in

ჩვენც ვითამაშოთ „20%“ – ანტისაოკუპაციო თამაში, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს

როგორ უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და რა მნიშვნელობა აქვს ამ ბრძოლაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას? იმ ინფორმაციული ომის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, ამ კითხვაზე პასუხი სულ უფრო ცხადი ხდება და თითქოს ისიც ცალსახაა, თუ რა უნდა გავაკეთოთ სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად – ვილაპარაკოთ ბევრი და ბევრგან. ისტორიულად, სათქმელის გამოხატვა სხვადასხვანაირად ხდებოდა, თუმცა, ეს გზები იმდენად მრავალფეროვანი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში, გვაქვს მრავალი პასუხი კითხვაზე – „როგორ ვქნათ?“ ახალბედა კომპანია „სანაპსი“ კი გვეუბნება – „ვითამაშოთ“.

და ასე, „20%“ სოციალური თამაშია, რომლის შემქმნელები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას აპროტესტებენ და არატრადიციული გზით ცდილობენ აამაღლონ ცნობიერება, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამით ისინი სხვადასხვა მედიისა თუ ორგანიზაციისთვის მიუწვდომელ აუდიტორიას წვდებიან – მათ, ვისაც თამაში უყვარს და იქნებ, თამაშით სწავლაც ურჩევნია.

მოთამაშეს ეკრანზე გამოესახება რაიმე ნივთი (არაყი, ბალალაიკა, სამოვარი), რომელიც აზრობრივად, ან ფაქტობრივად რუსეთის კულტურასთანაა დაკავშირებული. მთავარი პრინციპია, ხელის მარტივი მოძრაობითა და თვალის სიზუსტით, ზემოთ აღნიშნულ საგანს ჩამოაჭრა ზუსტად ოცი პროცენტი, რაც ასოცირდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპირებასთან. თამაშის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, საქართველოს ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ვიფიქრეთ, რომ ამისთვის მხოლოდ საგნების ჭრა არ იყო საკმარისი და თამაშის დასრულების შედეგ, ჩნდება ფანჯარა, სადაც მომხმარებლის ქულის დაბლა ჩანს რაიმე ფაქტი, რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობებზე, ანუ ინფორმაცია ოკუპაციაზე, ომებზე, პროპაგანდაზე და ა.შ. გარდა ამისა, საჭიროდ ჩავთვალეთ გაზიარების ღილაკის დამატება, რადგან მოთამაშისთვის რომელიმე ფაქტი, შესაძლოა, საკმაოდ უცნობი იყოს და მისი სოციალურ მედიაში გავრცელების სურვილი გაუჩნდეს“, – გვიყვება ლევან სანადირაძე, თამაშის ერთ-ერთი შემქმნელი.

თამაშ 20%-ის შექმნის იდეა 6 ადამიანისგან შემდგარ „სანაპსის“ გუნდში საკმაო დროის განმავლობაში მწიფდებოდა. მათი თქმით, მათ უნდოდათ შეექმნათ პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ აქტუალური, არამედ საზოგადოებისთვის სასარგებლო, საჭირო და მნიშვნელოვანი იქნებოდა.

M: ვისგან შედგება „სანაპსის“ გუნდი?
ჩვენი გუნდი შედგება საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე 6 ახალგაზრდასგან, ჩემი ჩათვლით, რომლებიც, უმეტესად, უნივერსიტეტმა დაგვაკავშირა, თუმცა, პოზიციებისა და როლების გადანაწილება არ გაგვჭირვებია. ამჟამად, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია Front & Back End და Software დეველოპერებისგან, ასევე გვყავს დიზაინერი, ბიზნეს ანალიტიკოსი, მარკეტინგის მენეჯერი და ბუღალტერი – ძირითადად ყველა ის კადრი, რაც კომპანიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამ როლებს ვინაწილებთ და საჭიროების შემთხვევაში ვიცვლებით, ამით არა მხოლოდ კომპანიას, არამედ საკუთარ თავებსაც ვავითარებთ.

M: რამდენი ხანია, რაც თამაში ხელმისაწვდომია და რა შედეგი გაქვთ მომხმარებლის დაინტერესების კუთხით? როგორ აპირებთ თამაშის პოპულარიზებაზე ზრუნვას?
თამაშის ძირითადი ნაწილის შექმნას 2 კვირა დასჭირდა, გვინდოდა სიმბოლურად აგვისტოს ომის წლისთავზე დაგვედო და შესაბამისად, 7 აგვისტოს საღამოს გავხადეთ ხელმისაწვდომი, თუმცა თავდაპირველად, პროდუქტის დახვეწისა და განვითარების მიზნით, მასზე ინფორმაცია მხოლოდ შიდა წრეში გავავრცელეთ, რითაც ბეტა ტესტზე გადავედით. Feedback-ის შემდეგ, კიდევ უფრო დავხვეწეთ იდეები და საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ დავდეთ პოსტი სოციალურ ჯგუფში, რითაც ოფიციალურად გამოვაცხადეთ ჩვენი პროდუქტი. ამ მოკლე დროის განმავლობაში თამაში ასობით ადამიანმა გადმოწერა და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. თამაში ცოცხალი ორგანიზმია რომლის დახვეწასა და განვითარებას, რა თქმა უნდა ვაპირებთ, რაშიც ასევე ძალიან დაგვეხმარება მომხმარებლების კრიტიკული შეფასებები, შენიშვნები და რემარკები. პოპულარიზებაზე ზრუნვას კი, ძირითადად, ჩვენი ფეისბუკ გვერდის SANAPPS-ის საშუალებითა და სტატიებით ვგეგმავთ, საწყის ეტაპზე.

M: „20%“ „სანაპსის“ პირველი პროდუქტია. რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას და რამდენად აპირებთ სოციალური თემატიკის გათვალისწინებას, ახალი პროდუქტების შექმნისას?
კომპანია „სანაპსს“ მრავალი განხრა და ბრენჩი ექნება. იგი არაა მხოლოდ თამაშების კომპანია, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა აპლიკაციებისა და პროგრამების იდეები, ასევე, ინტერესისა და გეგმების დიდი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პროექტს უკავია, რომელთა შექმნასაც ეტაპობრივად ვაპირებთ. ჩვენი გეგმების სიაში, რა თქმა უნდა, თამაშებიც იქნება, რომლებიც მსგავს დატვირთვას – სოციალური პრობლემებისა თუ ამბების განსხვავებული ენით გადმოცემას მოემსახურება.

რამდენად ბევრი, ან ცოტაა 20%? ამის გაზომვა და მოსინჯვა საკუთარი თვალით და ხელით შეგიძლიათ. თამაში არ მთავრდება, სანამ არ წააგებთ. წაგებამდე კი, ყოველ ჯერზე, სამი ცდა გაქვთ. სხვადასხვა სიმბოლოსთვის/გამოსახულებისთვის 20%-ის ჩამოჭრის ცდა, ამ ეტაპზე, მხოლოდ Android-ის სისტემის მომხმარებლებს შეუძლიათ. თუმცა, მალე თამაში iOS-ის მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

ავტორი: ხატია თორდუა

Sony-ის საკულტო Walkman ბრუნდება 

ტვინის გავარჯიშება თუ გინდა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლე!