in

რა გვასწავლა 2020-მა წელმა? – ნახეთ, რას გიამბობენ სტარტაპერები

Startauperi
Startauperi

ყველაზე უცნაური წელი დასასრულს უახლოვდება და დროა, თვალი გადავავლოთ – რა გაკვეთილი მივიღეთ 2020-ისგან, ან მივიღეთ კი? რა შანსი დაგვანახა დაბრკოლებებში ან სად მოგვიჭრა გზა? საით მიმართა ჩვენი გონება? იქნებ, პოტენციალის აღმოჩენისკენ გვიბიძგა? ამ კითხვებით ქართველ სტარტაპერებს მივმართეთ. არაერთი მათგანისთვის წლევანდელი წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, ზოგი გამოწვევის წინაშე სწრაფმა ზრდამ დააყენა, ზოგიც – ინდუსტრიულ კოლაფსშიც. მაინც, რა ასწავლა 2020-მა წელმა სტარტაპებს? მოგვყევით, სტარტაპერები თავად გიამბობენ:

Stack

გიორგი ლალიაშვილი

გიორგი ლალიაშვილი: 2020-ში განვითარებული ამბების ფონზე, წლის ამაზე უკეთეს დასასრულს ალბათ არც მოველოდით. წლის დასაწყისში, ფინანსების მოზიდვის აქტიურ პროცესში ვიყავით. ავსტრიელი ინვესტორებისგან მზაობა გვქონდა და სან-ფრანცისკოში ვხვდებოდით სხვა ვენჩურულ ინვესტორებს. ამასობაში, გლობალური პანდემიაც დაიწყო და ჩვენი ფინანსების მოზიდვის ამბავიც გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამან საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი კომპანია, რომელსაც შემოსავალი იმ დროისთვის საერთოდ არ ჰქონდა. სწორედ მაშინ ვისწავლეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ მხოლოდ ხელმოწერილი საბუთების საფუძველზე არ უნდა იყო იმ რესურსის იმედად, რომელიც ჯერ შენ არ გეკუთვნის.

ამის შემდეგ, მომხმარებლებს მივმართეთ მხარდაჭერისთვის და პროდუქტის პრემიუმ პაკეტის გაყიდვა დავიწყეთ, მათ შორის, მუდმივი ლიცენზიებისაც. ძალიან ბევრი მომხმარებელი დაგვიდგა გვერდში და შემოსავლები სწრაფად გაგვეზარდა. ბევრი ახალი მომხმარებელიც მოვიდა სთექში, რადგან სახლში თვითიზოლაციისა და დისტანციური მუშაობისთვის სთექი კარგი პროდუქტი აღმოჩნდა. ამან ინვესტორების დაინტერესებაც გამოიწვია და ჩვენი fundraising-ის პროცესიც აღდგა.

წლის მეორე ნახევარში უკვე “500Startups საქართველოს” პირველი ნაკადის ერთ-ერთ კომპანიად შეგვარჩიეს და ჩვენს წარმატებაზე გამოცდილმა საერთაშორისო მენტორებმა დაიწყეს ზრუნვა. ამას მოყვა დაინტერესება 500Startups San Francisco-დან და შემდგომ, ჰოლანდიური საინვესტიციო ფონდებისგან.

აღნიშნული ინტერესი და ხანგრძლივი მოლაპარაკებები, წლის ბოლოს, სთექში $850,000-ის ინვესტიციით დაგვირგვინდა, რაც სთექს დამატებით, სულ მცირე, 12 თვეს აძლევს პროდუქტის დასახვეწად და საერთაშორისო ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად.

ეს ყოველივე მეორე, უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩვენთვის – ყველაზე გაურკვეველ და მძიმე გარემოებებშიც კი, როდესაც გამოსავალი არ ჩანს, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნის, თავდაუზოგავად, წარბშეუხრელად მიდიოდე მისკენ და ყველაფერი გამოვა!

Soplidan.ge

ნათია ნინიკელაშვილი. Photo Source: TBC

ნათია ნინიკელაშვილი: პირველად იყო ადაპტაციის უნარის გამოღვიძება – მივხვდით, თუ არ მოვერგებოდით გარემოს, ვერ გადავრჩებოდით. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, გამოწვევა იყო არა ბიზნესის გაჩერება, არამედ აქამდე არნახული ზრდა. უცაბედად, 10-ჯერ გაზრდილი ბრუნვა მცირე ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა – შეიძლება ამაზე 10 წელი ოცნებობდე, მაგრამ თუ მზად არ დაუხვდი, 10 დღეში დაკარგავ იმას, რაც აქამდე რუდუნებით შეგიქმნია.

პირველი რაც გავაკეთეთ, გუნდის გაზრდა იყო. ამ დროს ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა და ეს არ გაგვჭირვებია. 10 მდე ადამიანი დავასაქმეთ დამატებით. ამით მათაც გავუმართეთ ხელი და ჩვენც მყარად დავუხვდით შეკვეთების შემოტევას. ამის შემდეგ უკვე შესაძლებლობების კონტურებიც გამოიკვეთა კრიზისის ცეცხლში – გავზარდეთ ასორტიმენტი, გავიტანეთ ჩვენი პროდუქტი ახალ პლატფორმებზე გლოვო და ვოლტი, დავიწყეთ საკუთარი უნარჩენო წარმოება (ჯემები და საწებლები), საქართველოს ფოსტის საშუალებით პროდუქტის გაგზავნა დავიწყეთ ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.

დღეს, 7000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს, 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ვთავაზობთ, 400-ზე მეტი ფერმერი გვამარაგებს საქართველოს ყველა კუთხიდან და 15 თანამშრომელია დასაქმებული. 2020 წლის კრიზისში სოფლიდან.ჯის ზრდა და განვითარება სწორედ ელექტრონული კომერციის ბიზნესის დიდ შესაძლებლობებზე მეტყველებს. რაც უნდა რთული იყოს ამის დანახვა, ყველა გამოწვევაში იმალება შესაძლებლობები.

Phubber

ანანო დოლაბერიძე: ვისწავლეთ, განვვითარდით, გავიზარდეთ და ვფართოვდებით. მოვიზიდეთ ინვესტიცია, ვიყავით სილიქონ ველიში და გავიარეთ აქსელერაციის პროგრამა, გავიარეთ კიდევ ერთი აქსელერაციის პროგრამა და მოვხვდით 500 Startups-ის სამეულში, განვავითარეთ ჩვენი ტექნოლოგია, დავამატეთ გაყიდვების ახალი პლატფორმა, ვებგვერდი, დაგვემატა 50 000-ზე მეტი მომხმარებელი და მივაღწიეთ გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს.

ანანო დოლაბერიძე

2020-მა ფაბერს ასწავლა, რომ ყოველთვის უნდა იყო ზრდაზე ორიენტირებული. ყველა სიტუაციაში იპოვო გამოსავალი და გადალახო სირთულეები. თითოეული ასეთი გამოწვევის გადალხვა უდიდესი გამოცდილება და გაკვეთილია, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს მომავალში.

ჩვენ არ დავნებდით, არ შეგვეშინდა, უფრო მეტიც, გავრისკეთ და ამ წუთებში უკრაინაში ვიკვლევთ გზას, რომ 2021 წელი კიდევ უფრო მაგარი იყოს და ხაზი გაესვას ამ წელს, როგორც ფაბერის რამდენიმე ქვეყანაში გაფართოების წელს. ალბათ, მნიშნელოვანია, რომ გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ჩვენთვის, ირგვლივ არაფერი არ ჩანს, გარდა ერთი დიდი მიზნისა, რომლისკენაც პირდაპირ იყურები და არ გეშინია არანაირი დაბრკოლების. სწორედ ეს შემართება აქვს ჩვენს კომპანაის.

