გრაფიკული დიზაინის წიგნები დიზაინერებისთვის შთაგონების კარგი წყაროა, თუმცა მათი მიზანი არსებული ნამუშევრების პირდაპირ გადმოღება არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა, ხომ არ იქცა 1970-იან წლებში გამოცემული ერთი წიგნი თანამედროვე ლოგოების შექმნის ინსპირაციად.
გრაფიკული დიზაინის კლასიკური გამოპცემა სოციალურ ქსელებში ხელახლა გამოჩნდა და მომხმარებლის ყურადღება მიიქცია მასში თავმოყრილმა სიმბოლოებმა, რომლებიც დღესაც საკმაოდ ნაცნობად გამოიყურება. ზოგიერთი მათგანი ისეთი კომპანიების ლოგოებს ჰგავს, როგორებიცაა AMD და Google.
წიგნს “Trademarks & Symbols, Vol. 2: Symbolical Designs” ჰქვია. მისი ავტორია იაპონელი დიზაინერი იასაბურო კუვაიამა. პირველი ტომი ანბანურ და ასოებზე აგებულ დიზაინებს ეძღვნება, მეორე კი სიმბოლოებსა და გამოსახულებებს აერთიანებს. ეს ერთგვარი კატალოგია, რომელშიც რეალური სიმბოლოები და ლოგოები ფორმის მიხედვითაა დაჯგუფებული, მაგალითად, წრეების, კვადრატების, ხეების, თვალებისა და ადამიანის ფიგურების მიხედვით.
სოციალურ ქსელებში წიგნის რამდენიმე გვერდის გავრცელების შემდეგ მომხმარებლებმა აღმოაჩინეს გამოსახულებები, რომლებიც AMD-ის, Google Drive-ის, Chase Bank-ის, NatWest-ის, კანადის Imperial Bank of Commerce-ის, პორტუგალიის სახელმწიფო ბანკის, Renault-ისა და სხვა კომპანიების ლოგოებს ჰგავს.
კუვაიამას წიგნში აღმოჩენილი მსგავსებები გრაფიკული დიზაინის ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა არ არის. 2017 წელს გამოცემა “99% Invisible” ძველი და თანამედროვე ლოგოების რამდენიმე მსგავსებას განიხილავდა: Airbnb-ის სიმბოლოს იაპონური Azuma Drive-In-ის 1975 წლის ლოგოსთან, ხოლო Beats-ის ნიშანს გერმანული ქალაქის, ბრიულის, 1971 წლის სიმბოლოსთან. მსგავსი მაგალითები აჩვენებს, რამდენად რთულია ისეთი გრაფიკული ნიშნის შექმნა, რომელიც ერთდროულად მარტივიც იქნება, დასამახსოვრებელიც და ვიზუალურად სრულიად უნიკალურიც.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მსხვილი ბრენდების თანამედროვე ლოგოებზე მომუშავე დიზაინერები ძველ ნამუშევრებს არჩევენ და ხელახლა იყენებენ? სავარაუდოდ, არა. გეომეტრიული ფორმები უნივერსალურია, ხოლო კუვაიამას წიგნი იმდენად ვრცელია, რომ სრულიად ბუნებრივია, სხვადასხვა ეპოქაში დიზაინერები დამოუკიდებლად მივიდნენ მსგავს ვიზუალურ გადაწყვეტილებებამდე.
ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ისიც შენიშნა, რომ წიგნის დანართში ზოგიერთი სიმბოლო რამდენიმე კომპანიის მიერ გამოყენებულადაა მითითებული. მსგავსი შემთხვევები დღესაც გვხვდება – სხვადასხვა ბრენდის ლოგოები ზოგჯერ ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
მინიმალისტური გეომეტრიული სიმეტრიის პირობებში არჩევანი შეზღუდულია. თუმცა, თუ სტარტაპისთვის ლოგოს შექმნას გეგმავთ, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ წიგნში ჯერ კიდევ შეიძლება ისეთი საინტერესო იდეების აღმოჩენა, რომელთა გამოყენებაც ღირს.
წიგნის შესახებ:
“Trade Marks & Symbols” თავდაპირველად ტოკიოში ადგილობრივმა გამომცემლობებმა გამოსცეს, საერთაშორისო გამოცემა კი Van Nostrand Reinhold Company-მ გამოსცა. დღეს წიგნის მოპოვება საკმაოდ ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ: Amazon-ზე მისი მყარი ყდის ეგზემპლარი 2 000 დოლარზე მეტადაც კი იყიდება.












