in

20 საკულტო ბრენდი და მათი წარმატების საიდუმლო

საკულტო ბრენდს არ ქმნის მხოლოდ ლოგო და სახელი, მას ქმნის გამოცდილება, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს საუკეთესო ბრენდინგსაც. ისინი, ვინც შთაგონებას ეძებენ, ხშირად ეცნობიან ისეთი ცნობილი ბრენდების ისტორიებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მსოფლიოში დამკვიდრებულნი არიან. დიზაინის ექსპერტთა გუნდმა კი გამოავლინა 20 ასეთი ბრენდი და გაგვიზიარა, თუ რატომ არიან ეს ბრენდები წარმატებულნი.

Apple

მისი ცნობილი ლოგო მყისიერად ამოსაცნობთა სიაშია მაშინაც კი, როდესაც დიზაინი ახლდება. ბრენდის ღირებულებებითაა გაჟღენთილი აბსოლუტურად ყველა დეტალი, დაწყებული შეფუთვით, დიზაინის ენითა და საცალო მაღაზიებით დამთავრებული. 

კომპანია მუდმივად ქმნიდა ესთეტიკურად სასიამოვნო მოწყობილობებს, რომლებიც აერთიანებს ფორმას ფუნქციასთან. Apple-ის დიზაინის ფილოსოფია ორიენტირებულია ინტუიციური, მოსახერხებელი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც, ამავდროულად, ლამაზიც არის.

Red Cross

წითელი ჯვრის ლოგო იმდენად არის ჩადებული ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში, რომ მას ავტომატურად სამედიცინო დახმარებას ვუკავშირებთ. ზოგიერთ ჩვენგანს არასოდეს ჰქონია ურთიერთობა წითელ ჯვართან, მაგრამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს იგი და როგორ ცვლის ის ადამიანების ცხოვრებას მთელ მსოფლიოში.

Bass

Bass ლუდსახარში დაარსდა 1777 წელს და მისი წითელი, სამკუთხედი ლოგო განსაკუთრებულია იმით, რომ ის იყო პირველი სავაჭრო ნიშანი, რომელიც დარეგისტრირდა დიდ ბრიტანეთში, 1876 წლის 1 იანვარს. სიმბოლოს გამორჩეულმა ფორმამ და თამამმა ფერმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს ლუდი სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო. ის დღემდე რჩება ბრენდის მუდმივ სიმბოლოდ.

Uniqlo

თანამედროვე სტილისა და ბრენდინგის წყალობით, ეს იაპონური ტანსაცმლის ქსელიც საკულტო ბრენდების სიაშია. ამას ხელს უწყობს მისი ორენოვანი ლოგო და პოზიციონირებაც ბაზარზე, რაც უკვე დიდი ხანია გასცდა ლოკალურს და მსოფლიო მასშტაბად გადაიქცა.

Subway

ახალი პროდუქტებით დამზადებული, ინდივიდუალურად აწყობილი სენდვიჩები ამ ბრენდის ჯანსაღი იმიჯის საწინდარი გახდა. ლოგო, სლოგანი და მაღაზიების დიზაინი კი ყველასთვის კარგად ნაცნობია. მისი ერთგვაროვანი განლაგება და მომხმარებელთა მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე ბრენდის უნიკალურობას განაპირობებს.

Ralph Lauren

კიდევ ერთი მყისიერად ცნობადი ლოგო, რომელზეც პოლოს მოთამაშეა გამოსახული, გახდა ძვირადღირებული ყოველდღიური ტანსაცმლის ემბლემა. ამ ლოგოს აქვს ძლიერი კულტურული გავლენა, რაც მას სინონიმად აქცევს მაღალი ხარისხის, ელეგანტური ტანსაცმლის ბრენდად. 

ცალკე უნდა აღვნიშნოთ Ralph Lauren-ის მარკეტინგული კამპანიები. მისმა მდიდრულმა, ელეგანტურმა სტილმა და თანამშრომლობამ ცნობილ ადამიანებთან ბრენდის საკულტოდ ჩამოყალიბების ნაწილში დიდი როლი შეასრულა.

