in

რა შედეგები აქვს თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტს, 2019 წლისთვის

შარშანდელთან შედარებით, გასამმაგებული თხილის მოსავალი, სამჯერ გაზრდილი ფასი, პროგრამაში ჩართული 15 000 ფერმერი, 45 000 ტონამდე თხილი და 2000-მდე შეხვედრა ფერმერებთან – ეს ის ძირითადი შედეგებია, რომელსაც თხილის გადარჩენის პროექტმა 2019 წელს მიაღწია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს რედისონში 2019 წელი შეაჯამეს და მომავალი წლის გეგმები გაგვაცნეს.

bog
bog-mob

პრობლემა, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა 2015-2016 წლებში დაიწყო. ანუ მაშინ, როცა დასავლეთ საქართველოში, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მოწინავე საექსპორტო კულტურის – თხილის ბაღებს მავნებელი – აზიური ფაროსანა შეესია. სახელმწიფო სხვადასხვა გზით ცდილობდა პრობლემასთან გამკლავებას, თუმცა, წლების განმავლობაში, ფერმერებს თხილის ბაღებიდან მოსავალი, პრაქტიკულად, არ მიუღიათ. როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა – მერაბ სიჭინავამ განაცხადა: „ზიანის მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ ბაღების გაჩეხვა დაიწყეს ფერმერებმა, ცარიელი იყო ქარხნები, ხოლო ევროპული ბაზარი, ნელ-ნელა, სხვა მიმწოდებლების/პარტნიორების ძებნას იწყებდა“.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის – გელა ხანიშვილის თქმით, 2018 წელს სახელმწიფომ 230 000 ოჯახში დაარიგა საინფორმაციო ბუკლეტი, ასევე, არიგებდნენ შესაწამლ აპარატებს და ცდილობდნენ მავნებელთან ბრძოლისთვის აუცილებელი ცოდნის გავრცელებას. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდებოდა, რადგან პროცესში ფერმერთა ჩართულობა ძალიან დაბალი იყო, გარდა ამისა, პრობლემა მხოლოდ ფაროსანა როდი ყოფილა. თხილის ბაღებში გავრცელებული იყო სოკოვანი დაავადებები და რაც მთავარია, ფერმერებში არ არსებობდა კულტურის მოვლის პრაქტიკა, თუ ცოდნა.

2018 წლიდან, თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ჩართულობით, თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც პროცესში ფერმერთა ჩართვისა და მათი მოტივაციის გაზრდისთვის არგენტინულ მეთოდოლოგიას იყენებდა. მიდგომის (აკრეას მეთოდი) თანახმად, ფერმერები ჯგუფებში ერთიანდებოდნენ, ჰქონდათ ყოველთვიური შეხვედრები აგრონომ-კონსულტანტთან და ხდებოდნენ ინფორმაციის/ცოდნის გამტარები. გარდა ამისა, ასოციაციის წევრ ფერმერებს ჰქონდათ მიწის ანალიზის ჩატარების, აგრონომისგან პერსონალური რჩევების მიღებისა და მუდმივი კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნის შესაძლებლობა. სპეციალურად მათთვის შეიმუშავეს თხილის წამლობის სქემა, რომელიც მოსავლის აღებამდე, თხილის ბაღების 6-ჯერ შეწამვლას გულისხმობდა. კერძო სექტორის დახმარებით კი, ასოციაციის წევრ 15 000 ფერმერს, შესაბამის შესაწამლ პრეპარატებზე ფასდაკლებით მიუწვდებოდა ხელი (ჰექტარზე 430 ლარი).

2019 წელს, საქართველოში თხილის მოსავალი 45 000 ტონამდე განისაზღვრა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის – გიორგი თოდუას თქმით, „თუ შევადარებთ წინა წლებს, ფასები იყო ბაზარზე 1-დან 2 ლარამდე, დღეს კი სხვა სურათი გვაქვს. 5-6.5 ლარია ფასი, რომელიც, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხარისხზე. ფაქტია, რომ მოტივაციაა გაზრდილი. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს, ერთი მხრივ, შემოგვიერთდება ათასობით ფერმერი და მეორე მხრივ, უკვე გაწევრიანებული ფერმერები მეტ ძალისხმევას გამოიჩენენ“.

