30
Oct
2019

ორი მარტივი რჩევა, თუ როგორ ავირჩიოთ კარიერული გზა

30 Oct 2019

თუკი უნივერსიტეტის გადასახადითა და კარიერულ არჩევანზე ფიქრით გადამწვარი ხართ, ხშირი შფოთვა ნორმალურია. ეკონომიკა რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის, რადგანაც ტექნოლოგია ბევრ საქმეს ამარტივებს, ეს კი საბოლოოდ ბევრი სამუშაო ადგილის გაქრობას იწვევს. ნებისმიერ ინდუსტრიას თავისი “ვარსკვლავი” ბრენდი/კომპანია ჰყავს, რომლებიც თავიანთი თანამშრომლების ანაზღაურების მუდმივ ზრდას უზრუნველყოფენ. აქ ისინი ეუფლებიან საჭირო უნარებს და დამსახურებებისთვის შექებასაც იღებენ. თუმცა, არსებობს სრულიად რადიკალური სამუშაო ადგილები, სადაც თქვენი კარიერა და ხელფასი მუდმივ სტაგნაციას განიცდის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სწორი გზის არჩევა ყველაზე რთული საკითხია, რადგანაც სწორედ ეს გზა განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ცხოვრებას. სანამ ამ გზას აირჩევთ, წინასწარ უნდა შეიმუშავოთ რისკების საზომი “ხელსაწყო”, რომლითაც განსაზღვრავთ, რა იქნება უმჯობესი თქვენთვის. გთავაზობთ 2 მარტივ წესს თუ როგორ უნდა მოიქცეთ, სანამ გზას დაადგებით:

ყველაზე მარტივი და ეფექტური რისკ-ხელსაწყო მიზნების მკაფიოდ განსაზღვრაა.

შეიძლება ეს თქვენი გზის ყველაზე რთული მონაკვეთი იყოს, რადგანაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რეალურად რა სურს. იმისთვის კი, რომ პასუხები იპოვოთ, საჭიროა ბევრი და ხანგრძლივი ფიქრი. გააცნობიერეთ, რას მოელით საკუთარი თავისგან, კარიერისგან, როგორ ხედავთ თქვენს მომავალს. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, თუ რისკენ გაქვთ მიდრეკილება, რისი კეთებისას იღებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას, რადგანაც ადამიანი ყველაზე მეტად ყოველთვის იმ საქმეშია წარმატებული, რომელიც უყვარს და მოსწონს.

როდესაც განსაზღვრავთ, ზუსტად რა გსურთ, სწორი გზისკენ უკვე ერთი ნაბიჯი გექნებათ გადადგმული. ყველაზე ხშირად იმიტომ გვერევა გზები, რომ ჩვენს სურვილებში გათვითცნობიერებულები არ ვართ.

გაიაზრეთ რისკები, რომლებიც თან შეიძლება ახლდეს თქვენს მიზნებს. 

ზოგადად, არსებობს ორი სახის რისკი, რომელსაც შეხვდებით: იდიოსინკრეტული რისკი – რისკი, რომელიც შეიძლება იყოს უნიკალური როგორც თქვენთვის, ისე კონკრეტული სამუშაოსთვის და სისტემატური რისკი – რისკი, რომელიც ვრცელდება მთლიან ეკონომიკაზე.

იდიოსინკრეტული რისკი მაშინ იბადება, როცა მუშაობთ იმ ბიზნესში, რომელსაც ცუდი მენეჯმენტი ან კულტურა აქვს. ამგვარი რისკის წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, უნდა მოიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ინვესტირებისას – მოახდინოთ თქვენი უნარებისა და სამსახურეობრივი შემოთავაზებების დივერსიფიკაცია.

სისტემატური რისკი კი მაშინ იბადება, როდესაც თქვენ კარგავთ სამსახურს, ეკონომიკური რეცესიის გამო. ამგვარი რისკი უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს, რადგანაც სრულიად შესაძლებელია, სამსახური ყველაზე ცუდ მომენტში დაკარგოთ იმიტომ, რომ ასეთ დროს სამუშაო ადგილები მცირდება და ახალი სამსახურის მოძებნა ძალიან რთულია.

კარგი ამბავი კი ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც სისტემატური რისკის წინაშე დგებიან, უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ. ესაა ერთი მიზეზი, თუ რატომ უხდიან ფინანსური კომპანიები მეტ ფულს თანამშრომლებს – ისინი დიდ ბონუსებს გასცემენ მაშინ, როცა ეკონომიკურად სტაბილური პერიოდი დგას.

ღირს კი, უფრო მეტი ფულის სანაცვლოდ სისტემატური რისკების წინაშე დადგომა? ეს მეტად პირადული კითხვაა და თუ როგორ მოიქცევით, გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორი პიროვნება ბრძანდებით. ზოგი სტაბილურ სამსახურს არჩევს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ სამსახურებში ხანდახან მაღალი ანაზღაურება არ არის. დაფიქრდით, როგორი რისკის წინაშე შეგიძლიათ დგომა.

თუკი ამ ორ რჩევას გაითვალისწინებთ, უფრო გაგიმარტივდებათ, გააკეთოთ სწორი არჩევანი და საწყისი ნაბიჯები სწორი გზისკენ მიმართოთ. ეს ნამდვილად ხანგრძლივი და რთული პროცესია, თუმცა, რასაკვირველია, დაძლევადი.

წყარო: HBR



განხილვა