Veuve Clicquot

გარდა იმისა, რომ მდიდარი ისტორია აქვს, ეს ბრენდი საკულტოდ იქცა ინოვაციური შამპანურის წარმოებითა და ფუფუნებასთან ასოცირებული იმიჯით. საფირმოდ იქცა მისი ყვითელი ეტიკეტიც. თამამი ფერი გამოირჩევა თაროებზე და ასოცირდება როგორც ექსკლუზიურობასთან, ასევე ზეიმთან.

Zippo

Zippo პოზიციონირებს, როგორც საიმედო, გამძლე და ოსტატი ამერიკიდან. სანთებელას მარტივი, დახვეწილი და ფუნქციონალური დიზაინი ძირითადად უცვლელი დარჩა მას შემდეგ, რაც ის პირველად გამოვიდა 1932 წელს. მისი გამორჩეული მართკუთხა ფორმა და თავსახური  ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პროდუქტის დიზაინია, რომელსაც მარტივად ცნობს ყველა. 

Zippo-ს სანთებლები იქცა კულტურულ ხატებად, რომლებიც წარმოადგენს ყველაფერს სამხედრო სამსახურით დაწყებული, როკ-ენ-როლამდე და პოპ კულტურამდე.

Adidas

პროდუქციის ხარისხის გარდა, Adidas გახდა მნიშვნელოვანი მოთამაშე მოდის სამყაროში, განსაკუთრებით ქუჩისა და ცხოვრების სტილის ტანსაცმლის მიმართულებით. დიზაინერებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან Kanye West (Yeezy), ფარელ უილიამსი და სტელა მაკარტნი, დაეხმარა Adidas-ს, პოზიციონირებულიყო, როგორც მოდური და კულტურულად მნიშვნელოვანი ბრენდი. მან შეძლო და გააერთიანა სპორტი და ყოველდღიური სტილი. 

ცალკე უნდა აღინიშნოს მისი ლეგენდარული სლოგანი Just do it და ლოგო.

Google

Google დიდი ხანია გასცდა საძიებო სისტემის სახელს. ის სანდოობის, სიჩქარისა და ინფორმაციაზე წვდომის სინონიმად იქცა. მისი ლოგო მყისიერად ცნობადია და ბრენდი მუდმივად მაღალ პოზიციებს იკავებს მომხმარებელთა ნდობის თვალსაზრისით. ადამიანები მიმართავენ Google-ს არა მხოლოდ საძიებლად, არამედ ელფოსტის, ღრუბლოვანი სისტემისთვის და ბევრი სხვა დანიშნულებით. აღსანიშნავია ის კულტურული გავლენა და ბრენდის ერთგულება, რომელსაც ის წლებია ნერგავს.მხიარული, თანამშრომლებისთვის მეგობრული გარემო და მისი ცნობილი „Google Doodles“ (მორგებული ლოგოები, რომლებიც აღნიშნავენ დღესასწაულებსა და ისტორიულ მოვლენებს) დაეხმარა ბრენდის ჰუმანიზაციას.

Paul Smith

ამ ბრენდს გააჩნია გამორჩეული ბრიტანული მემკვიდრეობა, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ხელოსნობას თანამედროვე სტილთან. დიზაინის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ფერებისა და შაბლონების თამამი და ხალასი გამოყენება. ბრენდი ცნობილია იმით, რომ კაცის კლასიკურ ტანსაცმელს დაუმატა მოულოდნელი შტრიხები, უცნაური პრინტები, რომლებიც გამოარჩევს მას სხვა ძვირადღირებული ბრენდებისგან. მოდისადმი ეს მხიარული მიდგომა გახდა Paul Smith-ის ნიშა.

IKEA

მდგრადობისადმი ერთგულება, მარტივი, ფუნქციური დიზაინი – მისი მთავარი მახასიათებლებია. IKEA-ს დიზაინი ფოკუსირებულია ფუნქციონალურობაზე, ეფექტურობასა და სიმარტივეზე. მისი პროდუქტები ხშირად მრავალმხრივი გამოყენებისაა, რაც მათ შესაფერისს ხდის სხვადასხვა საცხოვრებელი ფართისთვის, განსაკუთრებით პატარა ბინებისთვის. ბრენდმა აითვისა ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც ერთდროულად არის პრაქტიკულიც და ესთეტიკურად სასიამოვნო.

