20
აპრ
2018

რას ურჩევდნენ წარმატებული ადამიანები ახალგაზრდა და გამოუცდელ საკუთარ „მეს“ რომ შეხვედროდნენ?!

20 აპრ 2018

სიბრძნე წლებსა და გამოცდილებას მოაქვს. იდეალური არავინაა. ბევრი, ვინც უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, საკუთარ შეცდომებს იხსენებს და საჯაროდ განიხილავს. ეს ძალიან კარგი მაგალითია დამწყებთათვის. რას ეტყოდნენ მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული მენეჯერები, დირექტორები, კომპანიების დამფუძნებლები ახალგაზრდა და ჯერ კიდევ გამოუცდელ საკუთარ „მეს“ რომ შეხვედროდნენ?!

statiebi-bog
statiebi-bog

არ არის საჭირო, ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო!

არაუშავს, ხანდახან თუ „მოეშვები​​“. საშუალო სკოლასა და კოლეჯში ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი. განათლებული ადამიანი ხომ მთებს გადადგამს.  ახლა ვფიქრობ, არ არის საჭირო, სულ ასეთი ძლიერი და ყოვლის მცოდნე იყო. ხანდახან, უთხარი ადამიანებს, რომ რაღაც არ იცი. ნახავ, როგორ დაგიდგებიან გვერდში და დაგეხმარებიან (Mike Tuchen, Talend-ის აღმასრულებელი დირექტორი).

შენი კომპანიისთვის თანადამფუძნებლების შერჩევა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა!   

პირველი საწარმო მაშინ დავაფუძნე, როცა სახლიდან შორს, ბოსტონში ფილოსოფიის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობდი. თითქმის არავის ვიცნობდი. ამიტომ, თანადამფუძნებლებად ჩემი ბავშვობის ორი მეგობარი შევარჩიე. ადამიანები, რომლებსაც ბოლომდე ვენდობოდი. გადაწყდა, საწარმოს საქმიანობაში თანაბრად ჩართულები ვყოფილიყავით. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კონკურსის ნახევარფინალშიც კი გავედით (მივიღეთ $ 100 000), მაგრამ საწარმო წარუმატებელი აღმოჩნდა. მომავალი გაურკვეველი იყო, რადგან სამივეს განსხვავებული შეხედულება და წარმოდგენა გვქონდა განვითარებაზე. სტარტაპის შექმნა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის. თუ დამფუძნებლების საქმისადმი დამოკიდებულება 1 000%-ით არ ემთხვევა ერთმანეთს და ბოლომდე ერთმანეთის ერთგულები არ არიან, ეს საქმე უბრალოდ განწირულია. (Dr. Micha Breakstone, Chorus.ai-ის თანადანფუძნებელი)

ისეთი ადამიანი გჭირდება, ვინც შენს აზრებს ეჭვის თვალით უყურებს! 

აღმასრულებელ დირექტორს ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ მის ძირითად შეხედულებებს, მუდმივად ამოწმებენ და ბიძგს აძლევენ. თუ გარშემო შენგან განსხვავებულად მოაზროვნე ხალხი გეყოლება, შექმნით უკუკავშირის ციკლს, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის შენს შეხედულებას და საბოლოოდ, საუკეთესო ლიდერი გახდები (Gordon Ritter, Emergence Capital-ის დამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი).

 თანამშრომლები ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენე! 

კარიერას რომ ვიწყებდი, სულ პირველი სამუშაო დღე, მსუბუქად რომ ვთქვათ, იდეალური არ იყო. მივედი კომპანიაში და მიხვდი, რომ ჩემს დასახვედრად არავინ მომზადებულა – არც კომპიუტერი, არც ადგილი, დიდად არც რამე უკითხავთ ან უთქვამთ. მაშინვე მიხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. ამ სამსახურში 6 თვე ვიმუშავე. დღევანდელი გადმოსახედიდან, მე, როგორც დამქირავებელმა და გენერალურმა დირექტორმა ზუსტად ვიცი, თითოეულ თანამშრომელს პირველივე დღიდან უნდა ვაგრძნობინო, რამდენად მნიშვნელოვანია. ამას გამოცდილება მალაპარაკებს. ამიტომ, ყველას მიეცი შესაძლებლობა ის გახდეს, რასაც მისგან ელოდები. მოსვლისთანავე დაახვედრე გამზადებული და ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი სამუშაო კუთხე, დაანახე, რომ აბსოლუტურად შეესაბამება ორგანიზაციას, მის მიზნებს, ხედვას და რომ მისი ადგილი შენს კომპანიაშია. ასეთი დაფასებული თანამშრომელი ყოველთვის ძალიან პროდუქტიულია (Tom Goodmanson, Calabrio-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი).

