29
Dec
2019

2019 წლის მთავარი ამბები

29 Dec 2019

რით იყო გამორჩეული 2019 წელი? რა მოხდა შემოქმედებით ინდუსტრიაში, ბიზნესში და საერთოდ, ქვეყანაში, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ რომ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა.

წლის შეჯამება კრეატიულ ინდუსტრიაში „დატრიალებული“ ამბებით უნდა დავიწყოთ. 2019-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე Redberry-ის უკავშირდება – სააგენტომ, Georgia Capital-ისგან, $3.2 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო და როგორც თავად ამბობენ, განვითარების აბსოლუტურად სხვა საფეხურზე გადავიდნენ.

ქართულმა სააგენტოებმა, წელს, წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო ასპარეზზე და ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე მსოფლიო ჯილდო მოიგეს. მაგალითად, watergunz-ის კამპანიამ „The Sound of Indifference ძალიან პრესტიჟული CLIO AWARDS-ის ბრინჯაოს პრიზი დაიმსახურა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პირველი სააგენტო აღმოჩნდა, ვინც ამ კონკურსზე ნამუშევარი წარადგინა და გაიმარჯვა კიდეც.

არანაკლებ პრესტიჟული კონკურსის, Epica Awards-ის ოქროს ჯილდო მოიგო Windfor’s-მა. სააგენტომ გამარჯვება სოციალური კამპანიით Dze-Georgian Project მოიპოვა.

2019 წელი გამორჩეული იყო Leavingstone-ისთვისაც – სააგენტომ, უკვე მეორედ, ინტერნეტის „ოსკარი“ მოიგო.

ქართული სააგენტოების წარმატებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ „წლის  დიზაინ სტუდია“ და „წლის კრეატიული სააგენტო“. ყველაფერი ეს AD Black Sea 2019-ზე მოხდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალია. საქართველოში ასევე ჩატარდა Eurobest Young Creatives Competition, სადაც Follofox-ისა და Redberry-ს გუნდებმა გაიმარჯვეს.

რაკი ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ Spotlight 2019 – პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება.

პირველად სწორედ აქ გაჟღერდა 2019 წლის მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი – საქართველოში Miami AD School იხსნება. განაცხადების მიღება 2020 წლის იანვარში დაიწყება, სასწავლო პროცესი კი – გაზაფხულზე. სხვა დეტალები, როგორც გიორგი პოპიაშვილმა გვითხრა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

აქვე, აღსანიშნავია ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, რომელიც Miami AD School Europe-ში სასწავლებლად დაწესდა.

2919 წლის მნიშვნელოვან ამბებზე საუბრისას, აღსანიშნავია ახალი პროექტიც,  მარკეტერის პოდკასტი, რომელიც ძალიან საინტერესო რესპონდენტებსა და თემებს წარმოგიდგენთ.

ბოლოს კი, კრეატიული ინდუსტრიის მიმოხილვისას, აუცილებლად  უნდა შეგახსენოთ კამპანია #spendyoursummeringeorgia, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო მოიცვა.

2019 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა სტარტაპებისთვის. ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი Pulsar-ის მილიონიანი გრანტი იყო, რომელიც „სილიკონ ველიზე“ აიღო.

ასევე აღსანიშნავია Vault Wines -ის ამბავი – წელს ამ სტარტაპმა შვეიცარული Venture Capital-ის ფონდის ინკუბატორის კონკურსი მოიგო.

როდესაც საერთაშორისო წარმატებასა და აღიარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოსთვის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგალითად, პროექტი „მუცოს ახალი სიცოცხლე“, რომელიც ევროპის რჩეული გახდა.

ასევე, თბილისის ყავის ქარხნის წარმატება და ბათუმისთვის მსოფლიო ტურისტული ჯილდოს გადაცემა. ფილმის„საქართველოს ღვინის სამშობლო წარმატება და პროექტ „შილდას“ საერთაშორისო აღიარება.

„მარკეტერის“ მკითხველს არ გამორჩენია ამბავი, როდესაც „იუნესკომ“, თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სტრასბურგში, ტრამვაიზე დატანილი ქართული ანბანი და კალიგრაფი ნიკა ღუნაშვილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც წელს, საერთაშორისო ასპარეზზე მოხდა, Airbnb-ზე ქართული ენის დამატება იყო. და არც ერთ შემთხევაში არ უნდა გამოგვრჩეს Apple-ის რეკლამა, რომელშიც 5 ქართველი მსახიობი მონაწილეობს. ყველა ეს მოვლენა, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოსაჩენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქართველების საერთაშორისო წარმატება სხვადასხვა სფეროში: Leavingstone-ის კრეატივის დირექტორის, ბექა ადამაშვილის ჯილდო ლიტერატურაში, ლადო აფხაზავა Global Teacher Prize-ზე და კინო-ოპერატორ გიორგი შველიძის აღიარება.

ბოლოს კი იმ გამორჩეულ ამბებს გაგახსენებთ, რომელიც საქართველოში მოხდა. ვფიქრობთ, ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს „ინსორსი“. ეს პირველი ქართული კომპანიაა, სადაც პარასკევიც უქმე დღეა. ჯერ რამდენიმე თვეა, ახალ მოდელზე გადავიდნენ. 2020 წელს, „მარკეტერი“ აუცილებლად მოგიყვებათ მათზე –  როგორ მუშაობს კვირაში ოთხი სამუშაო დღე.

2019 წელს, ჩვენს ქვეყანაში ორი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა. პირველი – ოპერირება დაიწყო ავიაკომპანიამ Raynair, მეორე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის – საქართველოში, სააგენტო Ogilvy-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა.

დიდი ხმაური გამოიწვია, თბილისსა და მის შემოგარენში „ფორსაჟის“ [Fast Furious 9] გადაღებამ. თუ რატომ არის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, შეგიძლიათ, ლევან ბახიას მოსაზრებას გაეცნოთ. 2019 წლის ამბებს შორის, უნდა გაგახსენოთ, თბილისში, პირველი Tesla Model 3-ის შემოსვლის, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისა და პირველი ქართული ელექტრომობილების დიზაინერის შესახებ.

2019 წლის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა 26 მაისი „კოკა-კოლას“ ეტიკეტზე.

მსოფლიო ბრენდი ძალიან იშვიათად უშვებს გამონაკლისს, როდესაც ადგილობრივ წარმომადგენლობას შეფუთვის შეცვლის უფლებას აძლევს და ეს გამონაკლისი საქართველო და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი აღმოჩნდა.

წარმოუდგენელი იქნებოდა, 2019 წლის შეჯამება, ძალიან პოპულარული კამპანიების „ინსტაგრამის კვერცხისა“  და „ინსტაგრამის ხინკლის“ გახსენების გარეშე დაგვესრულებინა.

 

განხილვა