29
Dec
2019

2019 წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენები

29 Dec 2019

Alta
Alta


2019 წელი ტექნოლოგიურად საკმაოდ დატვირთული იყო და წლის განმავლობაში, ვცდილობდით მოგვეწოდებინა ის სიახლეები, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა შეცვალა, ან უახლოეს მომავალში აისახება მასზე. ბოლო წლების განმავლობაში, ტექნოლოგიების სფერო საკმაოდ სწრაფად ინტეგრირდა ნებისმიერი ტიპის საქმიანობაში და დღეს, როგორც ერთ-ერთ სამიტზე, აშშ-ს ყოფილმა უსაფრთხოების მრჩეველმა – რიჩარდ კლარკმა გვითხრა, „ჩვენ ყველანი IT კომპანიის თანამშრომლები ვართ, განურჩევლად იმისა, თუ სად ვმუშაობთ… ჩვენ ვართ ციფრული მოქალაქეები“.

წლის განმავლობაში, ვაკვირდებოდით, როგორ პოულობდნენ ტექნოლოგიური პროდუქტები ახალ სფეროებში დამკვიდრების გზებს. მაგალითად, ვხედავდით ხელოვნურ ინტელექტს მედიცინაში, გენურ ინჟინერიაში, ხელოვნებასა თუ კიბერუსაფრთხოებაში. ვაკვირდებოდით ტვინის იმპლანტების (ნეირონული ინტერფეისების) ტექნოლოგიის განვითარებას, კვანტური კომპიუტერის შექმნასა თუ კოსმოსის კვლევის კუთხით, წინგადადგმულ ნაბიჯებს. დავესწარით რამდენიმე ტექნოლოგიურ ღონისძიებას, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. აღმოვჩნით მსოფლიოს ტექნოლოგიურ კონგრესზე და შეგვიძლია ვთქვათ, გვედო ხელი მსოფლიოს ტექნოლოგიურ მაჯისცემაზე.

ალბათ, ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც მომავალ წელს, უფრო სიღრმისეულად უნდა მოგიყვეთ, თუმცა, მანამდე, გთავაზობთ რამდენიმე ტექნოლოგიურ მოვლენას, რომელზეც 2019 წლის განმავლობაში მოგიყევით და რომელიც, ვფიქრობთ, რევოლუციურობის კომპონენტს აკმაყოფილებს.

კვანტური კომპიუტერი
მსოფლიოში პირველად, Google-მა შექმნა კვანტური კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია 3 წუთსა და 20 წამში შეასრულოს ის სამუშაო, რომლისთვისაც აქამდე არსებულ სუპერკომპიუტერებს 10 000 წელი დასჭირდებოდათ. ეს მაგალითიც საკმარისი ილუსტრაციაა იმის წარმოსადგენად, თუ რა მნიშვნელობის მოვლენის შესახებ კითხულობთ ახლა. ეს მაგალითი იმის პროგნოზირებისთვისაც საკმარისია, თუ როგორ აასწრაფებს ის ტექნოლოგიურ განვითარებას. ეს არის მოვლენა, რომელსაც The New York Times-სთან საუბრისას მეცნიერები 1903 წელს, ძმები რაიტების მიერ პირველი თვითმფრინავის გამოცდას ადარებენ და მოვლენა, რომელიც აისახება ნებისმიერ მიმართულებაზე, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის, მედიცინის, კოსმოსის კვლევის გზებისა თუ სხვა მიმართულებების განვითარება. კვანტური კომპიუტერი, ფაქტობრივად არის ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიური იარაღი, რომელიც ამ ეტაპზე, მხოლოდ Google-ს აქვს. ხოლო პარალელურად, მის შესაქმნელად მუშაობენ IBM-ისა თუ Microsoft-ის მეცნიერები.

შავი ხვრელის ფოტო
2019 წლის 10 აპრილს, მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოაქვეყნეს. აღნიშნული შავი ხვრელი M87, ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ფაქტს, თავისთავად, დიდი მნიშვნელობა აქვს კოსმოსის კვლევის მიმართულებით. 2017 წელს, მსოფლიოს 4 კონტინენტზე არსებული 8 ტელესკოპისა და უამრავი ასტროფიზიკოსის გაერთიანებით მიღებული ინფორმაცია 2 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, იმისათვის, რომ შავი ხვრელის ფოტო მიგვეღო. გამოსახულების მისაღებად კი საჭირო ალგორითმის შექმნაზე პასუხისმგებელი გუნდის წევრი იყო ქეითი ბოუმანი. სწორედ მისი გუნდის წყალობით გახდა შესაძლებელი 5 პეტაბაიტიანი მონაცემები 100 კილობაიტიან ფოტოდ ქცეულიყო. ცნობისთვის, ეს იყო მონაცემები, რომლებიც მყარ დისკებზე ინახებოდა და ნახევარ ტონას იწონიდა.

ტვინის იმპლანტები
ტვინის იმპლანტები – ანუ მოწყობილობები, რომლებიც ადამიანის ტვინთან კომპიუტერის (ან სხვა მოწყობილობის) ნეირონულ კავშირს უზრუნველყოფენ, ბევრი ადამიანისთვის შიშის საგანია. ეს არის მიმართულება, რომელშიც თავის დამკვიდრების მცდელობა, 2019 წლის განმავლობაში, ბევრ ტექნოლოგიურ გიგანტს ჰქონდა. მათ შორის არიან Facebook, Neuralink და მათ უკვე აქვთ გარკვეული შედეგები, თუმცა, მათი პროდუქტები, ჯერჯერობით, არც ხელმისაწვდომია და არც საკმარისად გამოცდილი. სხვა საკითხია მედიცინაში არსებული მსგავსი მოწყობილობები.

თუ ზემოაღნიშნული კომპანიები ტვინის იმპლანტს წარმოიდგენენ, როგორც ადამიანისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენის წინაპირობას და მისი დახმარებით ადამიანს ფიქრით ბეჭდვისა და მოწყობილობების აზრებით მართვის გამოცდილებას სთავაზობენ, სხვადასხვა უნივერსიტეტები მას სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ. იყენებენ არათუ დამატებითი შესაძლებლობებისთვის, არამედ დაკარგული უნარების აღსადგენად. მაგალითად, მხედველობის უნარის აღსადგენად – უსინათლოებისთვის, ხოლო გადაადგილების უნარის – სრულად პარალიზებული ადამიანებისთვის. საერთო ჯამში, ტვინის იმპლანტების ინდუსტრია, თუ შეიძლება მას ინდუსტრია ვუწოდოთ, არის ნეირომეცნიერებისა და ტექნოლოგიური პროდუქტების კოლაბორაციის მცდელობა. ზოგი მეცნიერის აზრით, ნეირონული იმპლანტები ადამიანებს მოწყობილობების გონებით მართვის გარდა, აზრების კითხვის უნარსაც შესძენს, შესაბამისად, საჭიროა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაც.

იმპლანტების კუთხით ჩვენი წლის საყვარელი სტატია ქვემოთაა მოცემული და მასში აღწერილია, თუ როგორ განათავსეს პაციენტის ტვინსა და თავის ქალას შორის ორი იმპლანტი, რომლებიც აგროვებენ და იწერენ ტვინის სიგნალებს, შემდეგ გადასცემენ ალგორითმს, რომელიც რობოტშია ჩაშენებული. თავის მხრივ, ალგორითმი აღიქვამს სიგნალს, მათი დეკოდირების შემდეგ კი, ფიქრით პროვოცირებული სიგნალები მოძრაობებად ითარგმნება. მოძრაობას ასრულებს რობოტი, რომელსაც პარალიზებული ადამიანის სხეული ეყრდნობა და რომელიც პარალიზებული ადამიანის ჯავშანია.

გაფართოებული რეალობის სათვალეები და HoloLens
კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია, რომელშიც 2019 წელს, არაერთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მოსინჯა თავი, გაფართოებული (აუგმენტური) რეალობის სათვალეებია. VR-ისგან (ვირტუალური რეალობა) განსხვავებით, AR არის ტექნოლოგია, რომელიც ციფრულად დამუშავებულ ინფორმაციას – გამოსახულებებს, ხმას, სურათებს რეალურ ცხოვრებაში აინტეგრირებს, ისე, რომ მას და ადამიანებს შორის ინტერაქცია მარტივად, ვერბალურად თუ სხეულის საშუალებით შედგეს. Google, Facebook და სხვა კომპანიები ამ კუთხით თავის დამკვიდრებას ცდილობენ. მაგალითად, Facebook-ს უნდა სმარტფონის მოხმარების გამოცდილება გაფართოებული რეალობის სათვალით ჩაანაცვლოს. Microsoft-მა კი უკვე მეორე და უფრო დახვეწილი სათვალე გამოუშვა, რომელიც არამხოლოდ გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიას იყენებს, არამედ დამოუკიდებელი კომპიუტერია… Hololens – ეს არის ახალი თაობის კომპიუტერი, რომელიც ჩვენს ოფისშიც გამოვცადეთ და რომლის გამოყენებისას არ გვჭირდება არც ეკრანი, არც მაუსი ან კლავიატურა, არამედ მხოლოდ შერეული რეალობის სათვალე, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი გარემო სამუშაო, თუ გასართობ სივრცედ ვაქციოთ. ის უკვე იყიდება რამდენიმე ქვეყანაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპიუტერული მოწყობილობების განვითარების შემდეგ ეტაპს გვიჩვენებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც Microsoft-ს უკავშირდება ჰოლოპორტაციის ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც რეალურ დროში, საკუთარი ჰოლოგრამის შექმნისა და მისი ნებისმიერ სივრცეში პროექციის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ტექნოლოგიას შეუძლია თქვენი საუბარი უცხო ენაზე თარგმნოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰოლოპორტაციის პროცესში, თქვენივე ხმით, პარტნიორებთან ისაუბრებთ იმ ენაზე, რომელიც არ იცით.

