in

2020-ის გაკვეთილები – რა ისწავლეს ქართულ საკომუნიკაციო სააგენტოებში?

„რა მასწავლა 2020-მა წელმა?“ – ამ კითხვით ქართული საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს მივმართეთ. ვინაიდან ერთმანეთის მხარდაჭერისა და პირადი გამოცდილებების გაზიარების მნიშვნელობას, ბოლო დროს, კიდევ უფრო კარგად გავუგეთ გემო, ვიფიქრეთ, რომ საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო იქნებოდა იმ ადამიანების აზრის მოსმენა, რომლებიც შემოქმედებით ინდუსტრიაში, მიუხედავად პანდემიისა, მეტ-ნაკლები სტაგნაციისა თუ სრულიად ამოუცნობი გამოწვევებისა, ქმნიან! ქმნიან იმას, რითაც ჩვენ – დამკვირვებლებმა, მომხმარებლებმა, კოლეგებმა, გულშემატკივრებმა, კონკურენტებმა… ყველამ! რაც შეიძლება, მსუბუქად და შეძლებისდაგვარად, ნაყოფიერად გადავლახოთ ეს პერიოდი:

პავლე გაბრიჭიძე, Leavingstone-ის კრეატივ დირექტორი: მანამ, სანამ რამეს გვასწავლიდა, ადგა, ჯერ ყველა გეგმა ჩაგვიშალა, ცხოვრება თავდაყირა დაგვიყენა და მერე — დაგვბრიფა. მთელ სამყაროს გვაიძულა, კრეატიულად ფიქრი დაგვეწყო. ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაგვეჭრა პრობლემები, რომლებიც აქამდე არასდროს გვქონია.

ბრიფი:

სტატუს კვო: გარშემო ყველაფერი შეიცვალა. არაფერი მუშაობს ისე, როგორც ადრე მუშაობდა. ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდი, არასწორი და არარელევანტური გახდა.
ამოცანა: შეხედე ყველაფერს ახლებურად და მოძებნე გამოსავალი.
ტონი და ხასიათი: გამამხნევებელი, გამბედავი.
ინსაითები: შენ თვითონ მოძებნე.
დედლაინი: რაც მალე, მით უკეთესი. თქვენთვის.
აუცილებელი მოთხოვნა: რელევანტურობა.
რეფერენსები: არ არსებობს.

გამოწვევა მივიღეთ.

Update: 

ჯერ კიდევ, გადაწყვეტების ძიებაში ვართ. 2020 ისტორიაში ყველაზე ცუდი კლიენტი აღმოჩნდა. მიდგომებსა და აზრებს ყოველდღე ცვლის, ბიუჯეტიც მცირე აქვს, ხანდახან საერთოდ არ აქვს.

ჩვენ არა გვიშავს. ვსხედვართ ქოლებზე და ვბჭობთ. 2-ჯერ უფრო მეტს ვფიქრობთ, რომ იქნებ, რომელიმე იდეა მაინც დავამთხვიოთ ხვალინდელ რეალობას. იმიტომ, რომ ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება.

ბოლოს რა გველის, რთული გამოსაცნობია. მაგრამ მთავარი უკვე გავაცნობიერეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც 2020-მა წელმა გვასწავლა, ისაა, რომ ერთადერთი რეალური იარაღი, რაც გვაქვს, შემოქმედებითობაა — ახალი პერსპექტივების დანახვა და სრულებით განსხვავებული ფიქრი იმაზე, რაზეც წარმოდგენაც არ გვაქვს, როგორ მუშაობს.

ლადო მალაზონია, Head of Strategy, JWT Metro: წელს, პირველად ვიფიქრე განსხვავებულად. განსხვავება იმაში იყო, რომ უფრო ყურადღებით ვცადე, მომესმინა ხმისთვის საკუთარ თავში. ადრე ამას არ ვაკეთებდი ხოლმე. ვფიქრობდი ფიქრზე, აზროვნების პროცესზე, ტექნიკებზე. რამდენად განსხვავებულად ვფიქრობთ, თუმცა რა მარტივად ვექცევით ხოლმე ზეგავლენის ქვეშ.

