in ,

ხელოვნების ყველაზე გიჟური ფესტივალი! როგორი იყო 2017 წლის Burning Man?

მუსიკა, ხელოვნება, ცეკვა, სიგიჟე და ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა – ეს ყოველწლიური Burning Man-ია, ფესტივალი, რომელიც ჯერ კიდევ 1986 წლიდან, ნევადას უდაბნოში იმართება. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს ყოველწლიურად დაახლოებით 70,000-მდე ადამიანი სტუმრობს და ზუსტად ამდენივე რჩება თავბრუდამხვევი ემოციების ზეგავლენის ქვეშ. 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შავი კლდეების უდაბნო ხელოვნებისა და გართობის მოყვარულებისთვის ნამდვილ საოცრებათა ქალაქად იქცევა ხოლმე, სადაც ყველაფერი ორიგინალურის ავტორი ნებისმიერი მსურველია. ფესტივალის მიზანი გართობის გარდა, მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების ხელოვნების გზით დემონსტრირება, ადამიანების შემოქმედებითობისა და ორიგინალობის განვითარების ხელშეწყობა, მათში თვითშეფასების ამაღლება და ახალი საინტერესო ხელოვანების აღმოჩენაა. ფესტივალ Burning Man (BM)-ის შესახებ შთაბეჭდილებები ოლია პალიუშუკმა გაგვიზიარა.

BOG
BOG

M: როგორია შენი თვალით დანახული Burning Man (BM)?

Burning Man არ არის ფესტივალი, მით უფრო, მუსიკალური ფესტივალი. ამას მაშინ აცნობიერებ, როდესაც უდაბნოში მიდიხარ, – ხედავ წარწერას “ივენთი”, რომლის უკანაც სილამაზის, ბედნიერების, სრულყოფილებისა და უცნაურობის მთელი სამყარო იმალება. ჩემთვის BM რელიგიაა. ამბობენ, რომ BM-ის შემდეგ სრულიად სხვანაირი ხდები და ეს მართალია. აქ ხვდები სრულიად განსხვავებულ სოციუმს და კრეატიულ მოდელებს, აბსოლუტურ კომუნიზმსა და დემოკრატიას, ერთსა და იმავე დროს. გაქვს თავისუფლება, სრულად შეიცნო საკუთარი თავი. აქ ყველაფერი ყველასია. აქ არ არის ფული. მხოლოდ ყინულისა და ყავის შეძენა შეგიძლია. არ არის საზღვრები, მხოლოდ სხვა 70 000 შენსავით შეშლილი ადამიანი.

M: შენ მონაწილე იყავი თუ არტისტი?

აქ არ არსებობს მონაწილეებისა და არტისტების ცნება. BM-ს ქმნის ყველა! ამ ივენთს მისი პრინციპები აქვს, მათ შორის არის მონაწილეობის წესები. კერძოდ, თქვენს კონტრიბუციას თავად ქმნით და ყველაფერ თქვენზეა დამოკიდებული! თუ გეხერხებათ, ჩაის ცერემონია ჩაატარეთ, ან ველოსიპედები შეაკეთეთ, იმღერეთ, განათავსეთ 3D ინსტალაცია და ა.შ. ჩვენ გვქონდა პატივი, ვყოფილიყავით BM-ზე. ღონისძიების მანძილზე 2 კონცერტი და ერთი DJ სეტი შევასრულეთ. BM ყველაზე უჩვეულო ივენთია. აქ არ არის წინასწარ გაწერილი line up ან ცენტრალური სცენა. ხალხი აქ კონკრეტული ბენდების მოსასმენად არ მოდის. მუსიკა მხოლოდ ნაწილია საერთო მხიარულების.

M: შენც გქონდა კოსტიუმი ივენთისთვის?

როგორც წესი, 2 კოსტიუმი აქვს ყველას. ერთი ცხელი შუადღის შესაბამისი, რომ 35 გრადუს სიცხეს გაუმკლავდე, მეორე კი ღამის, 10 გრადუს ტემპერატურის პირობებში თბილად რომ იყო, ეს ხომ უდაბნოა, აქ მკვეთრია ტემპერატურის ცვლილება. როგორც წესი, ამ ივენთისთვის, მთელი წლის მანძილზე ამზადებენ კოსტიუმებს. ჩვენც მთელი ძალისხმევა და ინსპირაცია ჩავდეთ ამ საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ BM მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ივენთია (ერთი ადამიანი საშუალოდ 1000-4000$-ს ხარჯავს), ფული გადამწყვეტი მაინც არ არის. ბილეთები ღონისძიებამდე ნახევარი წლით ადრე უკვე გაყიდულია, თანაც ნახევარ საათში.

ჯერ ერთი BM არ არის დასრულებული, როცა უკვე მეორეზე იწყებ ოცნებას. აეროპორტშიც კი შორიდანვე მარტივად ცნობ სხვა მონაწილეს და გეღიმება, რადგან იცი – თქვენ ორივეს გაქვთ ნანახი, როგორია ცხოვრება სხვა პლანეტაზე.

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი სეზონი იწყება!

Slow Pulse Group – ქართველი კინომხატვრების „სუსტი პულსაცია დედამიწაზე“