22
Mar
2019

2020 წელს, შესაძლოა, ყურსასმენების ყიდვა აღარ დაგჭირდეთ

22 Mar 2019

ბოლო თვეებში, ტექნოლოგიური კომპანიები ერთმანეთს უსადენო ყურსასმენების წარმოებაში ეჯიბრებოდნენ, თუმცა, 2019 შესაძლოა, აღმოჩნდეს ბოლო წელი, როცა ეს აქსესუარი დაგჭირდებათ. როგორ უნდა იქცეს ყურსასმენი უფუნქციო მოწყობილობად უახლოეს ერთ წელიწადში? ისრაელში მოღვაწე სტარტაპი სახელად Noveto ტექნოლოგიური აქსესუარების ინდუსტრიაში გადატრიალებას გეგმავს. ის შესაძლებელს ხდის მოისმინოთ მუსიკა ყურსასმენების პრინციპით, თუმცა, ყურსასმენების გარეშე. Noveto ხმოვან ტალღებზე ფოკუსირებას გეგმავს. ხმოვანი სიგნალების წყარო კი ავტონომიური მოწყობილობაა, რომელიც თქვენს სხეულს ოდნავადაც არ ეხება. კომპანიამ აღნიშნული ტექნოლოგია მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ გამოფენა CES-ზე წარადგინა.

ამ ეტაპზე, კომპანია მოწყობილობას Sowlo-ს უწოდებს. ის პატარა მონიტორს მოგაგონებთ. მოწყობილობა ხმოვან ტალღებს თქვენი ყურისკენ მომართავს და კონკრეტული მუსიკის მოსმენას, თუნდაც გარშემო ხალხი იყოს, მხოლოდ თქვენ შეძლებთ. ვიმეორებთ, ყურსასმენების გარეშე. ამისათვის, Sowlo-სკენ სახით უნდა იყოთ შებრუნებული. იმისათვის, რომ თქვენს მოძრაობას მიყვეს, Noveto იყენებს 3D თრექინგის ტექნოლოგიას. მან მუდმივად უნდა იცოდეს, სად და რა პოზიციაშია თქვენი ყურები, ანუ ზუსტად უნდა იცოდეს დანიშნულების ადგილი, საითკენაც უნდა მიმართოს ხმოვანი სიგნალი.

რამდენად რეალურია Noveto-ს ფოკუსირებული აუდიოტექნოლოგია გახდეს მასობრივი მოხმარების პროდუქტი და ჩაანაცვლოს ყურსასმენები?

როდესაც ვფიქრობთ, გახდება, თუ არა Noveto-ს ფოკუსირებული აუდიოტექნოლოგია მასობრივი მოხმარების პროდუქტი, შეგვიძლია გავიხსენოთ ვირტუალური რეალობის მაგალითი. VR თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, მას არ მოუპოვებია მეინსტრიმული პოპულარობა. ფაქტობრივად, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძვირი პროდუქტი და მისი ფუნქციების გამოყენება საჭიროებს ძლიერი მონაცემების მქონე კომპიუტერს, რაც ყველას არ აქვს. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად გვჭირდება ძალიან ბევრ კაბელში ახლართვა, რომ არაფერი ვთქვათ იმ კონტენტის სიმწირეზე, რომელიც VR მოწყობილობებისთვის იქმნება.

Noveto-ს შემთხვევა განსხვავდება VR-ისგან. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს მოწყობილობა ახალი ყოველდღიური ქცევის გაჩენას არ გთავაზობთ. თქვენ ისედაც უსმენთ მუსიკასა თუ აუდიო ფაილებს. Noveto გთავაზობთ ახალ გზას, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს. მოწყობილობის ფასი, დასაწყისისთვის 249-დან 299 დოლარამდე იქნება. ესეც რომ არა, კონტენტი, რომელსაც ამ მოწყობილობის დახმარებით შეგიძლიათ უყუროთ და მოუსმინოთ, უკვე არსებობს – მუსიკა, ვიდეო, თამაში თუ ნებისმიერი რამ, რაც აუდიოს მოიცავს.

გარდა ამისა, Noveto-ს ტექნოლოგიას ძალიან კარგად შეუძლია მოირგოს სხვადასხვა სახის სივრცე, იქნება ეს თქვენი მანქანის სალონი, თუ სამუშაო მაგიდა. მაგალითად, მანქანაში მყოფ თითოეულ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა მუსიკის მოსმენა, ისე, რომ ყურსასმენი არც ერთს ეკეთოს. 

რაც მთავარია, Novato-ს ტექნოლოგიის ინტეგრირება შეიძლება ბევრ მონიტორის მქონე მოწყობილობაში, რომელსაც აუდიო ფუნქცია აქვს. მაგალითად, ტელევიზორი, ლეპტოპი და ა.შ.

როგორ ჟღერს? რამდენად ხარისხიანი ხმა მოაქვს Novato-ს?
Novato ჯერ პროტოტიპის სტადიაზეა. მისი ამჟამინდელი ხმა არ აღაფრთოვანებს აუდიოს მიმართულებით მომუშავე ადამიანებს. თუმცა, ტექნოლოგია განვითარების ეტაპზეა და პროგნოზის მიხედვით, მისი ხარისხი გაუმჯობესდება.

Noveto-მ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყურადღება ბრაიან ვალასის მეშვეობით მოიპოვა, რომელიც დაეხმარა კომპანიას, ინოვაციური პროდუქტი ბაზარს გაეცნო. ვალასი ახლა კომპანიის CEO-ა. მისი სახელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოთამაშეებს – BlackBerry-ს, Google-ს, Samsung-სა და მრავალ სხვა კომპანიას უკავშირდება. ვალასი ამბობს, რომ სჯერა, ეს ტექნოლოგია მომხმარებელს მისცემს აუდიო კონტენტის იმაზე კარგი ხარისხით მოსმენის შესაძლებლობას, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული ნებისმიერი დონის ყურსასმენს შეუძლია.

დღეისათვის, კომპანიას ფოკუსი აუდიოს ინდივიდუალურად მოსმენის მოდელზე აქვს. აუდიოფაილების მოსასმენად თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ სახით ავტონომიური მოწყობილობის ეკრანისკენ იხედებოდეთ. ვალასის თქმით, სამომავლოდ ტექნოლოგიის დახვეწა იმ დონემდე გახდება შესაძლებელი, რომ სახით მოწყობილობისკენ ყოფნაც აღარ იქნება საჭირო. მისივე თქმით, Noveto-ს ინოვაციური ტექნოლოგია ბაზარზე 2019 წლის შემოდგომიდან გახდება ხელმისაწვდომი.

განხილვა