საქართველოს თხილის ინდუსტრია 65 000 ფერმერს მოიცავს და რა თქმა უნდა, პროექტის ამ ეტაპზე, 15 000 ფერმერის ჩართულობით, მთლიანად არ დაგვიფარავს ინდუსტრია. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით მომავალი წლისთვის. იმ პირობებში, როცა ჩვენი გამოცდილება გაცილებით დიდია და ჩვენი ფოკუსი საკითხებზე ბევრად უფრო მკვეთრი, მომავალ წელს, ყველა ფერმერს, რომელსაც აქვს სურვილი ჩაერთოს პროექტში, ვაძლევთ საშუალებას მიიღოს იგივე ბენეფიტები და მხარდაჭერა ასოციაციისგან. საშუალოდ, დღეს ერთი ფერმერი ღებულობს ერთ ტონა თხილს, რაც ძალიან ცოტაა მაშინ, როცა რეალური პოტენციალი 2-2.5 ტონაა. შარშან, USAID-ის მხარდაჭერით, გავაკეთეთ ნიადაგის ანალიზები. დღეს გვაქვს პროექტში მონაწილე ფერმერების ნიადაგების რუკა და მომავალი წლიდან, უკვე დავიწყებთ მათთან მუშაობას, მათი ბაღების მოსავლიანობის გაუმჯობესების მიზნით. ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია გავაორმაგოთ მოსავალი“, – განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

„საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა დავადასტურო, რომ მომავალი წლისთვისაც გათვალისწინებული გვაქვს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა. გვაქვს ძალზედ კარგი შედეგები, ვფიქრობ, მომავალში უკეთესი შედეგი გვექნება, რადგან მოსახლეობის ჩართულობაც იზრდება და ეს არ გამოიხატება მხოლოდ თხილის ბაღების მოვლაში, ეს გამოიხატება უშუალოდ მათ მიერ გაცნობიერებულ ქმედებებში. თხილი ქართულ კულტურათა შორის ერთ-ერთი უპირველესია, რომელსაც როგორც პოტენციალი აქვს, ისე აქვს გარანტირებული ბაზარი მსოფლიოში, მოთხოვნა არის სტაბილური და მუდმივად იზრდება. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება კარგი შედეგი გვქონდეს. 15 000 ადამიანი, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა, რომ სიტყვა შესრულდა როგორც სახელმწიფოს, ასევე ასოციაციის მხრიდან, ქმნის წინაპირობას, რომ მომავალ წელს, სულ მინიმუმ, გაორმაგდეს ეს შედეგი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი რენტაბელური დარგი უყურადღებოდ გვქონდეს“, – განაცხადა კონფერენციაზე გელა ხანიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

2020 წლისთვის, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიზანია, გაორმაგდეს 2019 წლის შედეგი. ანუ, მივიღოთ, დაახლოებით, 100 000 ტონა თხილის მოსავალი, რაც კულტურით მიღებული შემოსავლის ერთ მილიარდ ლარამდე გაზრდას ნიშნავს. ცნობილია, რომ ფაროსანას შემოსევამდე, საქართველო, მსოფლიო ბაზარზე, თხილის მესამე მიმწოდებელი იყო. ასოციაციის მიზანია მსოფლიო ბაზარზე პოზიციის დაბრუნება. ამისათვის, გარდა ფერმერებთან ჩატარებული მრავალმხრივი სამუშაოებისა, ის სხვა კუთხითაც ზრუნავს. როგორც მერაბ ჭითანავა ამბობს, ამისათვის მათ 700 ჰექტრამდე თხილის პლანტაციაც გააშენეს.

კოლონელი სანდერსი უნდა გამოვიდე! – KFC-ის რეკლამა

adjarabet.com-ის ფილმ „არენას“ გადაღებები დასრულდა