Facebook-ის ჰორიზონი
Horizon – ეს არის სოციალური ქსელის ახალი საფეხური – ქსელი, რომელშიც მისი „მოქალაქის“ ჩართულობა სხვა ხარისხს მიაღწევს… ეს არის ალტერნატიული, ნამდვილად VR სამყარო, რომლის შექმნის შესახებ Facebook-მა 2019 წელს განაცხადა. Horizon-ში საკუთარი სამყაროს შექმნა შეგიძლიათ, სადაც თქვენი ავატარი მოგზაურობს და მას ხედავენ სხვა ადამიანებიც, ისევე, როგორც თქვენ ხედავთ მათ (ავატარებს). ეს ხდება მაშინ, როცა ვირტუალური რეალობის სათვალე გიკეთიათ და ერთგვარ თამაშს თამაშობთ, რეალურ ადამიანებთან ერთად, თქვენ მიერ შექმნილ, ვირტუალურ სამყაროში.

Facebook-ის ეს მცდელობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც გეიმინგის კულტურის ერთგვარ ხიდად გამოყენება, ხიდად ადამიანებს შორის, VR თამაშის სახით. თამაშის, რომელსაც, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი, ერთდროულად ითამაშებს. შეიძლება დღეს იმ პერიოდის მომსწრენი ვართ, რომელიც წინაპირობაა იმისათვის, რომ AR სათვალეებმა ჩაანაცვლონ კომპიუტერები, თუ სმარტფონები, ნეირონულმა ინტერფეისებმა – კლავიატურები, ვირტუალურმა რეალობამ – ნამდვილი… ხოლო სოციალიზაციისთვის ნამდვილთან ერთად, ალტერნატიულ სამყაროებს (Horizon) გამოვიყენებთ. Horizon-ის ამოქმედება 2020 წლისთვისაა დაანონსებული.

თანამგზავრები ინტერნეტისთვის, ანუ Starlink
ილონ მასკისგან ამბიციური და წარმოუდგენელი იდეები არ გვიკვირს და 2019 წელს, მან კიდევ ერთი ასეთი პროექტი აამოქმედა. Starlink-ის, ანუ დედამიწის ნებისმიერი წერტილის სწრაფი და იაფი ინტერნეტით მომარაგების იდეის ფარგლებში, SpaceX ორბიტაზე 42 000-მდე თანამგზავრს გაუშვებს. 2019 წლის განმავლობაში, 180 სატელიტის გაშვება მოესწრო და ილონ მასკმა, ისტორიაში პირველად დატვიტა კიდეც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის გამოყენებით, თუმცა, პროექტი ასტრონომებს დიდ საფრთხეს უქმნის. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ თუ პროექტი Starlink გეგმისმიერად შესრულდება (ბოლო ინფორმაციით, დაგეგმილია ორბიტაზე 42 000-მდე თანამგზავრის გაშვება), ის დედამიწიდან ვარსკვლავებზე დაკვირვების შესაძლებლობას საბოლოოდ მოსპობს. 2019 წელს, ასტრონომებისა და SpaceX-ის უთანხმოებამ კონსენსუსს ვერ მიაღწია. დეკემბრის ბოლოს, ორბიტაზე გაშვებული 60 თანამგზავრი სპეციალური გარსაცმით იყო შეფუთული, იმისათვის, რომ მათ ნათებას ასტრონომული დაკვირვებებისთვის ხელი არ შეეშალა. თუმცა, ამ გადაწყვეტას მეცნიერები სკეპტიკურად უყურებენ და უფრო გონივრულ გამოსავლად Starlink-ის თანამგზავრების უფრო მაღალ ორბიტაზე განთავსებას მიიჩნევენ. 2020-ში ამ უთანხმოების გადაჭრას ველოდებით. 

