17
მაი
2018

ლეგენდარულ კომპოზიტორ ენიო მორიკონეს კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 19 მაისს გაიმართება

17 მაი 2018

ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს ესტუმრება. 2018 წლის 19 მაისს, ის რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართავს. აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი, 70–კაციანი შემადგენლობით. საგულისხმოა, რომ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორი პირველად ჩამოდის და მისი კონცერტით „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გაიხსნება.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

სხვადასხვა ასაკისა და კულტურის მქონე მსმენელის წინაშე ჩემი მუსიკის შესრულება საოცრად საინტერესო გამოცდილებაა. წელს აღვნიშნავ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების 60 წლისთავს, რომლის განმავლობაშიც 600–ზე მეტი ნაწარმოები შევქმენი. ტურნეს ფარგლებში ვასრულებ ლეგენდარულ კომპოზიციებს სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, ასევე „მისიიდან“, მაგრამ ტურნეს საერთო კონცეფცია მაინც განსხვავებულია, რადგან ვგეგმავ, წარმოვადგინო მუსიკა, რომელიც კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობისას შეიქმნა და ასევე, კომპოზიციები სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, რომლებიც სხვა კონცერტებზე არ წარმომიდგენია“, – აღნიშნავს ენიო მორიკონე.

ენიო მორიკონემ, თავისი მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, შექმნა 600–ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები, აქედან 500–ზე მეტი – კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „მისია“, „ხელშეუხებელნი“, „ერთი მუჭა დოლარისთვის“ და სხვ. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ მსოფლიო საუნდტრეკების 200–ეულშია შესული. 2016 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის, „საძულველი რვიანი“ ორიგინალური მუსიკისთვის ენიო მორიკონეს რამდენიმე პრესტიჟული პრიზი ერგო, მათ შორის რიგით მეექვსე „ბაფტა“, მესამე „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“.

ამავე წელს შეიქმნა მისი კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარი ჯუზეპე ტორნატორეს „მიმოწერისთვის“. საგულისხმოა, რომ ამ ფილმში, ისევე, როგორც „მისია“–ში (1986 წ.), რომლის მუსიკაც ასევე ენიო მორიკონეს ეკუთვნის, ცნობილი მსახიობი, ჯერემი აირონსი მონაწილეობდა. მორიკონესა და ტორნატორეს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ, მათი ერთობლივი ნამუშევრებია: „ახალი კინოთეატრი პარადისო“, „მალენა“, „ლეგენდა პიანისტზე“, „საუკეთესო შეთავაზება“.

2017 წელს, ენიო მორიკონეს, ტურნეს განმავლობაში ყველაზე მეტი, 500 000 ბილეთის გაყიდვისთვის, კომპანია Gea Live–ის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ენიო მორიკონეს მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, კონცერტები იმართება ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან არენებზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპოზიტორისა და დირიჟორის 40–ზე მეტი კონცერტი 30 ევროპულ ქალაქში ჩატარდა.

სპეციალურად, „ბლექ სი არენაზე“ ენიო მორიკონეს კონცერტისთვის დანიშნულია როგორც მატარებლების, ასევე, თვითმფრინავების სპეცრეისები. გარდა ამისა, ბათუმი-თბილისის მატარებელს დაემატა ორწუთიანი გაჩერება შეკვეთილში. ორგანიზატორების თქმით, დარჩენილია ბილეთების შეზღუდული რაოდენობა, რომელთა შეძენაც შესაძლებელია tkt.ge-ზე. 

„Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონცერტის წარმდგენი: „ჩექ ინ ჯორჯია“;

გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“;

მედიაპარტნიორები: ტელეკომპანია „იმედი“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, „პალიტრა მედია“, Marketer.ge, ჟურნალი OK.

[R]

განხილვა