არასდროს არ უნდა დაკარგო იმედი! გზა ყოველთვის არსებობს. მთავარია, მოინდომო და ეცადო მოძებნო ეს გზა. 2020 უდიდესი გაკვეთილი იყო ჩვენთვის. ჩვენ ვაშენებთ გლობალურ ბრენდს, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს ამიერკავკასიაში – როგორც ყველაზე დიდი მარკეტფლეისი საქართველოდან!

Space Farms

ტუსა ღარიბაშვილი

ტუსა ღარიბაშვილი: 2020 პირველი წელი იყო, როცა Space Farms-მა ბაზარზე ოპერირება დაიწყო. ფაქტობრივად, უკვე აპრილში შევთავაზეთ მომხმარებლებს ჩვენი ფერმიდან ბოსტნეულის შეძენა. ძალიან საინტერესო, გამოწვევებით სავსე წელი გავიარეთ, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონტროლირებადმა მომავლის მეურნეობამ აჩვენა, რომ არამდგრად გარემოშიც შეუძლია მუშაობა. ამ ყველაფერმა დამანახა ის, რაც აქამდე თეორიულად ვიცოდი, რომ ახალ არაპროგნოზირებად გარემოში ამ ტიპის მეურნეობის დანერგვის საჭიროება არსებობს. პანდემიამ განმიმტკიცა აზრი, რომ ამ მეურნეობას სტაბილურად მუშაობა შეუძლია და კიდევ უფრო მკაფიო მიმართულება მომცა, თუ როგორ უნდა განვავითარო პროექტი საქართველოში და მის გარეთ.

Scoot Scoot

გიორგი მონავარდისაშვილი: ძალიან გულდასაწყვეტი წელი იყო. ბევრი კარგი ბიზნესი დაიხურა და არ ვიცით, გაიხსნება თუ არა.

გიორგი მონავარდისაშვილი

ვფიქრობ, სტარტაპებისთვის სიტუაცია შედარებით იოლად იყო, ვიდრე შემდგარი, გამართული პროცესების მქონე დიდი ბიზნესებისათვის. პატარა კომპანიებს აქვთ ჩქარა გადაწყობის და ახლებური პროდუქტების თუ სერვისების დამატების რესურსი. Scoot Scoot ახლა ძალიან ჩქარი ზრდის ფაზაში ვართ და ამ წელმა დაგვაფიქრა იმაზე, რომ მთავარი გამოწვევაა, გაზრდასთან ერთად, ეს მოქნილობა არ დაგვეკარგოს.

წელს კარგად გავაცნობიერეთ, რომ ყველა სიტუაციას თავისზე მორგებული პროდუქტი აქვს. ეკონომიკური კრიზისიც კი აჩენს შესაძლებლობებს. როცა ხალხს უფრო მეტად უჭირს, ვიდრე აქამდე, ისინი მზად არიან იყიდონ პროდუქტი, რომელიც დაუზოგავს დროს ან ფულს. ან, სკუტერების შემთხვევაში – ორივეს. ჩვენ მოგვიწია ძვირიანი პროდუქტების დიდი ფასდაკლებით, რიგ შემთხვევევში თვითღირებულებით გაყიდვა, იმისთვის, რომ გვეშოვნა თანხა მეორადი, შედარებით იაფიანი პროდუქტების შესაძენად. ამის შედეგად შევძელით, რომ მეორადი სკუტერების გაყიდვები გაგვეორმაგებინადა უფრო ძვირიანი, ზანტი პროდუქტები მოგვეშორებინა.

moitane.ge

სოფო ლორთქიფანიძე: შეიძლება ითქვას, პირველ რიგში 2020-მა moitane-ს გუნდს დაგვანახა, რომ ციფრულ სფეროში ოპერირების დაწყება სწორი არჩევანი იყო. პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, დრო ააჩქარა – ის, რაც უნდა მომხდარიყო წლების შემდეგ, სასიცოცხლოდ საჭირო გახადა 2020 წელს. ამ კრიზისულ ვითარებაში, ციფრული სერვისები ერთგვარი ხსნა აღმოჩნდა ადამიანებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით, თუ როგორ ხდება moitane ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი. ამ ყველაფრით ჩანს, რომ ბიზნესის დიჯიტალიზაცია სამომავლოდ გარდაუვალია, რაც დაზოგავს ადამიანების დროსა და ენერგიას. 

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ სფეროში ერთ-ერთ პირველ კომპანიას წარმოვადგენთ საქართველოს ბაზარზე, რაც იმედს გვაძლევს რომ სამომავლოდ moitane უფრო მეტი ადამიანისთვის იქცევა ცხოვრების გამარტივების საშუალებად.

შავი პომიდორი

ელენე ზამთარაძე

ელენე ზამთარაძე: 2020-მა გვასწავლა, რომ ყველაფერს ვერ დააზღვევ. ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გარემო საგრძნობლად შეიცვლება. ვისწავლეთ, რომ ადაპტაცია უმნიშვნელოვანესია ბიზნესში. პანდემიის პირობებში “შავმა პომიდორმა” სულ 3 თვეს შეძლო ოპერირება და სექტემბერში დავიხურეთ.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წელმა გვასწავლა, ის არის, რომ თუ გიყვარს შენი შექმნილი ბრენდი, მასში მთელი შენი ენერგია უნდა ჩადო. ასე მოვიქეცით ჩვენც – მიუხედავად იმისა, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორი პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, ჩვენ მაინც ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შავი პომიდორი შეგვენარჩუნებინა. პანდემიამდე მოძიებული გვქონდა ინვესტიცია გაფართოვებისთვის და 2020-ში გეგმები აღარ შევცვალეთ. სამუდამოდ დაკეტვის ნაცვლად, ჰოსტელი რამდენიმე თვით დავხურეთ, შევიძინეთ შენობა, „ჩავარდნილ“ პერიოდს რემონტისთვის ვიყენებთ და უკვე ზაფხულში ჩვენს სტუმრებს ახალ მისამართზე, განახლებულ შავ პომიდორში ვუმასპინძლებთ.
ვიმედოვნებთ, ძალიან მალე დაბრუნდება დრო, როცა ჰოსტელში ტურისტების ჟრიამული ისევ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იქნება.

Reckless

სალომე გველესიანი: რაც არ გვკლავს, ის თუ გვაძლიერებს – ე.ი. რექლესის ამბავიც ეგრე შეიძლება დავიწყოთ. ბრენდის შექმნის იდეა ფაქტიურად ნული ენერგიით და სიცოცხლის მიმართ აბსოლუტურად ინერტული დამოკიდებულებით დაიწყო და იმხელა ემოცია წამოიღო, კოვიდ 19 მას ვერაფრით შეაფერხებდა.

ურთულესი წელი იყო ყველანაირი გაგებით, მაგრამ თუ ის მთელი სამყაროსთვის კოვიდ 19-თან იქნება  ასოცირებული, ჩემთვის ამ წელს რექლესი დაიბადა, სუნთქვა დაიწყო საქმემ, რომელმაც ოთხ თვეში საკუთარი ხელწერაც კი დაამკვირდა. ტანსაცმლის წარმოება ისედაც საკმაოდ რთულია ჩვენ ქვეყანაში, მილიონი მიზეზის გამო, რომელიც ამ წინასაახალწლო სტატიაში ნაკლებად აინტერესებს ვინმეს, მაგრამ პანდემიამ ის ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა. შეთანხმებები ყოველდღიურად ირღვეოდა, იზღუდებოდა გადაადგილება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ჩერდებოდა საწარმოები და სამკერვალოები, შეუძლებელი იყო ნედლეულის მოძიება და აქამდე ჩამოტანა. თუმცა კომპრომისებზე არ წავედით და დღეს ეს ძალიან გვეამაყება. აგვისტოში ჩავუშვით ბრენდი, რომელმაც ნოემბერში უკვე მეორე კოლექცია გამოიტანა გაყიდვაში, ჩვენი ვიდეო და ფოტო კონტენტი მოზარდების და მათი მშობლების ცნობიერებას ცვლის და უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს. მიზანიც ეს იყო – რექლესი არ არის მხოლოდ ტანსაცმელი ეს არის კომუნა, სადაც ყველა თინეიჯერი თავს თანასწორად გძნობს.

2020 წლის გაკვეთილი – სიცოცხლე გრძელდება, მთავარია მისი გაგრძელების ფორმა იპოვო. /ეძღვნება ნიკა ჯორჯაძეს/

შენია

მარიამ წულუკიძე: ჩვენთვის ეს იყო ფიქრის, ანალიზის და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის წელი. „შენია“ ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაშია და პანდემის დროს ბიზნეს პროცესების გადაწყობა არ დაგვჭირდა, თუმცა შექმნილი ეკონომიკური ფონი ჩვენზეც აისახა. რა ვისწავლეთ?
სტარტაპი შეიძლება სპორტის ნებისმიერ სახეობას შევადაროთ, სადაც მიზანი, სისწრაფე და მოქნილობა ერთობლიობაში მოგიტანს წარმატებას. მივხვდით, რომ თუ გავჩერდებოდით ვერ გადავრჩებოდით.
დისტანციურად მუშაობა ჩვენთვის პანდემიამდეც ორგანული იყო, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ შეიძლებოდა დისტანციურად კომპანის დასტარტვა სხვა ქვეყანაში. მაქსიმალურად ავითვისეთ ყველა ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმა შეხვედრებისთვის, ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და დაგეგმვისთვის, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ სწავლა არასოდეს უნდა შეწყვიტოთ.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადი კომპანიები ახალ შესაძლებლობებს მარტივად აღმოაჩენენ ხოლმე. ჩვენი დაკვირვებით სტარტაპერები ამ მიმართულებით მეტად განვითარებულები არიან, რადგან ჩვენში გადარჩენისა და ბრძოლისუნარიანობის იმუნური სისტემა გაცილებით მაღალია.

პანდემიის პერიოდში ვუსმენდით მომხმარებლებს, უკეთ გავიგეთ მათი საჭიროებები, რაც გამოვიყენეთ მომავალი წლის სტრატეგიის შემუშავებაში.
2020 წელს „შენიამ“ მონაწილეობა მიიღო WOMEN in Tech აქსელერაციის პროგრამაში, განაცხადი შეიტანა ინოვაციური იდეების 650.000 ლარიან საგრანტო პროგრამაში და ორივე შემთხვევაში გადავედით ნახევარფინალში. დავიწყეთ ახალშობილების ტანისამოსის საცდელი ხაზის განვითარება, რომელსაც ახალი წლის დასაწყისში ჩავუშვებთ გაყიდვებში.

CARU

ნიკა აბაშიძე: 2020 წელი იყო საუკეთესო წელი სწავლისა და განვითარებისთვის. CARU-მ მისგან 7 მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისწავლა:

ნიკა აბაშიძე

სამყარო შეიძლება თავდაყირა დადგეს და ეს ნორმალურია – წარმოიდგენდი წლის დასაწყისში რომ ოდესმე ნავთობის ფასი გამინუსდებოდა? ან რომ UBER გეტყოდა არ იმგზავროო, ან რომ მთელ მსოფლიოში ფრენები გაჩერდებოდა? ვერ წარმოიდგენდი, მაგრამ ხომ მოხდა… ასე რომ ნურც იმას გამორიცხავ, რომ ერთ დღესაც ცა გაიხსნას და ღმერთი ჩამოვიდეს ფრაზით: “მე დავბრუნდი”. “ვერ წარმოვიდგენდი” შეზღუდვებია, რომელიც მხოლოდ შენ ტვინში არსებობს და ხშირად ის შენ პოტენციალთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში კი ბევრად მეტი შეგიძლია
როცა სამყარო თავდაყირა დგება, არავინ იცის, როგორ მოიქცეს – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა უფროსმა თაობამ გამოიარა 90-იანები, რამდენიმე ომი და შიმშილობის პერიოდიც კი, პანდემიის დროს, ყველაზე გამოცდილმა ბიზნესმენებმაც კი არ იცოდნენ, რა მოხდებოდა.
სჯობს, მსუბუქი იყო – შეამჩნიეთ, ალბათ, როგორ მომრავლდა სოციალურ ქსელებში ავტოსერვისების რეკლამები, ეს იმიტომ რომ მობილობის შემცირებამ და “სახლში დარჩიებმა” ავტოსერვისს თითქმის ისევე დაარტყა როგორც ტურიზმს. CARU-ში ეს მინიმალურად ვიგრძენით, რადგან არც დიდი ფიქსირებული ხარჯები გვაქვს, არც უზარმაზარი ინფრასტრუქტურა გვაქვს შესანახი და არც გაბერილი შტატები. ამიტომ ჯობია რომ მსუბუქად იყო, ეს ყველა პერიოდში კარგი გეგმაა
მოვლენების პერიოდში დააჯექი ტრენდს ან რეკლამა საერთოდ გააჩერე – 2020-ში როდესაც ადამიანი სქროლავდა ის ეძებდა ინფოს ან ინფიცირებულების რაოდენობაზე, ან ვაქცინის შესახებ ან არჩევნებზე. ამ დროს შენი რეკლამა თითქოს გაშვებულიც არაა, ვერავინ ამჩნევს, ამიტომ ჯობს ხარჯი მინიმუმამდე დაიყვანო, მაინც არ იმუშავებს.
ესეც გაივლის – რაც უნდა დიდი გაჭირვება იდგეს სამყაროში, უნდა “დააზუმაუთო” და გაიაზრო, რომ შენ საშუალოდ 80 წელს იცოცხლებ, ეს კი მხოლოდ 1 ან 2 წელია. ასეთი აზორვნება საშუალებას მოგცემს, მოემზადო კარგი პერიოდისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება და საუკეთესოდ შეიძლება რომ გამოიყენო.
ადამიანები ემოციური არსებები ვართ და რაციონალიზმს ჩვენთან საერთო არაფერი აქვს – 2020 წელს თუ გადახედავ, მიხვდები რომ არც-ერთ მომენტში ადამიანებს არ გვქონია რაციონალური რეაქცია. ამას საჯაროდ არავინ ვაღიარებთ, მაგრამ უკლებლივ ყველამ ვიცით, რომ ასე იყო. ამიტომ, სჯობს, შემდეგ გაკვეთილზე გადავიდეთ.
2020 ბრენდინგის საუკეთესო გაკვეთილი იყო რაც კი კაცობრიობას უნახავს – “ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, ყველა ბედნიერი კომპანია კი განსხვავებულია”. თუ გინდა წარმატებული კომპანია შექმნა პირველ რიგში განსხვავებული უნდა იყო, როგორც Apple და Tesla. წარსულს ჩაბარდა ის დრო როდესაც რეკლამა ყიდდა პროდუქტს. ასეთივე განსხვავებული იყო 2020 და როგორც არ უნდა არეკლამო 2019 ყველას მაინც 2020 ემახსოვრება

და ბონუს გაკვეთილი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლეთ:
ყველაზე დიდი აქტივიმ რაც მეწარმეს შეიძლება ჰქონდეს, არის ჭკვიანი ადამიანი, ვისაც შეგიძლია რჩევა ჰკითხო. 2020-ში ეს გაცილებით უფრო ღირებული იყო, ვიდრე ჩვეულებრივ წლებში, რადგან ასეთმა ადამიანებმა შეიძლება დიდი შეცდომებისგან დაგიცვან, სწორი მიმართულება მოგცენ და ისეთი დეტალები დაგანახონ, რასაც თვითონ ვერ ამჩნევ. მთავარია არ მოგერიდოს და რჩევა ითხოვო.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

სიყვარულით მას შენგან, შენ – ჩვენგან. „მეამას“ საახალწლო კამპანია, რომელიც უსაჩუქროდ არავის ტოვებს

რატომ ამბობენ მენეჯერობაზე უარს ისინი, ვისაც ეს კარგად შეუძლია?