ფეისბუკის კრიპტოვალუტა
კრიპტოვალუტების თემა 2019 წელს ნამდვილად არ დაწყებულა, თუმცა, ნამდვილად დაიწყო ცენტრალიზებული კრიპტოვალუტების კუთხით. თუ აქამდე კრიპტოვალუტის იდეა დეცენტრალიზაციას (ბიტკოინის სახით) უკავშირდებოდა, ისტორიაში პირველად, ფეისბუკმა „გაბედა“ კორპორაციის შექმნა, რომელშიც 100-მდე ავტორიტეტული ორგანიზაციის შემოკრებას აპირებდა. შემოკრებას იმისათვის, რომ შეექმნა საკუთარი კრიპტოვალუტა – ლიბრა. კონგრესის მხრიდან, ლიბრას გამოშვების გადადების მოთხოვნის შემდეგ და მას შემდეგაც, რაც ლიბრას ასოციაცია ისეთმა გადახდების გიგანტებმა დატოვეს, როგორებიც არიან Mastercard, Stripe, Visa, PayPal, უცნობია, უნდა ველოდოთ, თუ არა ლიბრას გამოსვლას 2020 წელს. თუმცა, 2019-ში, ფეისბუკმა ნამდვილად შეძლო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზება.

DeepFake
არ ვიცით, ეს რამდენად კარგი ტექნოლოგიური მოვლენაა, თუმცა, აღსანიშნავი ნამდვილად არის. Deepfake, ანუ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი სახე (მოდელი), იძლევა საშუალებას უკვე არსებულ ვიდეოში, ადამიანის სახე ჩანაცვლდეს. ჩანაცვლდეს ისეთი ადამიანის სახით, რომლის სახის, მიმიკების, გამომეტყველების ამსახველი ბევრი მასალა (ფოტო, ან ვიდეო) არსებობს. ცვლილების შესაძლებლობა არ ვრცელდება მხოლოდ გამოსახულებაზე. ტექნოლოგიას შეუძლია ხმის იმიტაციაც.

ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია როგორც სასარგებლო, ასევე, საფრთხისშემცველი მიზნებისთვის. Deepfake VFX ინდუსტრიისთვისაა სასარგებლო, ანუ კომპანიებისთვის, რომლებიც დიდ რესურსსა და დროს ხარჯავენ ვიზუალური ეფექტების შექმნაში. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად აღარ გახდება საჭირო 3D მოდელების შექმნა და მაგალითად, ფილმის მსახიობის სახის მოხუცი, ან ახალგაზრდა ვერსიით ჩანაცვლებისთვის დიდხნიანი შრომა. თუმცა, არსებობს სხვა, საკმაოდ საშიში მიმართულებები, სადაც შეიძლება Deepfake-ის გამოყენება აქტიურად დაიწყონ. მით უფრო, Fake News-ის ეპოქაში, Deepfake-ის არსებობა ინფორმაციის გავრცელებასა, თუ მიღებასთან დაკავშირებულ ახალ სირთულეებს აჩენს.

მზის აფრა
მზის აფრა, ანუ LightSail 2 ამბიციური პროექტია, რომელმაც შეიძლება დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების გაშვების პრაქტიკა შეცვალოს. თანამგზავრი დედამიმწის მაღალ ორბიტაზე 24 ივნისს, Space X-ის ხომალდ Falcon Heavy-ის დახმარებით აღმოჩნდა. ის მხოლოდ მზის ენერგიით მოძრაობს და მანევრირების გზით, მზის ენერგიას იჭერს. მისი მოძრაობისთვის თვალის მიდევნება სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით შეგვიძლია. მზის აფრა ჯერ კიდევ ექსპერიმენტული პროექტია, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, წარმატებით ახერხებს თავი გაართვას ორბიტაზე მზის ენერგიით გადაადგილების მისიას.

