31
Dec
2018

რა გვასწავლა 2018-მა წელმა – JWT Metro-ს #აზრები

31 Dec 2018

M2
M2


რა გვასწავლა 2018-მა?

პირველ რიგში, პინგ-პონგი ვისწავლეთ, იმიტომ, რომ მაგიდა დაგვემატა ოფისში.

კიდევ ის, რომ კუებმა ეჭვის თვალით იციან ყურება. ორი გვყავს ოფისში და ძალიან დაკვირვებული მზერა აქვთ.

ჯობია, გოჭზე არ მოგიყვეთ.

კიდევ ვისწავლეთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. მართლა. ამ წელს, ოფისში შიდა ეზო შემოგვემატა, მთელი თბილი სეზონი ოფისი, ფაქტობრივად, გარეთ გვქონდა გატანილი და მართლა ძალიან პროდუქტიული იყო. ნაკლებად იღლები და უფრო ენერგიული ხარ. მარტივად რომ ვთქვათ, კედლებს, როცა საშუალებაა, უნდა მოვცილდეთ ხოლმე.

წლის ყველაზე რთული პროექტი (რომელიც თან წინა წელს დაიწყო) ცალსახად იყო „სოლო“. ამაზე დიდი ხანი  ჩვენ არაფრისთვის არ დაგვითმია. ტექნიკურად იყო ურთულესი. შემოვიკრიბეთ ცნობისმოყვარე, გამბედავი და უბრალოდ, ჩემპიონი ადამიანები და ავიღეთ პროექტი, რომელიც იმხელა იყო თავისი მოცულობით, რომ გული გვისკდებოდა. მეორე მხრივ, რაც უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, ბევრად მეტ ძალას ახარჯავ იმ საქმეს. მართალია, თავიდან რომ გავაკეთოთ ბევრ რამეს შევცვლით, მაგრამ ძალიან დიდი ტექნიკური წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის და სუბიექტურად, თუ ობიექტურად გვიყვარს.

კიდევ გავიგეთ, რომ თურმე ადამიანები ძალიან წამომყოლები და გამბედავები არიან ჩვენს ქვეყანაში. მთავარია არ წახვიდე სხვების ნაცადი გზით, ამ შემთხვევაში, შენით გამოიგონო ფასდაკლების მექანიზმი და მიაწოდო ხალხს მათზე ზედგამოჭრილი პირობა. ხო, ვერაფრით წარმოვიდგენდით, თუ 80-მდე მომხმარებელი დაიხატავდა ბრენდის ლოგოს, ფასდაკლების სანაცვლოდ. კიდევ, ამ ყველაფერში მთავარია კლიენტი, რომელსაც არ ეზარება და არ ეშინია, რომ ზემდეტი სამუშაო გაწიოს (რაც ასეთ პროექტებს აუცილებლად სჭირდება), თავის თავზეც აიღოს პასუხისმგებლობა და ბოლომდე გადაეშვას შენთან ერთად პროცესში.

რაც უფრო სახალხოა პროექტი, მით უფრო რთულია პროგნოზების გაკეთება. ჩვენ ვშიშობდით, რომ წელს დაიკლებდა „სეკრეტ სანტას“ აქტიურობა, მაგრამ საერთოდ არ მოხდა ასე. რეგისტრაცია სულ რამდენიმე დღეში დასრულდა, რადგანაც სრულად შეივსო სანტების კვოტა.

ა, ჰო, კიდევ  – პირველად ვიმუშავეთ ინტერაქტიულ, ციფრულ გმირზე – იგივე ბოტზე, იგივე რუდიზე რედბერისთან ერთად. უდიდესი სიამოვნება ყოფილა და ფაქტობრივად, შეყვარებულები ვართ დანტეს მიერ დახატულ წითელცხვიროსანზე.

კიიიდევ, ერთ ერთი ყველაზე მსუყე პროექტი იყო საქართველოს ბანკის კამპანია „შექმენი შენი საქართველო“, სადაც მომხმარებელი ავსებდა ტესტს და შედეგად, იღებდა მის ინდივიდუალურ ვიდეოს საქართველოზე. 2 კვირაში უნდა შეგვეკრიბა 1000 უნიკალური კადრი და აღგვერიცხა თემატიკის, საკვანძო სიტყვების და ფასეულობების მიხედვით. ჩვენთან ასეთი კულტურაა – რაც უფრო ახალი და რთულია დავალება, რაც უფრო მეტია სამუშაო – მით უფრო გვიხარია იმ საქმის კეთება. გვაინტერესებს „ავწიკავთ“, თუ ვერა ხოლმე. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხარვეზები, დროში გადაცდომა, რაღაცები რაც აშკარად სხვანაირად უნდა ყოფილიყო, პროექტი შედგა და 100 000-მდე განსხვავებულმა ადამიანმა დაიგენერირა თავისი ვიდეო. უკარგესი შედეგია.

ბოლოს, არ შეგვიძლია არ ვთქვათ, რომ რეკლამაში ხშირად ვიგონებთ სამყაროებს, ვდგამთ კადრებს, ვაცვამთ მსახიობებს, ვაყენებთ შერჩეულ მანქანებს და ხშირად ეს ყველაფერი საჭიროა ხოლმე, მაგრამ ხანდახან არაფერია იმაზე სწორი ვიდრე აჩვენო სამყარო ისეთი როგორიც არის, მაქსიმალურად გულწრფელად და ნამდვილად. ამ აზრით არის შექმნილი თბილისის მერიის საახალწლო ვიდეო თბილისზე.

ისე, ზოგადად, მთელმა 2018-მა მიგვანიშნა, რომ გულით მუშაობა აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გულიანი დასვენებაც. ხოდა, ზუსტად ამას ვაპირებთ ახლა, ჩვენი არსებობის ისტორიაში ყველაზე დატვირთული წლის შემდეგ.

p.s. პროდუქტიულობით და დასვენებით სავსე წელს გისურვებთ.

ქართული კრეატიული სააგენტო JWT Metro.

განხილვა