ჩემი წლის აღმოჩენაც შინაგანი და გარე ფაქტორების ჭიდილს ეხება. არსებობს ასეთი ცნება – „კონტროლის ლოკუსი“ (locus of control), რომელიც აღწერს ადამიანების მიერ სამყაროს აღქმასა და დამოკიდებულებას მოვლენებისადმი: ინდივიდი თვითონ განაგებს საკუთარ ბედს და გადაწყვეტილებებს (internal locus of control), თუ ვინმე / რამე სხვა (external locus of control).

ქართველებისთვის ამ სხვის როლს დიდი წარმატებით ირგებენ: იღბალი, ამინდი, ბუნება და გუნება, განგება და გაგება, მშობელი, მასწავლებელი, უფროსი თუ ბოსი, კურიერები, მთავრობა და მეზობლები, ქრისტიანული კალენდარი და არაქრისტიანული ეკლესია…

აი, უცხოპლანეტელებთან არ მივსულვართ ჯერ. თუ ისინი არ მოსულან ჩვენთან… თუმცა, იქნებ, მომავალ წელს, ჰა?

რაც შეეხება საკომუნიკაციო სფეროს, წელს, პანდემიამ გამოაჩინა, რომ შეიძლება, არც “essential workers” ვართ და არც სტრატეგიული დანიშნულების ორგანიზაციებში ვმუშაობთ (ჰმ, ირონია), თუმცა ეჭვგარეშეა – კომუნიკაციის აუცილებლობა ყოველთვის იქნება.

2021-ში უცხოპლანეტელები მართლა რომ გვესტუმრონ (ვინ გამორიცხავს?!), ალბათ, მათაც დასჭირდებათ ლოკალური პლანეტის ინსაითებში გარკვევა და თანმიმდევრული კომუნიკაციის გამართვა.

მოკლედ, ვფიქრობ მომავალი ნათელი თუ არა, შესაძლებლობებით აღსავსე მაინცაა. იმედს მაძლევს კიდევ ერთი ამბავიც – ჯერ კიდევ, 2020-ის იანვარში საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგების თანამეგობრობას, სადაც საკომუნიკაციო სააგენტოებში დასაქმებული, 20-ზე მეტი ცნობისმოყვარე გონება ერთიანდება და დიად მიზნებს ისახავს.

2021 კარგი იქნება, თუ კარგად დავუხვდებით.

მარი სუხიშვილი, WINDFOR’S Tbilisi Art Director: ათი ფიფქი ორიათასოცი წლისგან:

* პირველი: გაუცვალე როლები მნიშვნელოვანსა და უმნიშვნელოს;
* მეორე: არასოდეს შეგრცხვეს, როცა ზუმის შეხვედრის დროს ოთახში ოჯახის წევრი შემოვა;
* მესამე: შეზღუდვები არ ბადებს კრეატივს;
* მეოთხე: ყველაზე მნიშვნელოვანს მაშინ ამბობ, როცა ზუმში მიკროფონი გათიშული გაქვს;
* მეხუთე: მოულოდნელობებისგან თავის ასარიდებლად, ყოველთვის წარმოიდგინე უარესი სცენარი;
* მეექვსე: არასოდეს შეიცხადო, როდესაც თანამშრომელი სამუშაო დროს „გადავივლებ და მოვალს“ მოგწერს;
* მეშვიდე: ავად ყოფნა დისტანციური სამუშაოს გაცდენის მიზეზი არ არის;
* მერვე: 2020 წელი 31 დეკემბერს არ მთავრდება (იხ. მცნება მეხუთე);
* მეცხრე: გაიხსენე შენი ცხოვრების ყველა „რავა ხარ“, “რავი-შენ?” შეხვედრა არცთუ ისე ახლობელ ადამიანთან და დააფასე;
* მეათე: გახსოვდეს, რომ პასუხისმგებელი, საკუთარი თავის გარდა, ძალიან ბევრ ადამიანზე ხარ.

