკაულების, საათებისა და სხვა პროდუქციის რეკლამა გაზეთში 1851 წლის სადღესასწაულო სეზონზე განათავსა, სულ სამი თვის შემდეგ, რაც The New York Times-ის პირველი ნომერი გამოვიდა.

1909 წლის Ford Motor Company-ის რეკლამა უკვე სრულიად განსხვავებულ ეპოქას ასახავს. მასში Model T-ის ნიუ-იორკიდან სიეტლამდე გამართულ რბოლაში გამარჯვებაა ხაზგასმული. ეს ის პერიოდია, როცა ავტომობილი თანდათან მასობრივი მოხმარების პროდუქტად იქცეოდა და საავტომობილო ინდუსტრიაც ფართომასშტაბიან წარმოებაზე გადადიოდა.

 

კიდევ ერთი მაგალითი 1966 წლის IBM-ის რეკლამაა, რომელიც კომპანიის მონაწილეობას NASA-ს კოსმოსურ პროგრამაში და მთვარეზე ადამიანის გაგზავნის პროექტში აჩვენებდა. კამპანიაში ასევე მოხვდა Heinz-ის, E*TRADE-ის, L’Oréal Groupe-ისა და Delta Air Lines-ის ისტორიული რეკლამები.

სწორედ ამ ქრონოლოგიით ცდილობს The New York Times აჩვენოს, რომ რეკლამები მხოლოდ პროდუქტის გაყიდვის მცდელობები არ ყოფილა. მათი საშუალებით შეიძლება დავინახოთ, რა იყო კონკრეტულ პერიოდში ახალი, სასურველი ან მნიშვნელოვანი. ავტომობილის გავრცელება, კოსმოსური ტექნოლოგიები, ონლაინ ბანკინგის გამოჩენა და მომხმარებლის სხვა ჩვევები სარეკლამო გვერდებზეც აისახა.

NYT Advertising-ის მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ტუსარ ბარიკის თქმით, არქივზე მუშაობისას გუნდმა შენიშნა, რომ რეკლამები ხშირად მნიშვნელოვან კულტურულ ცვლილებებს წინასწარაც მიანიშნებდა. სწორედ ამ დაკვირვებამ განსაზღვრა კამპანიის მიმართულება. „კამპანია The Times-ის ისტორიასა და რეკლამის განვითარებას ეყრდნობა, თუმცა ამავდროულად ჩვენი კლიენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერაში რეკლამის როლის აღნიშვნაცაა“, – ამბობს ბარიკი.

კამპანიაში ეს უკანასკნელი საკითხიც მნიშვნელოვანია. ბეჭდური მასალა The New York Times-ის გლობალური სარეკლამო ხელმძღვანელის, ჯოი რობინსის გზავნილით სრულდება, რომელიც ხაზს უსვამს რეკლამის მნიშვნელობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსებისთვის.

175 Years of Advertising მხოლოდ გაზეთის ფურცლებზე არ დარჩება. პროექტი ციფრულ არხებშიც გავრცელდება, მათ შორის სპეციალური სარეკლამო ფორმატებით, აუდიომასალებითა და ცალკე ციფრული გამოცდილებით, სადაც მომხმარებლებს The New York Times-ის ისტორიაში სარეკლამო ინდუსტრიის სხვადასხვა ეტაპის ნახვა შეეძლებათ.

პროექტი ამავე დროს თავად The New York Times-ის ისტორიასაც იყენებს რეკლამისთვის. 175 წლის მასალა აჩვენებს, რამდენად დიდხანს არსებობდნენ გაზეთი და ბრენდები ერთი და იმავე კულტურული მოვლენების გვერდით, ხოლო ძველი სარეკლამო გვერდები დღეს თავისებურ ქრონიკად იკითხება: რას ვყიდულობდით, რაზე ვოცნებობდით და რა ითვლებოდა პროგრესად სხვადასხვა ეპოქაში.

გამარჯვება გაზიარებით იწყება – სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!

ნესვის მოყვანა საქართველოში – რა უნდა გაითვალისწინოთ უხვი მოსავლის მისაღებად?