31
Dec
2019

რა გვასწავლა 2019-მა წელმა? – “რედბერის” #აზრები

31 Dec 2019

M2
M2


ჩვენთვის 2019 წელი ბევრი სიახლის, ბევრი რამის პირველად გაკეთების, სწავლის, სწრაფი ზრდისა და განვითარების წელი იყო. სწავლა და ახლის აღმოჩენა ჩვენს DNA-შია – ესაა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა და უშრეტი ენერგიის წყარო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალ წელს ახალ ოფისში გადავედით.

კარგადაც მოვეწყეთ და შევუდექით ახალი ტერიტორიების აღმოჩენის მუდმივ და დაუღალავ პროცესს

წლის პირველი პროექტი, რომელსაც შევეჭიდეთ “თუ გიჭედავს, შეამოწმე” იყო. კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის შევქმენით ციფრული პროდუქტი და კონტენტით დახუნძლული კამპანია. რის ფარგლებში პირველად დავწერეთ მუსიკა, გადავიღეთ კლიპები, შევქმენით პირველი ფსიქოდელიური ანიმაცია და მოსაწყენი ტუტორიალების რაობა კარგად და თავიდან გადავიაზრეთ.

 

შემდგომ, ვიმუშავეთ რამდენიმე საინტერესო პროექტზე, რომელთაგანაც განსაკუთრებით გაასწორა ბილიანის საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნამ. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ მის შესახებ რაიმე მაინც გსმენიათ.

 

2019 წელს, რედბერიმ “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც 100%-ით ადამიანურ კაპიტალზე დაფუძნებულ ბიზნესში ამ მასშტაბის ინვესტიცია განხორციელდა ინსტიტუციონალური ინვესტორის მხრიდან.

ამ წელს, სრულად გავაცნობიერეთ და ვირწმუნეთ, რომ ადამიანები, ვინც ქმნიან რედბერის, იმდენად ღრმა ცოდნასა და გამოცდილებას ფლობენ ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების შექმნისა და განვითარებისთვის, რომ შეგვეძლო საკუთარ სტარტაპებში გაგვეკეთებინა ინვესტიცია და მათი აქსელერაცია შიდა რესურსით უზრუნველგვეყო.

მოზიდულ ინვესტიციას რედბერი საკუთარი სტარტაპ სტუდიის შესაქმნელად, კომპეტენციებისა და შესაძლებლობების გასაზრდელად იყენებს. სტარტაპების განვითარების ეს მოდელი გულისხმობს ადამიანური და ფინანსური რესურსის დაბალანსებული მიქსის ინვესტიციას სწრაფად მზარდ და მასშტაბირებად ახალ ბიზნესებში და გავრცელებულია ისეთ ადგილებში, სადაც სტარტაპების ეკოსისტემა კარგად არაა განვითარებული.

წელს, შევიმუშავეთ რედბერის სტარტაპ სტუდიის აქსელერაციის ფრეიმვორკი, რომელიც ეყრდნობა ისეთი სტარტაპ აქსელერატორების გამოცდილებას, როგორიცაა Y Combinator, 500 Startups და Techstars.

ლანჩობა რედბერის სტარტაპ სტუდიის პირველი ბიზნესია. სტარტაპის პირველი წელი სწრაფი ზრდისა და განვითარების იყო. უკვე 30-ზე მეტი ოფისის ციფრული კაფეტერია ვართ და ასობით მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს ჩვენს პროდუქტს.

ლანჩობის აპლიკაცია, სტრატეგიული ბრენდინგი, ვიზუალური იდენტობა, კომუნიკაციის სტრატეგია და მისი აღსრულება რედბერის გუნდის მხრიდან ხდება.

სტარტაპს ვავითარებთ lean მიდგომით და პროდუქტის განვითარებაც სრულად ეჯაილი არის. პროცესში ვეყრდნობით დიზაინ ფიქრის პრინციპებს და პროდუქტში ახალი feature-ები დინამიკურად, ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ ჩნდება მომხმარებლებთან მუდმივი ინტერვიუებისა და პროდუქტის მოხმარების მონაცემებიდან ამოღებული ინსაითების გაანალიზების შედეგად.

ლანჩობამ ჩვენი სტარტაპ სტუდიის აქსელერაციის ფრეიმვორკი დახვეწა და გაგვიმყარა იმის რწმენა, რომ თუ customer-centric მიდგომით იტერაციულად ვითარდები, აუცილებლად მიხვალ ისეთ პროდუქტამდე, რაც ადამიანების კონკრეტული პრობლემების განსხვავებული და საუკეთესო გადაწყვეტაა.

წლის განმავლობაში, მოვიგეთ ბეეევრი ჯილდო და პირველად გავხდით წლის სააგენტო.

Agency of the Year ჯილდოს თვალი სამი წლის წინ დავადგით და დავისახეთ ერთგვარი გეგმა, რომლის მისაღწევადაც რედბერის თითოეულ წევრს თავისი წვლილი შეჰქონდა. მიზნის მიღწევამ ძალიან ბევრი გული აანთო, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა და ახალი მიზნებისკენ დაგვმუხტა.

სულ რაღაც ორი თვეა, რაც რედბერის სტარტაპ სტუდიის მეორე ბიზნესში სრულად ჩავერთეთ. “ქარფესტი” განსაკუთრებული სტარტაპია, რადგან მას ალდაგთან პარტნიორობით ვქმნით. ესაა პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც დიდი ინსტიტუციონალური ორგანიზაცია სტარტაპს ჩვენნაირ პარტნიორთან ერთად ქმნის lean და agile მიდგომებით.

ამ წამს ჩვენი გუნდი ქარფესტის minimum viable product-ზე მუშაობს და გვაქვს რწმენა, რომ მეორადი ავტომობილების ბაზარზე არსებულ მრავალ პრობლემას გადავუჭრით მომხმარებელს სრულიად ახლებურად.

წლის ბოლო მინისოს ჯადოსნურ კამპანიაზე მუშაობას დავუთმეთ. რომლისთვისაც შევქმენით ახალი პროდუქტი “კოკეში ბოკუსუ”.  მინისოს საჩუქრებით და პროდუქციით გავსებული სასაჩუქრე ყუთები, რომელიც თავისი ჯადოსნურობით და ანბოქსინგ მუღამებით უკვე ათასობით ადრესატს ახარებს. პროდუქტის გარშემო შევქმენით 360 გრადუსიანი კამპანია რომელიც ყველა შესაძლო არხშია გაშლილი. ასევე პირველად გამოვიყენეთ კამპანიაში ტიკ-ტოკი, არხმა ისე გაამართლა, რომ გაღებული პირის დაკეტვაც კი გვიჭირს.

 

2019 წელს 85-ნი გავხდით და 2020-ს ვხვდებით უკვე ორი ოფისით.

მომავალ წელს სწავლისა და ახლის აღმოჩენის, ახალი გამოცდილებების მიღებისა და შექმნის ახალ ეტაპზე გადაყვანის გეგმები გვაქვს.

სხვა მიმართულებებთან ერთად, რედბერი განსაკუთრებით განვითარდება ტექნოლოგიური მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ყველაზე გამორჩეული ციფრული პროდუქტები და გამოცდილებები, რომლებიც ცვლიან ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ჩვენი კლიენტებისა და სტარტაპებისთვის.

კარგად ვხედავთ როგორ რადიკალურად იცვლება ციფრული მედია ლენდსქეიფი და დაუღალავად ვსწავლობთ და ვითვისებთ ახალი მედიების შესაძლებლობებს.

ახალ მედიებს ახალი ტიპის კონტენტი, ამბის თხრობის სრულიად ახალი ფორმატები სჭირდება. სწორედ ამიტომ, რედბერი განავითარებს საკუთარ ფროდაქშენს, რომელიც საქართველოში განსხვავებული ტიპის, მედიაზე სრულიად მორგებულ კონტენტს შექმნის.

2020 წელს, ასევე, ვიწყებთ საკუთარი თავის აღმოჩენას, როგორც საერთაშორისო სააგენტოსი. გვჯერა, რომ კრეატივის, პროდუქტის განვითარების, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებისა და ტექნოლოგიების სწორი მიქსი საშუალებას მოგვცემს საკუთარი სერვისები ექსპორტზე გავიტანოთ.

ბოლოს, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ყველას მთელი გულით მოგილოცოთ ახალი წელი.

განხილვა