რამდენჯერ მიგიღიათ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასე თქვენთვის კომფორტულია, მარტივია… ის, რაღაც მეორე ვარიანტი კი გეზარებათ ან აი, ახლა არ შეგიძლიათ. არადა, მუდმივ განვითარებას სწორედ დისკომფორტისკენ სწრაფვა განაპირობებს, ეს ფრაზა კი Yes Theory-ში გავრცელდა: „ეძიე დისკომფორტი — ამ ორმა სიტყვამ ჩვენი ცხოვრების კურსი შეცვალა. ჩვენ გავაანალიზეთ, რომ… ცხოვრების ყველაზე კარგი მომენტები და მნიშვნელოვანი კავშირები ჩვენი კომფორტის ზონის მიღმა არსებობს“.
სათქმელად კი მარტივიაო, ალბათ, ფიქრობთ, მაგრამ ნეირობიოლოგიის ასოცირებულ პროფესორს ენდრიუ ჰუბერმენს არ ავიწყდება, რომ ამ პროცესში ნებისყოფისა და გამძლეობის უნარებიც საჭიროა — როცა ადამიანი ირჩევს იმ დავალებების შესრულებას, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში არ შეასრულებდა, აქტიურდება ტვინის ნაწილი, რომელიც წინა ცინგულარული ქერქის (aMCC) სახელით არის ცნობილი. ასეთ დროს, ანუ მაშინ, როცა ტვინი დისკომფორტს ეძებს, ზუსტად ის წრედები ძლიერდება, რომლებიც გამძლეობისა და ნებისყოფის უნარებს ზრდის.
„კვლევის თანახმად, დისკომფორტის დანახვას, როგორც პროგრესის ნიშანს და მისკენ სწრაფვას, შეუძლია მოტივაციის გაზრდა. ძლიერი ფიზიკური ტკივილი კარგი მიზეზია დაწყებული საქმეების მისატოვებლად. ხოლო კუნთების ზომიერი ტკივილი იმაზე მიგანიშნებთ, რომ ფორმაში ხართ. ამგვარად, ემოციური დისკომფორტი იმის ნიშანი ხდება, რომ როგორც ადამიანი, ვითარდებით და ეს ხშირად მანამ ხდება, სანამ თვითგანვითარების სარგებელს დაადგენთ“, — აცხადებს აიელეთ ფისბაქი, ქცევითი მეცნიერებისა და მარკეტინგის პროფესორი.
ამასთან, დისკომფორტისკენ სწრაფვა, შესაძლოა, მოიცავდეს: დამატებით განათლებასა და ტრენინგებს, ახალ ადგილზე მოგზაურობას, ახალ ადამიანებთან შეხვედრას, ენის სწავლას ან ინსტრუმენტის დაკვრას, თქვენი კომპანიის გაფართოებას ან სულაც, სამსახურში რთული საუბრების ქონას.
უბრალოდ გახსოვდეთ, რომ როცა ამის გაკეთებას ცდილობთ, თქვენს მენტალურ სიჯანსაღესაც უზრუნველყოფთ, ასე კი მეტად მოქნილი და მიმღები ხდებით ცვლილებებისადმი. ამგვარად, არ აქვს მნიშვნელობა, ინტროვერტი ხართ თუ ექსტრავერტი, ღია ხართ გამოცდილებებისადმი თუ არა, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ცხოვრების ყველაზე კარგი მომენტები სწორედ თქვენი კომფორტის ზონის მიღმა არსებობს.