სწორად შეარჩიე გუნდი! 

დიდებულია ფანტასტიკური იდეები და თეორიები, მაგრამ სწორად შერჩეული ადამიანების გარეშე, ვინ ამ ყველაფერს შენთან ერთად გაიზიარებს, დამიჯერე, არაფერს აზრი არ აქვს. შენი გუნდი შენი აქტივია. ამიტომ, ისღა დაგრჩენია ზუსტი გეგმა დასახო და სწორად შერჩეულ გუნდთან ერთად განახორციელო. ამ შემთხვევაში ნამდვილად მიაღწევ წარმატებას (Billy Bosworth, DataStax-ის აღმასრულებელი დირექტორი).

იცოდე, რისთვის იბრძვი! 

ამას ძალიან დიდხანს ვსწავლობდი. თავისი წილი ბრძოლა ყველა ენერგიულმა და ჭკვიანმა ადამიანმა უნდა გადაიტანოს. შედეგი კი უცბად არ მოდის, დრო და პერმანენტული, კონცენტრირებული მუშაობა სჭირდება. მაგრამ აქ მეორე უკიდურესობაა, პატარა-პატარა, გამუდმებულ ბრძოლების მოგებაში, შესაძლოა, მთავარი გამარჯვება და პრიზი გამოგეპაროს ან დაკარგო. წარმატების საწინდარი, ხშირად, სწორედ ბალანსის პოვნაა (Frank Bien, Looker-ის აღმასრულებელი დირექტორი).

პირველ ადგილზე ყოველთვის კლიენტია და არა ტექნოლოგია! 

როგორც ტექნიკური განათლების მქონე ანტრეპრენაურთა უმეტესობა, ჩემთვისაც პირველ ადგილზე ტექნოლოგიები იყო. მაგრამ კარიერის მანძილზე მიღებული გამოცდილებით მივხვდი, რომ ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობების სრული რეალიზებისთვის პირველ ადგილზე კლიენტი უნდა დამეყენებინა, უნდა გამეგო ყველა მისი სუსტი წერტილი, სურვილი და ზუსტად ის პროდუქტი შემეთავაზებინა. გარკვეული დროის მერე ესეც აღარ მაკმაყოფილებდა – საჭირო გახდა, ბიზნესი კლიენტების სურვილების გარშემო გამეფართოვებინა და მათთვის ახალ-ახალი პროდუქტები შემეთავაზებინა (Rajiv Gupta, Mcafee- ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი).

ნუ გეჩქარება აუდიტორიიდან კაბინეტში გადასვლა! 

რამდენი ახალგაზრდა ცდილობს, უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისთანავე დაიწყოს მუშაობა. ჩემი აზრით, ეს დიდი რისკია. 6 თვით მაინც დაისვენე – იმოგზაურე, დატკბი ცხოვრებით, გამოდი კომფორტის ზონიდან და რაც შეიძლება ბევრი ახალი გამოცდილება მიიღე. ეს იქნება, ფაქტობრივად, ბოლო შემთხვევა, როცა შეძლებ, შენს ნებაზე აიღო შვებულება და დაისვენო. სანამ კარიერას დაიწყებ, გაერთე და დატკბი ცხოვრებით თანაც, მოგზაურობისას, იმდენ საერთაშორისო გამოცდილებას მოაგროვებ, რომ თანატოლებთან შედარებით დიდი უპირატესობა გექნება. ცხადია, ამ ყველაფრს გაამყარებს ძალიან კარგი განათლება, რომელიც, რასაკვირველია, მანამდე აუცილებლად უნდა მიიღო (Eric Stang, Ooma-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი).

მაქსიმალურად გამოიყენე დრო! 

მაქსიმალურად გამოიყენე დრო. ამის საუკეთესო საშუალება პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაა. ხედავ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი იწელება? გაარკვიე მიზეზი და მოაგვარე საკითხი. ეცადე, სწორად გაუნაწილო ფუნქცია-მოვალეობები თანამშრომლებს. თუ სხვებსაც მისცემ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, ეს პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. თანაც, გაზრდი მათ თავდაჯერებულობას, მოტივაციას და შესაბამისად, პასუხისმგებლობის გრძნობას. მართალია, ინტუიციის დონეზე ყველამ კარგად იცის, მაგრამ მაინც ყოველთვის შეახსენე თანამშრომლებს კომპანიის პრიორიტეტები ( Jesse Robbins, Orion Labs-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი).

ენდე შენს ინტუიციას! 

ჩემი ახალგაზრდა „მე“ თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას გაცილებით მეტ ანალიზს გააკეთებდა, ჩამოწერდა „კი“-სა და „არა“-ს სიას, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ძალიან ბევრ ვარიანტს განიხილავდა. ახლა, საღამოს პროფესიული კუთხით მიმოვიხილავ საკითხს, დილას კიდევ ერთხელ დავფიქრდები და როგორც წესი, საკუთარ ინტუიციას ვენდობი. გარდა ამისა, მყავს მეგობრები, რომლებთან საუბრითაც ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ სწორი ინსტინქტები და ზუსტი აზროვნება მაქვს. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს რჩევას ხშირად ვეკითხები (Jeremy Sicklick, HouseCanary-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი).

საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს!

ახალგაზრდა რომ ვიყავი, ვფიქრობდი, იყო თემები, რაშიც ძალიან კარგად ვერკვეოდი და არსებობდა საკითხები, რომლებისაც არაფერი გამეგებოდა. რა უნდა მომხდარიყო, რომ ასეთი საქმისთვის ხელი მომეკიდა. ახლა კი ვიცი, რომ ყველაფრის სწავლა შეიძლება. მთავარია, დრო, რესურსი და ენერგია. როცა არ ვმუშაობდი, ვერ ვახერხებდი, მასწავლებელთან ან ქოუჩთან სიარულს. ახლა კი, სწავლისა დიდი შრომის შედეგად, გვაქვს კომპანია, სადაც ყველას უყვარს თავისი საქმე და ყოველ დილას სამსახურში მოსვლა უხარიათ (Nick Kohut, Dash Robotics-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი).

გამოიწვიე საკუთარი თავი! 

არ შეგეშინდეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამის შესაძლებლობა გეძლევა. 30 წლის არ ვიყავი, Macromedia-ში ვმუშაობდი. უცბად, Mosaic Systems-ში გადასვლა შემომთავაზეს. მაშინ სან ფრანცისკოში ვცხოვრობდი, Macromedia იყო შესანიშნავი კომპანია, მქონდა დალაგებული პირადი ურთიერთობები და ა.შ. ახალი გამოწვევა რომ მიმეღო, კალიფორნიაში უნდა გადავსულიყავი, ეს კი ცხოვრებას თავდაყირა დამიყენებდა. საბოლოოდ, მაინც ინტუიციას ვენდე და შემოთავაზებას დავთანხმდი. Mosaic Systems ჩემთვის კარიერული აღმავლობისა და ახალი პირადი ურთიერთობების საწინდარი გახდა. ჩემი რჩევაა, გადაწყვეტილების მიღების ნუ შეგეშინდება, ყველაფერი კარგად იქნება (Rix Kramlich, Blurb-ის აღმასრულებელი დირექტორი).

 სანამ საქმეს ხელს მოჰკიდებ, კარგად მოემზადე!

რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა, ინჟინერი გამოვსულიყავი. ეს ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. თუმცა, საამისოდ ძალიან ბევრი სწავლა და შრომაა საჭირო. გადავწყვიტე, ჩემი ოცნების ასასრულებლად, ძალიან შრომატევადი და რთული გზა გამევლო. მაგრამ კარგად ვერ შევაფასე ვითარება. იმ დონეზე გამიჭირდა ამდენი მასალის ათვისება და ინფორმაციის მიღება, რომ ყველა გამოცდის ჩაბარება ვერ მოვახერხე. შემდეგ ყველაფერზე უარი ვთქვი, მხოლოდ სწავლაზე მოვახდინე კონცენტრაცია. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ჩავაბარე გამოცდები, მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი იყო – მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, ზუსტად განვსაზღვრო იმ საქმის სირთულე, რასაც ვეჭიდები და გადაწყვეტილება გააზრებულად მივიღო (Aseem Chandra, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, Adobe).

