მარკეტერი გთავაზობთ ინსორსის ინტერვიუს, მაკდონალდსის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორთან ნატა ჯავახიშვილთან.
: მოგვიყევით როგორ მოხვდით მაკდონალდსში?
მაკდონალდსში მუშაობა 18 წლის წინ დავიწყე. 1997 წელს ქართულ ტელესივრცეში საერთაშორისო კომპანიამ, რომლის გემოც და გარემოც ჩემთვის უკვე ნაცნობი და საყვარელიც კი იყო, მენეჯერ-სტაჟიორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ვიყავი და ჩემთვის ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდისათვის „მაკდონალდსში“ დასაქმება, მითუმეტეს მძიმე და ნაცრისფერ 90 – იან წლებში, შეიძლება ითქვას საოცნებოც კი იყო. გადავწყიტე მეცადა ბედი. რეზიუმე გავგზავნე და ჩემდა გასაკვირად გასაუბრებაზეც დამიბარეს. ინტერვიუზე მისვლამდე ძალიან ვღელავდი და შევეცადე მომზადებული მივსულიყავი. გასაუბრება კომპანიის ევროპელ წარმომადგენელთან და საქართველოს მაკდონალდსის გენერალურ დირექტორთან თენგიზ კაპანაძესთან შედგა. შეხვედრის დაწყებისთანავე ნერვიულობა, სადღაც გაქრა. ეხლა ვხვდები, რომ ეს სწორედ ინტერვიუერების პროფესიონალიზმის დამსახურება იყო. გასაუბრებამ უშუალო და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მინდა აღვნიშნო, რომ ასობით კანდიდატს შორის, მხოლოდ 23 შეგვარჩიეს. ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, რომ მაკდონალდსის თანამშრომელი გავხდი. მაშინ ეს ოცნების ასრულებას ჰგავდა. 1998 წელს გავემგზავრე სტაჟირებაზე უკრაინაში. 1999 წლის 5 თებერვალს გავხსენით პირველი მაკდონალდსის რესტორანი საქართველოში. 18 წლის მანძილზე ჩემი კარიერა მაკდონალდსში მუდმივად ვითარდებოდა. 2003 წელს გავხდი მაკდონალდსის, რესტორანი „ზემელი“-ს დირექტორი. 2008 წელს გავხსენით საქართველოში, მაკდონალდსის პირველი ავტომომსახურების რესტორანი – სპორტის სასახლესთან. ორივე რესტორანში მუშაობა ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილების მომტანი იყო. 2009 წლიდან ვიკავებ ადამიანური რესურსების მართვის დირექტორის პოზიციას. ზოგადად წარმოუდგენელია მაკდონალდსში გაჩერდე ერთ პოზიციაზე. ეს კომპანია ჩემთვის განვითარების, წინსვლისა და სრულყოფისაკენ სწრაფვის ეტალონია. თუ ხარ ადამიანი, რომელსაც არ გეშინია ახალი გამოწვევების, ხარ ინტერესიანი და შრომისმოყვარე, მაშინ შეგიძლია იპოვო შენი თავი მაკდონალდსში. ჩემი ასეთი ხანგრძლივი თანამშრომლობის ფორმულაც ძალიან მარტივია – მე ძალიან მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ და ამავე დროს ეს არის კომპანია, რომელიც უწყვეტად მაძლევს განვითარებისა და რეალიზების საშუალებას და ქმნის ჩემთვის და ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის საუკეთესო სამუშაო პირობებს.
: რა ძირითადი თვისებები გამოირჩევიან მაკდონალდსის თანამშრომლები?
დღეს ჩვენ 500 ახალგაზრდა გვყავს დასაქმებული ჩვენს რესტორნებში და ზაფხულში ჩვენს გუნდს კიდევ 60-მდე ახალგაზრდა შეუერთდება, რომლებიც გასაუბრების წესით შევარჩიეთ სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის რესტორნისათვის. ამავე რესტორნისათვის უკვე გვყავს მენეჯერ-სტაჟიორები, ისინი ამჟამად სტაჟირებას თბილისის რესტორნებში გადიან.
