3
ნოე
2016

საზოგადოებრივი მაუწყებლის რებრენდინგი, შეცვლილი ლოგო და განახლებული კონტენტი

3 ნოე 2016

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო შეფუთვით მაუწყებლობს, რაც ორგანიზაციაში მიმდინარე რებრენდინგისა და ცვლილებების შედეგია. არხების ვიზუალური იერსახის ტრანსფორმაციის გარდა, რებრენდინგი საეთერო პროდუქციის წარმოების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსაც გულისხმობს.

BOG PLUS

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჟამად პოზიციონირებს როგორც პირველი არხი, რეალურად კი, შედგება სატელევიზიო, ორი რადიო და ვებ არხებისგან. აუცილებელი გახდა, ამ არხების გამაერთიანებელი ისეთი სიმბოლოს შექმნა, რომელიც ტრადიციაზე დამყარებულ ინოვაციას გაუსვამდა ხაზს. არსებული სიახლეები მაუწყებლის სტრატეგიას, პროგრამულ პრიორიტეტებს, საზოგადოებრივი აზრისა და ექსპერტული კვლევის შედეგების ანალიზს ეფუძნება.

1TV

სიმბოლო

ახალი შეფუთვა და ლოგო სამი პლატფორმის (ტელევიზია, რადიო, ვებ გვერდი) ერთიანობას ასახავს. ლოგოს აგებულების საფუძველი და ინსპირაცია ამ პლატფორმებისგან შექმნილი სამკუთხედია, რაც, თავის მხრივ, სატელევიზიო ანძის ფუძის ანალოგია. ის ქვეყნის პირველი ტელევიზიის, რომელსაც სულ მალე 60 წელი შეუსრულდება, ასევე პირველი და ერთადერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას მოიაზრებს. ამ კონცეპტუალური გაერთიანებით შეიქმნა ფორმა, რომელიც ერთადერთობის და პირველობის სიმბოლოა და გამოხატავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრენდის ფასეულობებს, როგორიცაა სიღრმე, სიზუსტე, გამჭვირვალობა, მრავალფეროვნება და ინოვაციურობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს კონცეფცია სამივე პლატფორმისთვის თანაბრად ღირებულია.

ფერი

ლოგოს წითელი და თეთრი ფერი სახელმწიფო სიმბოლიკის ფერებს იმეორებს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მედიასაშუალებების უმრავლესობის ლოგო სწორედ მათი ქვეყნის დროშის ფერებშია შექმნილი.

 

საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსხვავებით კომერციული მაუწყებლებისგან, აუდიტორიის ინფორმირების განსხვავებული მეთოდები აქვს, რაც საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის მრავალფეროვანი და სიღრმისეული გადაცემების წარმოებას გულისხმობს. შესაბამისად, მაუწყებლის გადაცემები სეგმენტირებულია სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

პრიორიტეტები

საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემების შექმნისას პრიორიტეტად არ განიხილავს სიყვითლეს და სკანდალურობას, ცდილობს სიღრმისეული და საინტერესო შინაარსის გადაცემები შექმნას, რომელიც მაღალი სტანდარტით და ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვით მომზადებული პროდუქციის დანერგვის პრაქტიკას გულისხმობს.

1TV

პროდუქცია

ამ მიზნიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემები გადაიცემა ეთნიკური უმცირესობების ენებზე, გადაცემებში აქცენტი კეთდება სოციალურ პრობლემატიკაზე, მზადდება ციკლი სოფლის მეურნეობაზე, გადაიცემა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებები, შუქდება და არქივდება კულტურის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე სიახლეები, იქმნება ორიგინალური ქართული პროდუქცია მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სახით. მაუწყებელი უარს ამბობს დაბალხარისხიანი „საპნის ოპერების“ ეთერში განთავსებაზე და ალტერნატივად მაყურებელს მაღალი ხარისხის პრემიუმ კლასის სერიალებს სთავაზობს.

აღდგა ტელეფილმების გაერთიანება, რომელიც დოკუმენტური ფილმების და მხატვრული ფილმების სტუდიებს აერთიანებს და ორიგინალურ ქართულ, მხატვრულ და დოკუმენტურ პროდუქციას აწარმოებს.

 

განხილვა