რობოტიკა
2019 წელს რობოტიკის მიმართულებითაც ბევრი სიახლის მომსწრენი გავხდით. განსაკუთრებით კი, რობოტების მობილობის კუთხით. რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს იმაზე ფიქრი, რომ ავტონომიური რობოტების ეპოქის დასაწყისში ვცხოვრობთ, მათი უმეტესობა ჯერ კიდევ გამოუსადეგარია ყოველდღიურ ცხოვრებაში, მობილობის პრობლემიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, წლის განმავლობაში, მეცნიერთა ნაწილი მათთვის ადამიანური რეფლექსების მიცემას ცდილობდა. თუმცა, რობოტიკის კუთხით, ყურადღების ცენტრში, ძირითადად, კომპანია Boston Dynamics იყო. მან ერთ-ერთ ჰუმანოიდ რობოტს (Atlas) პარკურის უნარები შესძინა, ხოლო მგონი ყველაზე ცნობილი რობოტის Spot გაყიდვა დაიწყო, მხოლოდ, ერთი პრინციპით – „თვითონ გადავწყვეტ, ვის მივყიდო ჩემი რობოტი“. რაც ნიშნავს იმას, რომ Spot-ის ყიდვის მსურველებს რთული გასაუბრების გავლა მოუწევთ.

რაც შეეხება სმარტფონებს
ზოგადად თუ შევაფასებთ, 2019 წელს, სმარტფონების ინდუსტრია, ძირითადად, კამერების კუთხით განვითარდა. ყველაზე დიდი განხილვის საგანი კი მაინც iPhone 11 და iPhone 11 Pro-ს დიზაინი იყო. გააქტიურდა დასაკეცი სმარტფონების ინდუსტრია და უკვე 2019 წლის მიწურულს, სკანდალის შემდეგ, ბაზარზე გამოჩნდა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold. 2020 წლისთვის, მომხმარებლები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნოსტალგიისმომგვრელი დასაკეცი სმარტფონის – Motorola Razr გამოსვლას ელიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი გამოსვლა გადაიდო, უცნობია, როდიდან შეძლებენ მომხმარებლები მის შეძენას.

Cybertruck
აქვე, ერთ-ორ სიტყვას ვიტყვით ილონ მასკის კიდევ ერთ პროდუქტზე – Cybertruck, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტესლა პირველი ელექტროპიკაპის სამ მოდელს გამოუშვებს. პირველ მათგანს, ერთ დამუხტვაზე, 400 კილომეტრის დაფარვა და 6.5 წამში, 100 კმ/სთ-ში მიღწევა შეეძლება. მეორე მოდელი ერთ დამუხტვაზე 482 კილომეტრს დაფარავს, ხოლო 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს 4.5 წამში მიაღწევს. რაც შეეხება მესამე მოდელს, მას მსგავსი სიჩქარის აკრეფა 2.9 წამში შეეძლება და ექნება ამ ორი მოდელთან შედარებით, ორჯერ მძლავრი ელემენტი, რაც ერთ დამუხტვაზე, 800 კილომეტრის დაფარვის საშუალებას მისცემს.

რობოლინზები
2019 წელს კიდევ ერთმა მიმართულებამ აღგვაფრთოვანა – რობოლინზებმა დაზუმვისა თუ ფოტოს გადაღების ფუნქციით, თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით როდის შეგვეძლება ამ პროდუქტის გამოყენება.

მომავალ წელს, ალბათ, იმაზე საუბარს შევძლებთ, თუ როგორ განვითარდებიან ზემოაღწერილი ინდუსტრიები და რა თქმა უნდა, როგორ აისახება მათი განვითარება ჩვენზე, როგორც მომხმარებლებზე. იმის იმედიც გვაქვს, რომ ქართული ბაზარი, ტექნოლოგიური პროდუქტების მომხმარებლობიდან, მის მწარმოებლობამდე, 2020 წელს, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

ხოლო ის, რისი თქმაც იმედსმიღმა, დანამდვილებით შეგვიძლია არის შემდეგი – 2020 წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა იქნება 5G-ის ამოქმედება. აღნიშნული სიახლის გავლენით შეიცვლება ის, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვისვენებთ, ვერთობით, ვმკურნალობთ და ა.შ. მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ცვლილებაში კი იქნება ნივთების ინტერნეტის (IOT) კუთხით, რაც ნიშნავს, რომ უპილოტო მანქანები, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან, ჩვენს ქუჩებში გადმოინაცვლებენ, ასწრაფდება ინტერნეტი, გაუმჯობესდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის დისტანციური მართვა, ქირურგები შეუფერხებლად შეძლებენ ოპერაციების დისტანციურად ჩატარებას და ა.შ. თუმცა, აღნიშნული სიახლე, ბევრი ადამიანის წარმოდგენაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ახალ პრობლემებს უდრის. შესაძლოა, რისკები ნამდვილად არსებობს და შესაძლოა, საქმე არ გვაქვს ტექნოლოგიების შიშის კლასიკურ შემთხვევასთან… იქნება, თუ არა 5G საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის? ამ საკითხზე ვრცელ სტატიას 2020 წლის დასაწყისში შემოგთავაზებთ.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა