30
Dec
2019

2019 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი რეკლამები

30 Dec 2019

2019 წლის მიწურულს, გავიხსენოთ რეკლამები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. მოდით, ქართული ნამუშევრებით დავიწყოთ:

Dze – Georgian Project 

სოციალური კამპანიის შექმნა WINDFOR’S-მა მოდის საშუალებით განიზრახა. თავდაპირველად, ბაზარზე ხმაურიანად გამოჩნდა და მალევე გაირკვა, რომ Dze – ძეგვის თავშესაფრის დახმარებას ემსახურებოდა. დღეს, “ძე” მოდის ბრენდებთან კოლაბორაციით ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე და გარდა საზოგადოების დიდი ყურადღებისა, დიდი საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, კრეატიულ ფესტივალებზე.

 

თიბისი

იაპონური მზის მოტაცების ეს ანიმაცია რაგბის ქართული ნაკრების მხარდასაჭერად შეიქმნა. ერთ უჩვეულო დღეს, ამომავალმა მზემ სახე იცვალა და მთელმა მსოფლიომ მიიღო გამოწვევა – ყველანი იაპონიისკენ! აქ ჩანს, როგორ იზიდავს ამომავალი მზის (ან ამომავალი რაგბის ბურთის) ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანებს.

 

საქართველოს ბანკი

“ქართულ ენაში, ზრდასრული ადამიანის ლექსიკონში 10 000 ზმნაა და თითოეული მათგანი რაღაც მოქმედებას ან მდგომარეობას გამოხატავს… არ გაჩერდე! ” მთავარი გზავნილით “არ გაჩერდე”, საქართველოს ბანკმა, JWT Metro-სთან ერთად, შესანიშნავი კამპანია წამოიწყო, რომელიც შემდეგ, არაერთი მიმართულებით გაიშალა. ცხოვრება ზმნაა. ეს კი, მუდმივად მოძრაობისკენ გვიბიძგებს.

 

სფეისი

ალბათ, ბევრმა შენიშნეთ, რომ გზავნილს “არ გაჩერდე” კამპანიით უპასუხა “სფეისმა”. ვიდეორგოლმა მთავარი გზავნილით “არ გაჩერდე, იქ, სადაც დისკომფორტია” თითქოს მარკეტინგული ომი გამოუცხადა კონკურენტს და მოვლენების საინტერესოდ განვითარების მოლოდინში გავინაბეთ.

 

ალდაგი

თუ იცავთ წესებს, მეტს იმსახურებთ! – ამ გზავნილით, კარგი მძღოლების წასახალისებლად, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა კამპანია წამოიწყო. სპეციალურად კამპანიისთვის, დაიწერა სიმღერა, რომელიც კეთილსინდისიერ მძღოლებს ეძღვნებათ. სიმღერა ნუგზარ ერგემლიძის „თუკი გესიზმრების“ ახალი ვერსიაა.

 

საქართველოს ბანკი

„ჩვენში ცხოვრობს შინაგანი ბავშვი, რომელიც მუდმივად ცდილობს, გვიბიძგოს შემოქმედებისა და სილაღისკენ“, – მორიგ ვიდეორგოლში გვიყვება საქართველოს ბანკი და ამ დაშვების საილუსტრაციოდ, გვაჩვენებს პერსონაჟებს, ვისშიც ნამდვილად ცხოვრობენ პატარა, ნამდვილი, ცნობისმოყვარე და ყველაზე გულწრფელი არსებები.

 

Zoommer

“ზუმერის” წლევანდელი სადღესასწაულო ვიდეორგოლის სიუჟეტი განვითარდა საახალწლო სუფრის გარშემო, რომელიც ბევრ განსხვავებულ “მედღეხვალიე” პერსონაჟს უყრის თავს. თითოეულ მათგანს თავისი გეგმა აქვს, რომლის გადადებაც უკვე ყოველდღიურობაში გადაუვიდა და სწორედ მათ “გონზე მოსაყვანად” შემოდის ბოლოს ფერადი პერსონაჟი, რომელიც ყველას მხილებას იწყებს და მოუწოდებს მათ, არ გადადონ დღევანდელი საქმე ხვალისთვის.