ენდე შენს ინსტინქტს! 

მაშინ ხარ ძლიერი, თუ კარგი გუნდი გყავს. დარწმუნდი ვის ისვამ მანქანაში, გრძელი მოგზაურობის წინ. ანუ, ვისთან ერთადაც საქმეს დაიწყებ, მასში აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო. ხშირად ამაში ინსტინქტი გეხმარება. ერთხელ არ ვენდე საკუთარ ინსტინქტსა და ინტუიციას და საშინელი შეცდომაც დავუშვი – გუნდის წევრად არასწორი ადამიანი ავირჩიე. სამწუხაროდ, გვიან მივხდი. მინდა გითხრა, რომ ძალიან მტკივნეული იყო ეს მარცხი (Peter Micciche, Certain-ის აღმასრულებელი დირექტორი).

აუცილებელია წარმატებისა და სირთულეების ბალანსი ! 

ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პრობლემაზე კონცენტრაცია და მისი მოგვარება შეძლო. მუდმივად იფიქრე, რა სარგებელსა და წარმატებას მოგიტანს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა. აქცენტი გააკეთე, ყოველთვის დადებით შედეგზე და ამის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხიო (Bruce Jaffe, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი).

ზოგჯერ, მარცხი ინსპირაციის წყაროა! 

ბევრ ანტრეპრენუარს და მათ შორის მეც, საწყის ეტაპზე არაერთი მარცხი განგვიცდია. ამ დროს სწრაფად უნდა იპოვო გამოსავალი, მოსინჯო სხვადასხვა გზა და საბოლოოდ სწორი არჩევანი გააკეთო. ჯერ დაბრუნდი იქ, საიდანაც დაიწყე. რახან დამარცხდი, ე.ი. რაღაც არასწორად გათვალე ან გააკეთე. ამიტომ, ხელახლა შეისწავლე ბაზარი, შეაფასე სიტუაცია და შეცვალე სტრატეგია. ასე შეძლებ ჩამოაყალიბო ახალი ხედვა, მის შესაბამისად კი შექმნა პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ბაზრის მოთხოვნებსაც უპასუხებს (Collin Holmes, Chatmeter-ის აღმასრულებელი დირექტორი).

სულ უნდა იჩქარო! 

დაივიწყე მუხრუჭები. როგორც ლიდერს, ხშირად გეტყვიან, „ძალიან ნელა მივდივართ წინ“, ან „ერთი ნაბიჯი უკან, ორი – წინ“. სულ უნდა იჩქარო. თუ შენი კონკურენტი სწრაფად მიდის, გაასწარი. გადამწყვეტ მომენტში სისწრაფით აჯობე და აუცილებლად გაიმარჯვებ (Rick Bergman, Synaptics-ის აღმასრულებელი დირექტორი).

უნდა გამოხატო! 

ერთადერთი, რაც მინდა, ჩემმა ახალგაზრდა „მემ“ იცოდეს, ეს არის ბალანსის დაცვა სწრაფი, სხარტი გადაწყვეტილებების მიღებასა და სინანულის გარეშე მიღწევების გამოხატვას შორის (Chris Mackey, MackeyRMS-ის აღმასრულებელი დირექტორი).

ბიზნესი მხოლოდ პროდუქტის შექმნა არ არის! 

მთავარი პრობლემის გადაჭრაა. გადაწყვეტილების მიღება მარტივია, მით უმეტეს, როცა მუდმივად თვალს და აკონტროლებ ბაზრის მოთხოვნებს და გაქვს უკუკავშირი მომხმარებელთან. მთავარია, სულ მზად იყო პრობლემების მოსაგვარებლად. ბიზნესის წარმატებას სწორედ ეს განაპირობებს (Eyal Grayevsky, Mya System-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი).

რა არის ნამდვილი ბედნიერება?! 

მინდა, ჩემმა ახალგაზრდა „მემ“ იცოდეს, რომ ნამდვილი ბედნიერება ეს სხვების გახარებაა. ეს პირველად მაშინ ვიგრძენი, როდესაც Zoom შევქმენი და დავინახე, რა განცდა ჰქონდათ ჩვენს მომხმარებლებს. ვისურვებდი,  ადრე გამეგო ამ გრძნობის შესახებ ( Eric S. Yuan, Zoom Video Communications-ის  დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი).

წყარო: www.inc.com



განხილვა