NASA Space Apps Challenge Tbilisi-ში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ჟიურიმ კი, საბოლოოდ, 70 აპლიკანტი შეარჩია. ჰაკათონი სტარტს დღეს, 2 ოქტომბერს, 20 საათზე იღებს და ის ორგანიზატორების მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება. ამას მოყვება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოღვაწე ქართული კომპანიის MaxinAI-ს ინჟინერიის მიმართულების დირექტორისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებული პროფესორის – ერეკლე მაღრაძის ლექცია, თემაზე: „როგორ შეიძლება სწრაფად დანერგოთ მანქანური სწავლების მოდელი ნებისმიერ გარემოში“.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, NASA-მ Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთად მიიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ღონისძიება ონლაინ რეჟიმში იმართება. NASA Space Apps Challenge Tbilisi სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დღის პირველი ნახევარი დაეთმობა ლექციებს, ხოლო მეორე ნახევარში მონაწილეები განავითარებენ თავიანთ პროექტებს, ჰაკათონის მენტორების მეთვალყურეობის ქვეშ.
NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის მთავარი პარტნიორია „ბილაინი“. ჰაკათონის პარტნიორია Edison Store ელექტრონული კომპონენტები, რომელიც ჰაკათონის 2 გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადასცემს Arduino-ს სრულ კომოპლექტაციას. ჰაკათონის პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, Zoomout და Fablab Iliauni. პროექტის მედიაპარტნიორია Marketer.ge
შეგახსენებთ, რომ წელს ჰაკათონს აქვს 25 გამოწვევა 6 კატეგორიის მიმართულებით: დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება. NASA Space Apps Challenge Tbilisi 4 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო მის გამარჯვებულ პროექტებზე რამდენიმე დღეში მოგიყვებით.