ზამთრის სეზონის მთავარ მოვლენამდე სულ ცოტა დრო რჩება — ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ სათხილამურო სნოუბორდის და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში იმართება. შესაბამისად, „ბაკურიანის მთებში“ საგანგებო სამზადისი მიმდინარეობს, სპორტსმენების იდეალურად დასახვედრად… ამის შესახებ უფრო მეტს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ეკა გაბაშვილის ინტევიუდან შეიტყობთ.
რა მოხდება ბაკურიანში, რატომ არის ეს სეზონი განსაკუთრებული ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის?
2023 წლის ზამთრის სეზონი ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად განსაკუთრებულია, თანაც არა მხოლოდ სპორტის მოყვარულებისთვის. პირველად ისტორიაში, საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს. ფრისტაილის, ფრისკის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩვენმა ქვეყანამ 2018 წელს მოიპოვა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე და აღსანიშნავია, რომ მასპინძლობის კანდიდატ ქვეყნებს შორის იყვნენ შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ფინეთი და სხვა ზამთრის განვითარებული კურორტების მქონე ქვეყნები. თუმცა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ნდობა ჩვენს პატარა ქვეყანას გამოუცხადა და ჩვენ მოგვენიჭა უდიდესი პასუხისმგებლობა, მოგვეცა შანსი, რომ მსოფლიო სპორტის რუკაზე საპატიო ადგილი დაგვეკავებინა. სამი კვირის განმავლობაში მსოფლიო სპორტის, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი, ჩვენი ქვეყანა ზამთრის ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცევა და განვითარების ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს იმის დასტურად, რომ ჩვენ შეგვიძლია. ვიყოთ ცივილიზებური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი.
როგორი იყო მოსამზადებელი პროცესი ამ მასშტაბურ ღონისძიებამდე?
მზადება 2018 წლიდან დავიწყეთ. ყოველ წელს რამდენიმე სატესტო ღონისძიების ჩატარების ვალდებულება გვქონდა და ამ წლების განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ. ამ გადმოსახედიდან დაუჯერებელიც კია ის, რაც მოკლე პერიოდში მოხერხდა. თითქმის ნულიდან მოგვიწია ბევრი რამის სწავლა, საორგანიზაციო და ტექნიკური თვალსაზრისით, და დღეს უკვე მსოფლიოში წამყვანი კურორტების დონეს ვუტოლდებით. ასე გვაფასებენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები, ევროსპორტის კომენტატორები, თვითონ სპორტსმენები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში.
ამ წლების განმავლობაში შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც ჩვენი ფედერაცია და მთის ტრასების სააგენტო შედის, შეიქმნა მოხალისეების ჯგუფი, დაახლოებით 400-მდე მოხალისე, რომელთა როლი უმნიშვნელოვანესია საშეჯიბრო პროცესის სწორად წარმართვაში. რაც მთავარია, ბაკურიანს შეემატა თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა. საქართველოს მთავრობის მიერ კურორტი აღიჭურვა ხელოვნური გათოვლვიანების ხაზით, გაკეთდა წყლის ორი რეზერვუარი, ახალი საბაგიროები და საშეჯიბრო ტრასები. ამ უდიდესი ინვესტიციის შედეგად, დარწმუნებული ვარ, ბაკურიანი ერთ-ერთ მოწინავე კურორტად იქცევა სრიალის მოყვარულებისთვის.
რას მოუტანს ეს ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანას?
გარდა იმისა, რომ ჩემპიონატისთვის შექმნილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა დარჩება კურორტს და ბაკურიანი მსოფლიო დონის კურორტების გვერდით დაიკავებს ადგილს, მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ მოვიპოვებთ უფლებას, რეგულარულად ჩავატაროთ სამთო სათხილამურო სპორტის სხვადასხვა სახეობის საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები. ეს განსაკუთრებით დაგვეხმარება ჩვენი სპორტსმენების, ახალი თაობების აღზრდაში და ხელს შეუწყობს მათ ინტეგრირებას საერთაშორისო ასპარეზზე. საორგანიზაციო ჯგუფების გამოცდილება მსგავსი რანგის შეჯიბრებების საქართველოს სხვადასხვა მთიან რეგიონში საკუთარი ძალებით ჩატარების შესაძლებლობას შექმნის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობების ხარისხიანი აღზრდისთვის.
ჩვენი ქვეყნის სხვა ზამთრის კურორტებსაც აქვს მსოფლიო დონის პოტენციალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება სხვა კურორტების განვითარების საწინდარია და ეს პროცესი მალე დაიწყება.
ბოლო წლებში, და განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის, იმატა კერძო კომპანიების რიცხვმა, რომლებსაც ზამთრის სპორტის პოპულარიზაციის საქმეში თავისი წვლილი შეტანა სურთ და ეს ძალიან სასიხარულოა. წლების განმავლობაში, დაარსების დღიდან, ჩვენი ერთგული სპონსორი იყო სილქნეტი, კომპანია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენ დღეს მსოფლიო სპორტის რუკაზე მოვინიშნეთ და ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების მასპინძლები ვართ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სილქნეტის დამფუძნებლის და სათხილამურო სპორტის ქომაგის, გიორგი რამიშვილის პირადი წვლილი მრავალწლიანი მიზნის რეალობად ქცევაში უდიდესია და თუ სახელმწიფოს მხარდაჭერას, კერძო სექტორიც კიდევ უფრო აქტიურად შემოუერთდება, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად წარმატებით გავართმევთ თავს ურთულეს გამოწვევებს და ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში საამაყო წვლილს შევიტანთ.
რამდენი სახეობაა და დაახლოებით რამდენი სპორტსმენს ველოდებით?
მსოფლიო ჩემპიონატი 7 დისციპლინაში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება თავისუფალი სტილით სრიალის ყველაზე ექსტრემალური და ყველაზე სანახაობრივი სახეობები. ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 700-მდე სპორტსმენი 42 ქვეყნიდან. ჯამში დაახლოებით 3000-მდე უცხოეულ სტუმარს ველოდებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებს, გუნდების წევრებს, ექიმებს, მსაჯებს, მედიის წარმომადგენლებს, უბრალო მაყურებლებს და ზამთრის სპორტის მოყვარულებს.