გიორგი პოპიაშვილი, Miami Ad School Tbilisi-ს დამფუძნებელი: „ამ წელს ვისწავლე” ხმამაღალი ნათქვამია, რა უნდა ისწავლო, რას უნდა მიხვდე 12 თვეში? შეიძლება, ბევრმა ისწავლა კიდევაც, მაგრამ მე ვერ ვსწავლობ ასე სწრაფად. სანამ რამეს ვისწავლი, ჯერ წლები, აი, ბიგ-ბენგის მერე, მხოლოდ გაზის ღრუბელი რომ იყო მთელი სამყარო, ეგეთი ბინდია ჩემს გონებაში, მერე წლები რაღაც კონტურები იკვეთება და მერე ისევ წლები შეიძლება, დასჭირდეს იმას, რომ ვთქვა, რომ რაღაც ვისწავლე. ამიტომ, თუ რამე აზრი გამოიკვეთა ამ წელს ჩემთვის, ეს აზრი გაცილებით ადრე დაწყებული პროცესის შედეგია. ეს აზრია ის, რომ ტკივილი, პრობლემა, უსიამოვნება და სირთულე, ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია. თითქოს ცხადზე ცხადია, მაგრამ არამგონია, ბოლომდე გვესმოდეს ეს მარტივი ჭეშმარიტება. მე, მაგალითად, 37 წელია, ვერ მივხვდი მაგას. წვიმაში, სადღაც რომ გარბიხარ, სახედაჭყანული და მოკუზული, აი, ეგრე გავურბივარ, სულ პატარა სირთულესაც კი. წელს, მივხვდი, რომ სირთულესთან თანაარსებობა შეიძლება, მეტიც, აუცილებელიც არის. რაღაცნაირად, უნდა გაიაზრო და მიიღო ის ფაქტი, რომ რაღაცები, უბრალოდ, ვერ მოხდება სირთულესთან შეჭიდების გარეშე, მეტიც, არ არსებობს, ცხოვრებამ, ერთხელ მაინც, მაგარი ტყლაშანი არ გაგადინოს. ამიტომ, ნებაყოლობით უნდა მიიღო ეს სირთულე და გააგრძელო ცხოვრება. მოკლედ, ეს გავიაზრე 2020-ში, ახლა მედიტაციის იმედზე ვარ, რომ ეს აზრი მივიღო, თორემ ახლა, როგორც სხვისი ჭუჭყიანი წინდა, ისე მიჭირავს ორი თითით, შორს გაწეული.

ლუკა ღუღუნიშვილი, Socialsharks-ის დირექტორი: წელი, რომელიც ჰორორის ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას, ჩვენთვისაც გამოწვევებით სავსე იყო, როგორც ბევრი სხვა კომპანიისთვის.

ჯერ რამენაირად აზრი უნდა გამოგვეტანა, რა ხდებოდა ჩვენ გარშემო: რა ცვლილებებს დანერგავდნენ ჩვენი კლიენტები, როგორი გავლენა ექნებოდა პანდემიას ადამიანების ქცევაზე, რა ტიპის კომუნიკაციის დაგეგმვა და განხორციელება იქნებოდა ადეკვატური და შეზღუდვებიდან გამომდინარე, როგორ შევძლებდით კონტენტის შექმნას.

ამ პროცესში ძალიან გამოგვადგა სისწრაფე და მოქნილობა. მოგვიწია, მიგვეტოვებინა, რასაც ვაკეთებდით და სულ ახალი გზები გვეპოვა: ისეთი დიჯიტალ სტრატეგიები შეგვემუშავებინა, კამპანიები განგვეხორციელებინა და კონტენტი შეგვექმნა, რომელიც ღირებული იქნებოდა ჩვენი კლიენტებისა და მათი მომხმარებლისთვის.

ამასთან ერთად, დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეკრული გუნდი. კომპანიის ყველა წევრი გაგებით ვეკიდებოდით სიახლეებს და ვცდილობდით, ერთმანეთს გვერდზე დავდგომოდით. ზუსტად ამის გამო, შევძელით, ამ ჰორორის სცენარში შეგვენარჩუნებინა ჩვენი სამუშაოს ხარისხი და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

სოლომონ გაგუა, „რედბერი“, სენიორ ექაუნთ მენეჯერი: თითქმის ყველა ვაკანსიის მოთხოვნებში რომ „სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი” არის ხოლმე დატანილი და მეტ-ნაკლებად რომ კითხვებს აჩენს, ნეტაი, რას გულისხმობენ ამაში? ოვერთაიმებს? ბევრ საქმეს ერთად? ცუდ მენეჯმენტს? არამეგობრულ გარემოს?

