27
Mar
2019

„სილქნეტმა“ $200 მილიონის ევროობლიგაციები გამოუშვა

27 Mar 2019

სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, „სილქნეტი“ $200 მილიონის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციები გამოუშვა. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები 100%-იანი ღირებულებით განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„ამასთან, ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა სხვადსხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, შეფასდება მუდისის (Moody’s) B1 და ფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით. ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და „თიბისი კაპიტალი“, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან „სილქნეტის“ იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს“.

სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებელი და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ეს წარმატება კომპანიის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ასახავს:

„მინდა აღვნიშნო, რომ „სილქნეტი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდება შეუძლია მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში „სილქნეტის“ მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის, კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“.

როგორც „სილქნეტის“ გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი ამბობს, ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბონდების გამოშვება იმ წარმატებული ნაბიჯების ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც კომპანია, ბოლო წლების მანძილზე თანმიმდევრულად ახორციელებდა.

„განსაკუთრებით საამაყო კი ის ფაქტია, რომ ჩვენი ბონდების განთავსება არამარტო ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის მიღწევაა. დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, „სილქნეტს“ ეძლევა ტექნოლოგიური განვითრების უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს მომხმარებლისთვის მეტ საინტერესო და ინოვაციურ სერვისებსა თუ შეთავაზებებს“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „სილქნეტის“ ბონდების ემისია, უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხრიდან, საქართველოს მზარდად განვითარებადი ეკონომიკის მიმართ არსებული ნდობის დასტურია.

განხილვა