 

თიბისი დაზღვევა

ბოლოს და ბოლოს, რა გახდა კომპლიმენტების დაუზარებლად და უხერხულობის გარეშე გაცემა? თიბისი დაზღვევა ირწმუნება, რომ შეცდომებთან ერთად, “კაის თქმა მოსულა”. ჩვენ ვეთანხმებით. თქვენ?

 

არც უცხოური კამპანიები დაგვავიწყდეს:

John Lewis

ესაა დრაკონ ედგარისა და მისი მეგობრის, ავას ისტორია. ორწუთ-ნახევრის განმავლობაში, ზღაპარში იმოგზაურებთ და კიდევ ერთხელ გაიაზრებთ, რამხელა ძალა აქვს სიყვარულს, მეგობრობასა და ზრუნვას.

 

Lacoste

ვიდეორგოლის მთავარი გმირი შეყვარებული წყვილია, რომელსაც დიდი შინაგანი ძალის პოვნა უწევს დატრიალებულ უბედურებასთან გასამკლავებლად. სიუჟეტს დრამატულობას ედიტ პიაფის სიმღერა Hymne A L’amour სძენს. რეკლამაზე სააგენტო BETC-მა იმუშავა. კამპანია Crocodile Inside ბრენდმა აპრილში დაიწყო და მასში Lacoste-ს პოლო მაისურები მინიმალისტურად არის წარმოდგენილი.

 

The New York Times

საქმის პროფესიონალურად შესასრულებლად, ჟურნალისტს მუდმივად სჭირდება საშიშროებების გადალახვა, სიმამაცე და შეუვალობა. სწორედ ამ თემაზეა საუბარი The New York Times-ის ვიდეორგოლში, რომლის მთავარი გზავნილია “სიმართლე ამად ღირს”. ვიდეორგოლი გადმოსცემს ჟურნალისტის ამბავს, რომელმაც ერაყში ხუთჯერ იმოგზაურა და ისლამური სახელმწიფოს შესახებ 15,000-ზე მეტი დოკუმენტი აღმოაჩინა. ვიდეორგოლზე სააგენტომ Droga5 იმუშავა.

 

Nike

რეკლამა განაგრძობს ვიდეორგოლის “იოცნებე გიჟურად” თემას, გზავნილით “იოცნებე უფრო მასშტაბურად”. რეკლამაში ტოპ ათლეტები მონაწილეობენ, რომლებსაც “ნაიკი” უცხადებს მხარდაჭერას და რომლებსაც საზოგადოება ჩემპიონატის პერიოდში უკეთ გაიცნობს. რეკლამის მთავარი გმირი კალიფორნიელი 10 წლის ფეხბურთელი მაკენა კუკია. ის მოედანზე დანიელ ლიეკე მარტენსს გაჰყავს იმის საჩვენებლად, რომ თამაშის გახსნით მას საქმე ჯერ არ დაუსრულებელია. ამ მომენტიდან გოგონა უამრავი თამაშის თანამონაწილე ხდება. ეს სიმბოლურად იმაზე მიუთითებს, რომ ახლანდელი მოთამაშეები მომავალი თაობებისთვის მაგალითს წარმოადგენენ.

 

Apple – Air Pods

„ჯადოსნური რეალიზმი, რომელსაც ჩვენ, ბოლო წლებია, ბრენდის მარკეტინგში ვხედავთ – ამ რეკლამის გამოძახილია“. სიუჟეტი ახალგაზრდა ბიჭზეა, რომელიც უხასიათოდ გადის ქუჩაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ეფლის ეარპოდს მოირგებს, სულ სხვა განზომილებაში აღმოჩნდება.

 

Burger King

რა უნდა ვუპერს “მაკდონალდსში”? საქმეც ეგაა… ყველა ნამდვილმა ამერიკელმა იცის, რომ ვუპერი Burger King-ში იყიდება. თუმცა, 4 დეკემბერს, მომხმარებლები “მაკდონალდსში” შევიდნენ და ვუპერი მოითხოვეს. როგორც აღმოჩნდა, ეს “ბურგერ კინგის” მორიგი ოინია.