მგონი, მაგ „სტრესულ გარემოში მუშაობის“ დეფინიცია იყო მთელი წელი.

უცებ აღმოვჩნდით საკმაოდ პანიკურ გარემოში, რომელშიც ხელფეხშეკრულებს სიმშვიდის შენარჩუნება და საქმის ასმაგი ენერგიით კეთება გვევალებოდა. მანამდე სტრესის, ერთგვარად, „გატანა“ გვიწევდა, ძირითადად, რაღაც სასრული სიმრავლე იყო ხოლმე, ახლა სტრესთან ერთად ცხოვრება, მუშაობა და ყველაფრის ისევ ხარისხიანად კეთება დაგვევალა.

ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ ამ წელს, ციფრული არხებისა და უფრო მეტად, კონკრეტულად, ციფრული პროდუქტების აღმასვლის წელი იყო. ერთი მხრივ, თვითონ პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდისა და შესაბამისად, მათი დახვეწილობის აუცილებლობის შექმნის გამო, მაგრამ მეორე მხრივ, წმინდად რაოდენობის ჭრილში გაიზარდა ციფრული პროდუქტების მოხმარება. ადამიანებს, რომელთაც მანამდე რამდენიმე საბაზისო ციფრული პროდუქტის გამოყენების გამოცდილება ჰქონდათ (მაგ: მეილის), ერთგვარად, ადაპტაცია მოუწიათ ახალ რეალობასთან და შედარებით მეტად მეგობრულნი გახდნენ ციფრულ სამყაროსთან და მისი სიკეთეების:  დროის, ნერვების, ენერგიის დაზოგვის გემოც კარგად გაიგეს, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი ამბავია, არა მარტო მარკეტინგისა და კომუნიკაციის, არამედ ნებისმიერი ინდუსტრიისთვის.

გიორგი კვიტატიანი, Hans & Gruber, კრეატივ დირექტორი და თანადამფუძნებელი: ეს წელი, როგორც ყველასთვის, ჩვენი სააგენტოსთვისაც გამოწვევებით იყო სავსე. ბევრი პრობლემა შეგვხვდა, რომელთა ნაწილიც გადავლახეთ, ნაწილიდან კი ვეცადეთ, საინტერესო შესაძლებლობები შეგვექმნა. ამიტომ, იმ კითხვაზე, თუ რა მასწავლა ამ წელმა, სამი პასუხი მაქვს:

პირველი – წლების წინ, შესაძლებლობა მომეცა, სტუდენტობის გარკვეული პერიოდი იაპონიაში გამეტარებინა. ჩემი პირველი ლექცია დაიწყო ჩვენი კურატორის სიტყვებით: „ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმაროთ და გაუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. კარგად გაკეთებულ საქმეს კი, შედეგი აუცილებლად მოჰყვება“. ამ სიტყვების ჭეშმარიტება ამ წელმა შემახსენა. როგორც გრუბერები ვამბობთ ხოლმე – გულწრფელად ვიბრძვით ჩვენი კლიენტების მიზნებისთვის და ამას შედეგი ყოველთვის მოაქვს.

მეორე – გზა მართლაც ყოველთვის არის. მძიმე პერიოდის მიუხედავად, ეს იყო წელი, რომელშიც მოვიპოვეთ შანსი, გვემუშავა ჩვენთვის საყვარელ პროექტზე – „თბილღვინოს“ ანიმაციაზე „ღვინო საქართველოდან“. ასევე, დავიწყეთ თანამშრომლობა ახალ პარტნიორებთან, გავიცანით საინტერესო ადამიანები და დავგეგმეთ ახალი მასშტაბური პროექტები, რომლებსაც 2021-ში გამოვამზეურებთ.

მესამე – საინტერესო ადამიანების გვერდით მუშაობა გაძლევს სტიმულს, რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმისკენ მიილტვოდე. ამ პერიოდმა ნათლად დამანახა, რომ ის გუნდი, რომლის ნაწილიც ვარ, ამ სტიმულს რთულ გარემოშიც კი მაძლევს.

