როდესაც კომპანიები რაღაც ახალი პროდუქტის ჩაშვებაზე მუშაობენ, ცდილობენ, წინასწარ განსაზღვრონ, რამდენად დიდი იქნება მომხმარებელთა ჩართულობა და ინტერესი. Branding Strategy Insider-მა კი სხვადასხვა წყაროდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მეტრიკა მოიძია, რომელიც ნებისმიერი ახალი საქმის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინონ ბრენდებმა.
არ აქვს მნიშვნელობა, ნულიდან იწყებთ ყველაფერს თუ თქვენს ხაზს აფართოებთ, ეს ორი მეტრიკა წარმატების გასაღებია.
1. ადამიანებმა 5 განსხვავებულ ადგილას უნდა გნახონ, სანამ გაიგებენ, რომ არსებობთ. საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა Edelman-ის კვლევის მიხედვით, ადამიანების მეხსიერებაში ბევრი გადაკვეთის წერტილით ხდება რაიმეს დალექვა. უბრალოდ, ეს რიცხვები კულტურების მიხედვით განსხვავდება — მაგალითად, სინგაპურში 5-ს 17 ანაცვლებს.
სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, მხოლოდ TikTok-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე, MSNBC-ზე, ან მხოლოდ TechCrunch-ზე კი არ უნდა გამოაქვეყნოთ რეკლამა… ადამიანებს რამდენიმე სხვადასხვა წყაროთი უნდა დაუკავშირდეთ — უნდა შეხვდეთ პოტენციურ კლიენტებს იქ, სადაც არიან. ასე რომ, პირველ რიგში გაარკვიეთ, სად არის ხალხი და როგორ კომუნიკაციას ამჯობინებენ.
2. „დამეგობრებას“ 100 საათი სჭირდება. ეს ფაქტი იგუგლება კიდეც, ორი სოციოლოგის მიერ ჩატარებული კვლევით. მარკეტინგში ეს გულისხმობს 100 საათის ოდენობის ტვიტს, ვიდეოს, იუთუბ და ფეისბუქ კონტენტს და ა. შ. ურთიერთობების დამყარებას დრო სჭირდება — და მაშინაც კი, როდესაც თქვენ ქმნით ყოველდღიური შესრულების მეტრიკას, უნდა იფიქროთ განმეორებით შესყიდვებზე.
მოკლედ, ხუთი ადგილი x 100 საათი. ეს მიზანმიმართული „ფორმულა“ კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ, რომელიც მნიშვნელოვანი პრიორიტეტებით იქნება გაჟღენთილი. ამასთან, Forrester Research განმარტავს, რომ დროთა განმავლობაში ეს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
ამასთან, დამატებითი მიმზიდველობა ის არის, რომ ეს მეტრიკა დამფუძნებლებს, მენეჯერებსა და სხვებს ეხმარება, 3D ხედვა მიიღონ 1) კონტენტის რაოდენობაზე და 2) დროის ხანგრძლივობაზე, რომელიც რეალურ კონვერტაციას სჭირდება.