რობოტიკის კომპანია 1X-მა NEO Home Robot შემოგვთავაზა — „მსოფლიოში პირველი სამომხმარებლო მზა ჰუმანოიდი რობოტი“ და ასე ტესლასაც ღირსეული კონკურენცია გაუწია…
იმისთვისაა შექმნილი, რომ სახლის საქმეებში დაგვეხმაროს. სიმაღლეში 168 სანტიმეტრია და 30 კილოს იწონის, 3D ქსოვილითაა დაფარული, რომელსაც სამ ფერში ვხვდებით: კრემისფერი, ნაცრისფერი და მუქი ყავისფერი. 68 კილოს აწევა და 25 კილოს ტარება შეუძლია. ამგვარად, მანქანიდან საყიდლების წამოღებაშიც შეგიძლიათ დაიხმაროთ, თანაც წყალგაუმტარია. Wi-Fi, Bluetooth, და 5G აქვს, რომელიც NEO-ს ჩაშენებულ სპიკერებსაც უკავშირდება.
„ჰუმანოიდებს დიდი ხნის მანძილზე სამეცნიერო ჟანრის პროდუქტებად თვლიდნენ, შემდგომ კვლევის საგანი იყო, მაგრამ დღეს NEO-ს ჩაშვებით ჰუმანოიდი რობოტები პროდუქტად ჩამოყალიბდა“, — განმარტავს ბერნტ ბორნიჩი, 1X-ის დამფუძნებელი და CEO.
ნეო ხმოვანი ბრძანებებით კონტროლდება, რომელიც მომხმარებელს მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლია, გაგზავნოს. შეუძლია სარეცხიც დაკეცოს, თუმცა ჯერ ერთი მაიკის დაკეცვას 2 წუთს ანდომებს. სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტათი ბალანსის დაცვაც უჭირს სარეცხი მანქანის დაკეტვისას… 4-საათი მუშაობს, შემდგომ კი ბატარეა ჩვეულებრივ იმუხტება.
ზოგი ბოლომდე ავტონომიურადაც არ თვლის, რადგან ადამიანის ხელმძღვანელობის გარეშე თითქმის ვერაფერს აკეთებს… და თუ ყიდვის მსურველები ამაზე თვალს დახუჭავენ, რობოტ დიასახლის ნეოში 20 000 დოლარის გადახდა მოუწევთ, თანაც წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.