მიშკა სეხნიაშვილი, ABK-ს სენიორ ქოფირაითერი: “Two little mice fell into a bucket of cream. The first mouse quickly gave up and drowned, but the second mouse, he struggled so hard that he eventually churned that cream into butter and he walked out.  Amen.” – საინტერესოდ დაემთხვა, რომ კარანტინის პირველ კვირას სპილბერგის “Catch me if you can-ს” ვიმეორებდი და მთავარი გმირის მამის დარიგება გონებაში ჩამრჩა.

პირველი, რაც პანდემიამ შემახსენა, ისაა, რომ ხელების ჩამოყრის დრო არასდროს არ არის. სწორედ ყველაზე მძიმე პერიოდში უნდა მოინდომო და გააკეთო ყველაზე მეტი. შედეგი კი, აუცილებლად მოვა – ეს გარდაუვალია.

შემცირებული შეკვეთების მიუხედავად, ამ განწყობით გავაგრძელეთ საქმიანობა ABK-ში. გაგვიჭირდა, მაგრამ ამ გაჭირვების პერიოდებში გვეხსნება ხოლმე მეორე სუნთქვა და ვახერხებთ სიახლეების შემოტანას.

გავზარდეთ ციფრული პროდუქტების გუნდისა და სერვისების რაოდენობა. რამდენიმე საინტერესო ვებგვერდიც შევქმენით, რომლებსაც მალე იხილავთ.

ხორცს ვასხამთ სტარტაპის იმ იდეებს, რომლის გაკეთებაც დიდი ხანი გვინდოდა.

დავიმატეთ ახალი ადამიანები და აღმოვაჩინეთ, რომ დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია. თუმცა, დავრწმუნდით, რომ ერთად მუშაობას ვერაფერი შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შემოქმედებით საქმიანობას ეხება.

გვანცა ჩლაიძე, Mom of 2, wife, daughter and friend; Marketer; Co-Founder of Creative Agency VAVAVA:

Perks of Lockdown, ანუ Challenge accepted

ძალიან მიყვარს ცვლილებები, ექსპერიმენტები და სიახლე. ბოლო რამდენიმე წელია, სიტყვა „პრობლემას“ მნიშვნელობა შევუცვალე და მას „გამოწვევა“ დავარქვი. ხოდა, ეს პანდემიაც, მარტის თვიდან რომ არ გვანებებს თავს, გამოწვევად მექცა.

მაშ ასე, challenge accepted:

ოჯახისა  და სამსახურის ბალანსი თავიდან დასალაგებელი გახდა ჩემს ტვინში. გამოსავალი ყოველთვის არის და მეც გადავეწყვე.

რადგან 2020 წელი რადიკალურად განსხვავდებოდა წინა წლებისგან, მივიჩნიე, რომ აქედან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა.

დროის მართვის სუპერძალა აღმოვიჩინე. ისე, საკუთარი თავი დახატეო, რომ მითხრას ვინმემ „რვახელას“ დავხატავდი გვანცას. კაია, ცუდი არ არის. სირთულეები გვაძლიერებს. გამიმართლა და full time სამსახურშიც ადეკვატური რეაგირება მოჰყვა პანდემიას და დაგეგმილი კამპანიების რელევანტურად გადახალისების საშუალება მომეცა.

კომპანიებს გაუჩნდათ გაციფრულების აუცილებლობა. გუნდთან ერთად სწორ დროსა და სივრცეში აღმოვჩნდით და ერთ მუშტად შევიკარით. არ გავჩერდით. და ახლა კიდევ უფრო წინ ვართ, ვიდრე 2020-ის დასაწყისში, როცა უკვე ჩვეული რიტმით გვეგონა, უნდა გვეცხოვრა. ჩვეული მოსაწყენია.

ხშირად მეფიქრება, რამდენ დროს ვხარჯავდი შეხვედრიდან შეხვედრაზე გადაადგილებაში. და მოქნილ გრაფიკზე სულ ვოცნებობდი. მენატრება ზუმამდელი ურთიერთობები და ბევრი ხალხი. მაგრამ შევიყვარე ჩემი ახალი სამყარო და მასაც ვუყვარვარ მე.

ვიცი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ხვალინდელი დღე რას გვიმზადებს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის უკეთესია წინაზე.

მინდა სხვანაირი 2021

რამდენად ღირს ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხის მოპოვება?

მობილური ტელეფონის “თვითგანკურნებადი” ეკრანები