2019 წლის პირველი იანვრიდან, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს. ცვლილებას ითვალისწინებს საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. ამ საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის პაკეტის მინიმალური ოდენობისა და შესაძლო ლიმიტების საკითხიც.
როგორც სამინისტროში ამბობენ, სადაზღვევო კომპანიებისა და ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლებმა, ამ მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნესგაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიებისა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.