Charity Water

ამ ბრენდმა სიყვარული და პოპულარობა რამდენიმე მიზეზის გამო მოიპოვა: მას ყოველთვის ნათელი მისია ჰქონდა, რომელსაც ერთგულად ემსახურება. საინტერესო სთორითელინგი: ის რეალურ ისტორიებს აზიარებს თავისი ფოტოებითა და ვიდეოებით, რომლითაც ქმნის ემოციურ კავშირს თავის გულშემატკივრებთან. 

Toms

ბრენდმა საკუთარი თავი შექმნა „ერთი ერთისთვის” გაჩუქების მოდელით, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული გაყიდული ფეხსაცმლის შემდეგ კომპანია ერთ წყვილს გაჭირვებულ ბავშვს ჩუქნის. ამან არა მხოლოდ დადებითი გავლენა მოახდინა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, არამედ საფუძველი ჩაუყარა ახალ კორპორაციულ პასუხისმგებლობას და შთააგონა სხვა ბრენდებიც, მოეფიქრებინათ რაიმე მსგავსი.

Dyson

Dyson დიდ აქცენტს აკეთებს დიზაინზე, ფორმასა და ფუნქციაზე. მისი პროდუქტი არა მხოლოდ ეფექტური, არამედ ესთეტიკურად თვალშისაცემიც არის. ამასთან, ბრენდმა შექმნა მომხმარებელთა ძლიერი ლოიალობა, რადგან მან თავის ვალდებულად გაიხადა, ხშირად მიმართოს მომხმარებლის ტკივილის წერტილებს, როგორიცაა ხმაურის შემცირება, შეწოვის გაუმჯობესება ან მეტი კომფორტი. 

The Rolling Stones

ილუსტრირებული ტუჩები და ენა როლინგ სტოუნსის საკულტო ემბლემა გახდა. ის 1970 წელს ჯონ პაშემ შექმნა. 

ჯგუფმა დიდი კულტურული გავლენა იქონია და სათავეში ჩაუდგა მეამბოხე, კონტრკულტურულ სულისკვეთებას 1960-იანი წლებში. მათ დაამკვიდრეს როკ-ენ-როლის თავისუფლება, სოციალური ცვლილებები და პიროვნული გამოხატვის იდეები. 

Coca-Cola

Coca-Cola-ს გამორჩეული წითელი და თეთრი ლოგო თავის შრიფტთან ერთად მყისიერად ამოსაცნობია. ლოგო თითქმის უცვლელი დარჩა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც ხელი შეუწყო მუდმივი ვიზუალური იდენტობის შექმნას. კომპანიის ბრენდინგის თანმიმდევრულობამ განამტკიცა Coca-Cola, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად იდენტიფიცირებადი ბრენდი მსოფლიოში.

The V&A

The Victoria and Albert Museum (V&A) ითვლება საკულტო ბრენდად მისი მდიდარი ისტორიის, განსაკუთრებული კოლექციების, დიზაინის, ხელოვნებისა და კულტურის სამყაროში მნიშვნელოვანი გავლენის გამო. V&A ფართოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მუზეუმი, რომელიც ატარებს პიონერულ გამოფენებს და მუდმივად არის რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის.

Pixar

ინოვაციური თხრობის მანერა Pixar-ის ცნობილი ნიშაა. მისი ისტორიები ცნობილია ემოციური ნარატივით, იუმორითა და ყველა ასაკის აუდიტორიასთან დაკავშირების უნარით. როგორც კი ფილმის დასაწყისში მოხტუნავე სანათი გამოჩნდება, ყველა მაყურებელმა იცის, რომ ეს პიქსარის სიმბოლოა.

Irn-Bru

უნიკალური გემოს გარდა, მის ცნობადობაში დიდი როლი ითამაშა კულტურულმა იდენტობამ და შოტლანდიურმა სულმა. 

ნამდვილად საკულტოა მისი ბრენდირება და შეფუთვა. მისი ღია ნარინჯისფერი და ბოთლის დიზაინი მყისიერად ამოსაცნობია. თამამი, თვალისმომჭრელი შეფუთვა თაროებზე ყოველთვის გამოარჩევს, რომელსაც თვალს ვერ აარიდებ.

როგორ ცდილობენ გაცნობის აპლიკაციები მარტოობასთან ბრძოლას

როგორ ცვლის TikTok Shop ბრენდების მომხმარებლებთან კომუნიკაციის გზებს