ჩვენი თანამშრომლები ერთმანეთისაგან განსხვავებული ახალგაზრდები არიან, ისინი თავიანთი ინდივიდუალურობით გამოირჩევიან და ამდიდრებენ ჩვენს გუნდს. მაგალითად, 2010 წლიდან რესტორან „სპორტის სასახლეს“ შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს ბენეფიციარი – ანა ხაჩიძე, რომელიც ჩვენი პატარა სტუმრებისათვის ძალისხმევას არ იშურებს და ბუშტებით უზრუნველყოფს დაბადების დღის დღესასწაულებს. მომავალშიც ვაპირებთ ამ მიართულებით მუშაობას.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას – ჩვენი თანამშრომლები გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით, ღიმილით, უშუალო და თბილი დამოკიდებულებით ჩვენი სტუმრებისადმი. ჩვენი კომპანიის წარმატებას სწორედ ჩვენი არაჩვეულებრივი თანამშრომლები და მთლიანობაში მთელი ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. ჩვენი ძირითადი პრინციპია „არცერთი ჩვენგანი არ არის ცალკე ისეთი კარგი და ფასეული, როგორც ჩვენ ყველა ერთად“
: რას გვეტყვით მაკდონალდის სამუშაო გარემოზე?
ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას, ჩვენი შიდა სტუმრები – ჩვენი თანამშრომლები წარმოადგენენ. ჩვენთვის ერთნაირად ღირებულია, როგორც სტუმრების ხარისხიანი მომსახურება და მათი მოლოდინის გამართლება, ასევე ჩვენი თანამშრომლების კმაყოფილება. ჩვენთვის კმაყოფილი თანამშრომელი კმაყოფილ სტუმარს ნიშნავს.
თანამშრომელთა კმაყოფილება ჩვენს კომპანიაში ბევრი ფაქტორისგან შედგება: ეს არის კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო პირობები, უახლესი ტენდენციები, თანამედროვედ მოწყობილი დასასვენებელი ოთახები, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული, კომფორტული და თანამედროვე დიზაინის უნიფორმები, მოქნილი სამუშაო განრიგი, სწავლების, მოტივაციისა და აღიარების პროგრამები, რომლებიც დანერგილია ჩვენს სისტემაში და სხვა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენს სტუდენტ თანამშრომლებს განათლების მიღება გააგრძელონ უწყვეტად, მუშაობის პარალელურად. ასევე, უმნიშვნელოვანესია განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა – კომპანიაში ვიყენებთ შიდა განვითარების სისტემას და მმართველი პოზიციებზე ჩვენს შიდა კადრებს ვაწინაურებთ.
მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის მოთხოვნები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ჩვენც, ჩვენი კომპანიის საბაზისო სამოტივაციო პროგრამებზე დამატებით, კიდევ ბევრი ნოუ-ჰაუ დავნერგეთ საქართველოში და ვცდილობთ თანამშრომლებს ისეთი პაკეტები შევთავაზოთ, რომლებიც ფასეული და ყოველთვის აქტუალური იქნება მათთვის.
: როგორ უნდა გავხვდეთ მაკდონალდსის თანანშრომელი?
მაკდონალდსში მუშაობაზე განაცხადის გაკეთება ძალიან მარტივია – მსურველი პირველ რიგში უნდა მოვიდეს მაკდონალდსის ნებისმიერ რესტორანში, ითხოვოს მენეჯერთან გასაუბრება და მიიღოს კოდი ონლაინ ანკეტის შესავსებად. ანკეტის შევსება შესაძლებელია მაკდონალდსის დასაქმების საიტზე – www.mcdanketa.ge. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მიღებული კოდის გარეშე ანკეტის შევსება შეუძლებელია, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, თითეულ ადამიანზე, ვისაც უნდა მაკდონალდსში მუშაობის დაწყება. შესაბამისად, თუ ადამიანს ვაძლევთ უფლებას ატვირთოს ანკეტა, მაშინ ვეხმაურებით კიდეც მას.
ჩვენს კომპანიაში თანამშრომელთა ლოიალობა იმდენად მაღალია, რომ ბევრი მათგანი აქ 10 და მეტი წელი მუშაობს – ეს ჩვენი კომპანიისა და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების ერთობლივი მიღწევაა, რომლითაც სიმართლე გითხრათ, ძალიან ვამაყობ.
: რა ეტაპებს გადის თანამშრომელი სანამ კლიენტს მოემსახურება?