 

Sipsmith Gin

“რა თქმა უნდა, ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა, კომპრომისზე რომ მივდიოდეთ, მაგრამ ჩვენ ხომ ჯინს ვქმნით” – Sipsmith Gin-ის შესახებ საუბრობს ბრენდის ელჩი Mr. Swan, რომელიც ბრენდის შიდა სამზარეულოზე იუმორით გვიყვება.

 

Burger King

Real Meals “მაკდონალდსის” Happy Meal-ის დასატროლად შეიქმნა. რეკლამა ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებზე გვიყვება: ყოველთვის ბედნიერი ვერ ვიქნები, ამიტომ დამაცადე, ვიყო იმ განწყობაზე, რომელზეც ვარ. ესაა შესანიშნავი გზავნილი თანამედროვე სამყაროსთვის, რომელიც მუდმივად მოელის ჩვენგან დადებით განწყობას.

 

KIA

KIA-ს ეს დასამახსოვრებელი რეკლამა მიმზიდველი მეტაფორებით გადმოსცემს ბრენდის მთავარ ხიბლს. ყველა პერსონაჟს მისი სიმბოლური დატვირთვა აქვს: კოსმონავტი ადამიანის პირველ ნაბიჯს განასახიერებს მთვარეზე, ციცინათელები – ბუნების ნათელ მხარეს, ზამბარა მეცნიერებისა და თამაშის თანხვედრაზე მიუთითებს, კოლიბრი – სისწრაფესა და სიჯიუტეზე, ბალერინა – განუმეორებელ სიზუსტესა და გრაციოზულობაზე, ფეხბურთელი მოქნილობასა და კონტროლზე, ვეფხვი კი შთაგონებას.

 

Apple

ესაა შესანიშნავი ამბავი კოლექტივზე, რომელსაც როგორც იქნა, მიეცა შანსი, საკუთარი იდეა წარუდგინოს ბოსს და რაღაც შეცვალოს ინდუსტრიაში. პიცის მრგვალი ყუთის ისტორია ბევრისთვის შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს.

 

Hennessy XO

Hennessy ეს რეკლამა რიდლი სკოტისეული კინემატოგრაფიული მაგიაა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს 254 წლიანი ბრენდის ფილოსოფიასაც და მაყურებელს შვიდ სამყაროში მოგზაურობის საშუალებას აძლევს. თუმცა, სიტყვაზე ძალიანაც თუ არ გვენდობით, თავად ნახეთ…

 

Mercedes-Benz

1888 წელს ბერტა ბენცმა ავტომობილით მარტომ დაფარა 100 კმ.  ამისთვის ქალს 12 საათი დასჭირდა. თუმცა, ეს მოგზაურობა ისტორიაში შევიდა – ბერტა ბენცმა საზოგადოებას ქმრის გამოგონება გააცნო, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს.

 

Google

“დედა, რა გვაქვს სადილად?”, “დედა როგორ ამოდის მზე?”, “დედა, რატომ არის ცა ცისფერი?”, რატომ? როგორ?.. – დედებს, დღის განმავლობაში, უამრავ კითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა…

 

March for Our Lives

მოძრაობამ March for Our Lives გადაწყვიტა ზრდასრულებისთვის ეამბნა, როგორ ემზადებიან სკოლის მოსწავლეები ასეთი თავდასხმისთვის. ამბის მთხრობელად კი, “გამოცდილი ტრენერი” მოიწვია, რომელიც 12 წლის გოგონა აღმოჩნდა…

 

Wimbledon

უიმბლდონმა კამპანია #JoinTheStory წამოიწყო, რომელშიც ჩემპიონატისა და კაცობრიობის ისტორიის გამორჩეულ მომენტებს იხსენებენ.

 

Microsoft

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მოზარდებისთვის, მაიკროსოფტმა თამაშის ალტერნატიული მიდგომა მოიფიქრა და ამით ბავშვები ძალიან გაახარა.

 

Ferrari

“ფერარი” არის აზარტი, თავგადასავალი, დრამა, ჟრუანტელი და ეიფორია. ამ სიგიჟის განცდა კი მხოლოდ ერთ ადგილასაა შესაძლებელი, აბუ-დაბის Ferrari World-ში.

