23
Sep
2019

2 რამ, რაც კონცენტრირებაში ყველაზე მეტად გვიშლის ხელს

23 Sep 2019

თუ თქვენთვის ყოველდღიურობაა, გაღვიძებისთანავე, ტელეფონის შემოწმება და აურაცხელ შეტყობინებაში თავის დაკარგვა, მაშინ ნება მოგვეცი, გითხრათ, რომ საკუთარ თავს ძალიან ცუდად ექცევით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორც წესი, ეს ციფრული ბურუსი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება და მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაში ხელი გეშლებათ. ხართ გონებაგაფანტული, შფოთავთ და როგორც ლიდერი, საკუთარ გუნდს არაეფექტურად უძღვებით.

გრძნობთ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ, მაგრამ არ იცით, როგორ? მარტივი არ არის ამ ციკლის გარღვევა, თუმცა გამოსავალი არსებობს.

მაღალი რგოლის მენეჯერების საყოველთაო პრობლემაა ერთ საქმეზე კონცენტრირება და ამაში ორი ძირითადი გამოწვევაა დამნაშავე:

პირველი: სხვადასხვა მოწყობილობასთან ჰიპერდაკავშირებულობის შედეგად, ჩვენი გონება მუდმივად წალეკილია ჭარბი ინფორმაციით. საშუალოდ, დღეში 12 საათის სმარტფონთან გატარება ენერგიის აღდგენის საშუალებას არ გვაძლევს და შესაბამისად, საქმეზე კონცენტრირებაც რთულდება.

მეორე: კვლევების თანახმად, მაღალი რგოლის მენეჯერების უმეტესობა საკუთარი დროის 35-55%-ს სამსახურებრივ შეხვედრებში იყენებს.

მოკლედ, ალბათ, ვთანხმდებით, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს ხომ?

დროის სწორად განაწილებასა და საკითხების დელეგირებასთან ერთად, პირველ რიგში, ძალიან მნიშნელოვანია, რომ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ.

გთავაზობთ 5 ყოველდღიურ პრაქტიკულ რჩევას:

იმედიტირეთ: სამწუხაროდ, დღის დაწყებისთანავე დიდ შეცდომას უშვებთ და სოციალურ ქსელებსა თუ ელექტრონული ფოსტის შემოწმებას იწყებთ. „ეს ძალიან ცუდი“ – ამბობს ემა სეპალა, რადგან „მუდმივად პასუხის გაცემის რეჟიმზე მზადყოფნა ჩვენს კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა: მეხსიერება და ყურადღება ასუსტებს“.

რა უნდა შევცალოთ? – ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი 20-30 წუთიანი მედიტაციაა. სეპალა იმასაც განმარტავს, რატომაა მედიტაცია ასეთი მნიშვნელოვანი: „მედიტაცია ნერვული სისტემის ყოველდღიური სტრესისგან დასვენების საუკეთესო საშუალებაა. როცა უფრო მშვიდად ხართ, ემოციური ინტელექტიც უფრო ზემოთ იწევს და გადაწყვეტილებებიც უფრო რელევანტური და ეფექტურია“.

საქმეს ორგანიზება გაუწიეთ: კომპლექსურ დავალებებზე, ისეთებზე, რომელიც თქვენგან ინტელექტუალურ სამუშაოს მოითხოვს, დილიდანვე კონცენტრირდით. როგორც ანტრეპრენუარი და ინვესტორი პოლ გრაჰამი ამბობს, ერთმა პატარა შეხვედრამ შესაძლოა, მთელი დღის საჭირო ენერგია წაგართვათ და საჭირო საქმეზე ვეღარ კონცენტრირდეთ.

ამიტომ დაგეგმეთ სწორად. პატარ-პატარა და ხშირ-ხშირი შეხვედრები ყურადღების გაფანტვის ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს. ყველა ვამბობთ, რომ მულტიტასკინგი გამოგვდის, მაგრამ რეალურად, ასე არ არის.

იმიც ნაცვლად, რომ მთელი დღის განმავლობაში შეგაწუხოთ იმ მნიშნელოვანი საქმის შეუსრულებლობამ, დაიწყეთ ამით, რომელმაც მაქსიმუმ, 2-3 ადამიანის ჩართულობა შეიძლება, საჭირო გახადოს და დანარჩენი შეხვედრები შუადღისთვის გადადეთ.

სამუშაო გარემო მოაწესრიგეთ: შემთხვევით, თქვენი სამუშაო მაგიდა არეული ხომ არ არის? დესკტოპზე რა სიტუაცია გაქვთ? და სმარტფონის ეკრანზე?

შეიძლება, ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, მაგრამ რეალურად დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც პროდუქტიულობაზე, ისე სამუშაოს შესრულების ხარისხზე.

მოკლედ, მოაწესრიგეთ როგორც ციფრული, ისე ფიზიკური გარემო. გამორთეთ არასაჭირო შეტყობინებები და თავს არ მისცეთ უფლება, რომ დავალების შესრულებაში რამემ ხელი შეგიშალოთ.

შეხვედრები შეამცირეთ: რამდენი ადამიანი ესწრებოდა თქვენს ბოლო შეხვედრას? თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა კითხვის ასე დასმა: რამდენი ადამიანი იყო შეხვედრაზე პროცესში ჩართული? შეიძლება, იფიქროთ, რომ ამ კითხვას კონცენტრირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა, შეხვედრებზე დიდი რაოდენობით ადამიანების ყოფნა, ზოგიერთების ინდიფერენტულობასა და ლეპტოპში თავჩარგულ ყოფნას იწვევს.

საჭირო საქმე რომ თქვენს ფოკუსში მოაქციოთ, ამისთვის საჭიროა, გუნდიც მოგყვებოდეთ და ისინიც კონცენტრირებულები იყვნენ. მოინიშნეთ პუნქტები, რა უნდა განიხილოთ, განსაზღვრეთ დრო, თითოეულ პუნქტზე სასაუბროდ და აირჩიეთ ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელუც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ყველაფერი შესრულდეს.

არ დაგავიწყდეთ ბუფერები: კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ამდენ ადამიანს კონცენტრირება უჭირს, ზღვრის დაცვაა, საქმესა და შესვენებას შორის.

თუ გინდათ, თავიდან აიცილოთ არაპროდუქტული შეხვედრები და შესაბამისად, გაფლანგული დრო, დანიშნეთ 15 წუთიანი შესვენებები, შეხვედრებს შორის. რაც მთავარია ეს არა მხოლოდ თქვენთვის, თქვენი გუნდის წევრებისა თუ  დამკვეთ-კლიენტებისთვისაც კარგი ნაბიჯი იქნება.

სამსახურში საქმეზე კონცენტრირება მარტივი არაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ზემოთ ჩამოთვლილი 5 პრაქტიკული რჩევა დაგეხმარებათ, რომ საქმეზე ფოკუსირდეთ, დასმული ამოცანა მალევე გადაჭრათ და საკუთარი თავით კმაყოფილება იგრძნოთ.

წყარო: HBR



განხილვა