2010 წელი იყო, მაგისტრატურაზე კინგსტონის უნივერსიტეტმა მიმიღო და გაცნობითი, მოსამზადებელი შეხვედრაც მალე ჩაინიშნა. პრეზენტაცია პროფესორებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჩაგვიტარა. ვისაუბრეთ საგნებზე, ლექტორებზე, ლონდონის ამინდსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათებზეც კი, ბოლოს კი, დეკანმა გვითხრა “აქ თქვენი საუკეთესო მეგობარი თქვენი ლეპტოპი იქნება, ძალიან ბევრი წერა-კითხვა მოგიწევთ და დარწმუნდით, რომ ლონდონში ჩამოსვლამდე საიმედო მეგობარს შეარჩევთ”. სიტყვა საიმედო მაშინ ძალიან ჩამრჩა გონებაში და იმ დროს, ჯერ კიდევ უცხო ხილის, თეთრი “ვაშლი”-ს ყიდვა გადავწყვიტე.
პირველი თეთრი მაკბუკი გაფრენამდე ზუსტად 8 საათით ადრე ვიყიდე და ისიც არ ვიცოდი, რა როგორ მუშაობდა. ვნერვიულობდი, მაშინებდნენ — იცი, მაკზე შეიძლება რაღაც ვერ ჩართო, ვერ დაწერო, ვერ დააყენო, თუ გაფუჭდა ვერავინ გიშველის და ა. შ.
ეს შიში უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა, 12 წლის წინ მაკის მომხმარებლის პოვნა ურთულესი ამბავი იყო საქართველოში. ერთი რეზო გაბრიაძეს ედგა საკუთარ ოთახში და დახმარებისთვის ყოველდღე მასაც ვერ დავურეკავდი.
ეს ნერვიულობა ჩართვიდან 1 საათში დასრულდა. “ყველაფერი მარტივია” — ვუთხარი ჩემს თავს. 1 წლის შემდეგ იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ყველაზე სანდოა.
დღეს მეგობრობას MacBook Air M1 მიწევს.
დიზაინი და სპეციფიკაციები
მე გამოვცადე MacBook Air-ის M1 ჩიპის ვერსია, შვიდბირთვიანი GPU, 256 GB SSD და 8 GB მეხსიერებით. თუ თქვენც ჩემსავით გჭირდებათ ლეპტოპი ყოველდღიური სამუშაოებისთვის — ინტერნეტ სერფინგისთვის, დოკუმენტებთან მუშაობის, ფოტოების და ვიდეოების რედაქტირებისა და სხვა სამუშაოებისთვის, MacBook-ის ეს ვერსია ნამდვილად გამოგადგებათ. იმ შემთხვევაში, თუ ლეპტოპი უფრო პროფესიულ აპლიკაციებში სამუშაოდ გჭირდებათ, გირჩევთ, შეარჩიოთ მოდელი 16 GB მეხსიერებით.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ლეპტოპი მუშაობდეს უხმაუროდ, ვუსმენდე მუსიკას და არა ქულერების ხმას, ერთდროულად გაუმკლავდეს მრავალ დავალებას და ხანგრძლივი დროით იმუშაოს დამუხტვის გარეშე. MacBook Air M1 ჩიპთან ერთად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს: ჩუმია, აქვს მართლაც სწრაფი შესრულება, დიდი მეხსიერება და ბატარეის შესანიშნავი ხანგრძლივობა. ეკრანის გამოსახულება ძალიან ზუსტი და რეალისტურია.
Touch ID-ით შესვლა, 720p ვებკამერის რეზოლუცია, კომფორტულად განათებული Magic Keyboard-ი, დიდი Force Touch trackpad-ი — ეს ყველაფერი დიდი კომფორტია. ახალ მოდელზე შეცვლილია კლავიშების ფუნქციური განლაგება: ძიებისთვის დაემატა ღილაკი Spotlight-ი, რომელიც ამარტივებს სისტემაში და გუგლში ძიებას. ასევე, დაემატა ღილაკი Do Not Disturb, რომელიც ძალიან გეხმარებათ, როდესაც კონკრეტულ თემაზე ფოკუსირება გჭირდებათ და ამასთან, დაემატა კარნახი — ლაპარაკობ და ტექსტი იწერება.
დიდი ცვლილებაა გაგრილების მხრივაც. პირადად მე, დიდი დატვირთვის მიუხედავად ვერ მოვახერხე მისი გაცხელება, ეს კი ძალიან დიდი უპირატესობაა, რადგან ძალიან დიდი დისკომფორტია, როცა გახურებულ ლეპტოპზე გიწევს მუშაობა, მითუმეტეს თუ ადამიანი წამოწოლილ რეჟიმში ხარ.
პერფორმანსი
M1 ჩიპის წყალობით, MacBook Air-ის შესრულება შეუდარებელია. ლეპტოპი დავტესტე — ათზე მეტი პროგრამა და აპლიკაცია ერთდროულად ჩავრთე, რასაც შეუფერხებლად გაართვა თავი. მაგალითად, ერთდროულად ვმუშაობდი Photoshop-სა და Adobe Premiere-ში, პარალელურად მქონდა კონფერენციის ზარი Teams-ში და ბევრი ფანჯარა იყო გახსნილი Chrome-ში, ერთ-ერთ მათგანზე გავუშვი YouTube ვიდეო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, MacBook Air შეუფერხებლად და თანმიმდევრულად მუშაობდა.
უახლესი MacBook Air-ის ბატარეის ხანგრძლივობა 50%-ით უკეთესია, ვიდრე წინა მოდელი. დამუხტვის გარეშე ათიდან თორმეტ საათამდე უწყვეტი გამოყენებით მუშაობს. პროგრამა დაუყოვნებლივ იღვიძებს ძილის რეჟიმიდან. ასევე, შევამჩნიე, რომ ბატარეა არ იცლება სწრაფად ისეთი აპლიკაციების გამოყენების დროსაც როგორიცაა Zoom-ი, რომელიც საკმაოდ მძიმედ მოქმედებს ბატარეაზე.

ეკოსისტემა
Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტი მისი ეკოსისტემაა, თუ პარალელურად სხვა ეფლის მოწყობილობები გაქვთ ძალიან კომფორტულია, მიიღო შეტყობინება ერთგან და გახსნა მეორე მოწყობილობაში; ერთში დაკოპირებული გადმოაკოპირო პირდაპირ კომპიუტერში, აიფონით გადაღებული ფოტო პირდაპირ დაინახო შენს აიპადში და კომპიუტერში; ერთგან დამახსოვრებული პაროლი შეინახო ისე, რომ სხვა მოწყობილობიდან შესვლისას თავიდან შეყვანა არ დაგჭირდეს და ა. შ.
რომ შევაჯამო, MacBook Air-ს, M1 ჩიპით, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც ყოველდღიურად საქმიან ადამიანს სჭირდება. ეს არის შთამბეჭდავი და სანდო მეგობარი — ძლიერი, მსუბუქი და სწრაფი.
აკო ახალაია