მაკდონალდსში სწავლას ყველა პოზიციის თანამშრომელი პირველივე დღიდან იწყებს. ახალბედა თანამშრომელს ჰყავს სწავლების ინსტრუქტორი, რომელიც მას თითოეულ სადგურზე მუშაობას ასწავლის. ახალი თანამშრომელი ერთდროულად იღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. მაკდონალდსი, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების მიმდევარი კომპანია იყენებს e-learning-ის პროგრამებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლები ელექტრონულად სწავლობენ თეორიულ მასალას და ტესტირებასაც პარალელურ რეჟიმში გადიან.
მე პრაქტიკოსი HR ვარ, სპეციალური განათლება არ მაქვს მიღებული ამ სფეროში და ძალიან მეამაყება გასული წლებით დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება. მაკდონალდსი ყოველთვის გაძლევს სწავლისა და განვითარების საშუალებას და სწორედ მიმდინარე წელს იგეგმება ჩემი პროფესიული განვითარება მაკდონალდსის სისტემაში დანერგილი სასწავლო პროგრამით, ქალაქ მიუნჰენში ჰამბურგეოლოგიის უნივერსიტეტში, რომელიც მაკდონალდსის HR სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ რეი კროკის პრინციპით ვხელმძღვანელობთ „იქამდე სანამ მწვანე ხარ, განვითარების გზაზე დგახარ და ვითარდები, როგორც კი თავს სრულყოფილად მიიჩნევ, მაშინვე იწყებ უკუსვლას“
მაკდონალდსში დანერგილია და ფუქნციონირებს შიდა სასწავლო კურსები კომპანიის სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლებისათვის. 2014 წლიდან, რიგ სასწავლო კურსებს უკვე ადგილობრივად ვკითხულობთ, ამ ეტაპისათვის კომპანიის 3 თანამშრომელს გაგვაჩნია ტრენერის საერთაშორისო ავტორიზაცია, რომლისთვისაც საფუძვლიანად მოხდა ჩვენი გადამზადება და სწავლება. რესტორნის დირექტორისა და წარმოების კონსულტანტის პოზიციისათვის სწავლება. ასევე, ჰამბურგეოლოგიის უნივერსიტეტში, ქალაქ მიუნჰენში ტარდება.
: სადილობთ თუ არა მაკდონალდსის HR მაკდონალდსში?
რათქმაუნდა ვსადილობ და არა მხოლოდ მე, ჩვენი რესტორნები ჩემი ოჯახის, შვილებისა და მეგობრების საყვარელი ადგილია.
თუკი ჩვენი სენდვიჩებისა და სხვა პროდუქტების კალორიულობა გაინტერესებთ, შემიძლია გაჩვენოთ ჩვენი ლანგრის, სარეკლამო ფურცლის უკანა მხარეს დატანილი კვების ენერგეტიკული ღირებულების ცხრილი, რომელიც ჯანსაღი კვების მართვისათვისაა განკუთვნილი.
სწორი და ჯანსაღი კვების მართვის პირობებში სავსებით რეალურია შეინარჩუნო შენთვის სასურველი წონა , 18 წელია დღეში მინიმუმ ერთხელ ჩვენს რესტორნებში ვსადილობ და არასდროს ვიტყვი უარს დავაგემოვნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მათ შორის დესერტი.
რაც შეეხება ჩვენს ხარისხს – პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მაკდონალდსის კლასიფიკაციია GOOD FOOD FAST – ანუ კარგი და ხარისხიანი პროდუქტი სწრაფად. ნედლეული, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ჩვენი უგემრიელესი სენდვიჩების მოსამზადებლად რამდენიმე ეტაპიან შემოწმებას გადის იქამდე, სანამ მზა სახით ჩვენს სტუმრამდე მივა.
მაგალითად, ყველასათვის საყვარელი ბიგმაკი გადის 98 შემოწმებას, იქამდე სანამ მას ჩვენი სტუმარი დააგემოვნებს.
იმისათვის, რომ ჩვენმა სტუმრებმა თავად ნახონ და მეტი გაიგონ ჩვენი პროდუქტების ხარისხზე, მომზადების პროცედურებზე, სისუფთავესა და სანიტარულ ნორმებზე, საკადრო პოლიტიკაზე და ზოგადად ჩვენს კომპანიაზე – უკვე 2009 წლიდან ნებისმიერ მსურველს, ვეპატიჟებით ჩვენს რესტორნებში ღია კარის დღეებზე.
ლიკა კაპანაძე