Bouygues Telecom

გასული წლის შემდეგ, რაც Bouygues Telecom-ის საახალწლო ვიდეორგოლმა, მამის უხერხული ცეკვით, 180 მილიონი ნახვა დააგროვა, ბრენდმა გადაწყვიტა, საშობაო განწყობა, ამჯერადაც, მამისა და მისი ქალიშვილის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ისტორიით შეექმნა.

NIKE

„თუ ემოციებს გამოვხატავთ, დრამატულებს გვეძახიან. თუ მამაკაცების წინააღმდეგ გვინდა თამაში, ჩვენ გავგიჟდით. და თუ ვოცნებობთ თანაბარ შესაძლებლობებზე, ეს უტოპიაა“, – ამ სიტყვებით, სერენა უილიამსის ხმით იწყება „ნაიკის“ ახალი რეკლამა “Dream Crazier“.

Thinx

არ მოგესმათ, ეს ძალიან უჩვეულო რეკლამა მამაკაცების მენსტრუალურ ციკლზე გვიამბობს. სამყარო, სადაც მამაკაცებსაც აქვთ ციკლი, სპეციალური თეთრეულის მწარმოებელმა კომპანიამ Thinx, სააგენტო BBDO New York-თან ერთად შექმნა. რეკლამის მიზანია, დაგვაფიქროს, ადამიანები უფრო კომფორტულად ხომ არ იგრძნობდნენ თავს, მენსტრუაცია მამაკაცებსაც რომ ჰქონდეთ? ნიშანდობლივია კამპანიის სახელი MENstruation, რომელიც კონცეფციას ერთი სიტყვით ხსნის.

WINDFOR’S

წარმოიდგინეთ, გირეკავთ ტელეფონი, წამყვანი ომახიანად გესალმებათ “გამარჯობა, ევროპაბეთიდან გირეკავთ”. ამას კი მოსდევს ფრაზა “თქვენ მოიგეთ”… ამ სიტყვების შემდეგ კი, არაფერი გესმით. თავში ათასობით აზრი ერთმანეთში ირევა, მაგრამ სიხარულის გამოხატვა ყოველთვის ადვილი არ არის – ხან გარემოება არ გვიწყობს ხელს, ხანაც – სტერეოტიპები, ან სულაც, უკვე ძალიან მივეჩვიეთ მოგებას. “ევროპაბეთის” კამპანია იუმორით გვიყვება განსხვავებული პერსონაჟების (როგორც საერთაშორისო ვარსკვალის, ანიამციური და ისე ქართული კინოს ლეგენდის) ისტორიებს, თუ რა საპატიო მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, დიდი თანხის მოგებისას, სიხარულის ვერ გამოსახატავად. კამპანიაზე სააგენტო WINDFOR’S-მა იმუშავა.

Pornhub

PornHub-მა კამპანია „ყველაზე ბინძური პორნო“ წამოიწყო, რომელიც მხოლოდ მაყურებლის სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაზე არაა ორიენტირებული. მთავარი მიზანი არსებულ გლობალურ პრობლემაზე საუბარი და მისი გადაჭრაა.

„ყველაზე ბინძური პორნოს“ მონაწილე პოპულარული მოხალისე წყვილი ლეოლულუა. ისინი ინტიმურ ურთიერთობას მსოფლიოში ყველაზე ბინძურ სანაპიროზე ამყარებენ, თუმცა ვიდეოში მაყურებლის ყურადღებას პლაჟზე არსებული ნაგავი ფანტავს.

Xfinity Internet

სიუჟეტში ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავთ, რომელიც მეგობარი გოგოს საწოლ ოთახში ფანჯრიდან აპირებს შეძრომას, მას შემდეგ, რაც მისი მშობლები დაიძინებენ.

DUREX

GILETTE

საქართველოს ბანკი

GOOGLE

არტდირექტორ ,ართა ობარონდოს ნამუშევარი

Animelife

თიბისი

ჩემი ქალაქი მკლავს

Greenway

Bianco

თიბისი

სააგენტო Watergunz

 

თიბისი

GrowGrow

Diesel

Pampers

Mercedes Benz

Veg Power

Tadiran

Europebet

Stamba

თქვენ რომელი რეკლამა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად, 2019 წელს? გაგვიზიარეთ. გისმენთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა