in

2020-ის გაკვეთილები – რა ისწავლეს მარკეტერებმა?

2020 წელი, თან მოტანილი უამრავი სირთულის მიუხედავად, კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა. მართალია, ყველანი ჯერ გაურკვევლობასა და ქაოსში, შემდეგ კი გამოწვევებით სავსე რეალობაში აღმოვჩნდით, მაგრამ სანამ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას და გადარჩენას ვცდილობდით, ყველამ რაღაც ახალი ვისწავლეთ. პრინციპში, ალბათ, ამან გადაგვარჩინა. ვის რა მისცა და რა ასწავლა 2020 წელმა?! – საკუთარ გამოცდილებაზე, ამ მიმართულებით, ქართველი მარკეტერები გვიამბობენ.

ნინო ეგაძე

ნინო ეგაძე (თიბისი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი): 2020-მა ყველას რაღაც ახალი ასწავლა, მარკეტერები კი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მარკეტინგი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მივიწევდით კონტენტ მარკეტინგის და ციფრული არხების განვითარებისკენ. თუმცა, როგორც არასდროს, ისე დაგვაკლდა ადამიანური შეხების წერტილები. ამ წელმა დაგვაფიქრა იმაზეც, რომ ვერაფერი შეცვლის ფიზიკურ ინტერაქციას ადამიანებს შორის, გაართულა ემოციის გადაცემა და კრეატიული პროცესი . . . მოგვცა სისწრაფე და წაგვართვა შეკრებები, გუნდში და მის გარეთ. ყველაზე მეტად მიგვაახლოვა ბიზნესთან და ყველაზე ნაკლები ადგილი დატოვა არაეფექტურობისთვის. ავტომატურად, გაგვხადა გაყიდვის მთავარი არხი და „ამოყარა“ ყველა პრობლემა დისტანციურ მომსახურებაში. გვასწავლა, რომ კონტენტი ძვირფასია, კარგი კონტენტი – კიდევ უფრო მეტად. გვასწავლა, რომ ნიჭიერი ადამიანები ყველაფრისგან ქმნიან შესაძლებლობას. და კიდევ ერთხელ, მადლობა დიზაინერებს და კონტენტ მენეჯერებს – ამ დროში ჩვენს გმირებს.

შაკო იოსავა

შაკო იოსავა (Glovo-ს მარკეტინგის მენეჯერი): ყველაზე დიდი შენაძენი, რაც 2020-მა მომცა მე, როგორც მარკეტერს, ალბათ არის ის, რომ უკეთ გავიაზრე, რატომ ავირჩიე ეს პროფესია – რას ნიშნავს, გქონდეს პლატფორმა, რესურსები, გყავდეს კარგი ბიზნეს პარტნიორები და როგორ გამოიყენო ეს არა მარტო კონკრეტული KPI-ების შესასრულებლად, არამედ მართლა რაიმე ღირებულის შესაქმნელად. იშვიათად, ჩვენს პროფესიაში შენი საქმიანობა დაემთხვეს შენს მორალურ კომპასს. პანდემიის დროს კი დავინახე, რომ კომპანიას შეუძლია, რეალურად გავლენა იქონიოს იმ ადამიანებზე, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ამ პერიოდში ყველაზე ნაკლებად ვგრძნობდი თავს დიდი კორპორაციის ნაწილად, რადგან წელს განხორციელებული თითქმის, ყველა პროექტის მიღმა სწორედ ეს იდეა იყო.

ქეთო ბარაბაძე

ქეთო ბარაბაძე („აჭარაბეთის“ ბრენდის ხელმძღვანელი): გამოწვევებით სავსე 2020-მა წელმა სრულიად მარკეტინგს და ბიზნესს გვასწავლა, რომ მთავარია, მომხმარებლის გამოცდილებას მივყვეთ. ანუ იმას, თუ როგორ იქცევა და რა სჭირდება მას ემოციურად თუ რაციონალურად, ყველა სიტუაციაში. მათ შორის პანდემიის დროს, რომელიც არავის გვქონდა ერთი წლის წინ დაგეგმილი. ასევე დაგვარწმუნა იმაში, რომ აუცილებელია მოქნილობა და დროზე მიღებული გადაწყვეტილებები. აღარ არის ის დრო, როცა ველოდებოდით საუკეთესო ფოტოსესიას, ვიდეოგადაღებას, ყველაზე დახვეწილ ვებგვერდებს და შემდეგ ვუშვებდით ბიზნესს თუ კამპანიას. ვნახეთ, რომ ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია, დროულად, საჭირო მომენტში გადადგა ნაბიჯი და დაიწყო, შემდეგ კი დააწიო ის ყველაფერი, რასაც გეგმავდი. ამის საუკეთესო მაგალითია, წელს ისეთი მაღაზიების გაციფრულება, რომლებსაც Facebook გვერდიც კი არ ჰქონდათ ჯერ მოწესრიგებული, რადგან სტრატეგიის მიხედვით, ეს ცოტა მოგვიანებით უწევდათ.

ლევან ჩიკვაიძე

ლევან ჩიკვაიძე (Monograph Freedom Square მარკეტინგის დირექტორი ბოლო ერთი წლის მანძილზე): კრეატიული და სტუმარ-მასპინძლობის სფეროების ჰიბრიდულ ჯარისკაცს, ბიზნეს ფრონტის წინა ხაზზე მომიწია ყოფნა. სამი რამ, რაც ვისწავლე არის: სტრატეგია აუცილებელია გეზის განსასაზღვრად, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ბევრი გზა მიდის. სწორხაზოვნად ერთი მარკეტინგული გეგმის მიყოლა წელს, თითქმის, ყოველდღიურმა იმპროვიზაციამ ჩაანაცვლა. გასაჭირში ნამდვილი ინფლუენსერი თუ დაგიდგება გვერდში!  მაგალითად, Monograph-მა ზაფხულში ოპერირება რომ განაახლა, როგორც ყველა სხვა სასტუმროს, ჩვენც ძალიან შეგვიმცირდა დატვირთვა. ბევრი ოთახი დაგვრჩა ვაკანტური. ე.წ. ტესტ სლიფებზე მოვიწვიეთ სხვადასხვა სეგმენტების ინფლუენსერები, რამაც არაპირდაპირი გავლენა იქონია რესტორნებში აქტივობის ზრდაზე. ასე რომ, კარგად უნდა იცოდე ხელში რა იარაღები გიჭირავს! მოლაპარაკების მაგიდასთან, ფინანსურ ანაზღაურებაზე ეფექტური აქტივებიც არსებობს. სიმართლე გითხრათ, გამოწვევებსა და გამოცდილებებს თუ გამოვაცალკევებ მძიმე ფონისგან, არც ვიცი, კიდევ როდის მექნება ასეთი საინტერესო წელი.

ანანო ქორქია

ანანო ქორქია (PASHA Bank Georgia-ს მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი): წლევანდელმა წელმა ყველაფრის დისტანციურად კეთება მასწავლა, ალბათ ისევე, როგორც თქვენ. ასევე, მასწავლა, რომ ყველა რისკს ვერ გათვლი და ყოველთვის მზად უნდა იყო ადაპტაციისთვის, ცვლილებისთვის, სიახლისთვის – როგორც პროფესიულად, ისე პირად ცხოვრებაში. გამოწვევებით სავსე იყო 2020. ძირითადად იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებლებში მოთხოვნები და ხარჯვის ქცევა შეიცვალა. ასევე, შეიცვალა სამუშაო გარემოც და რაღაც ოსტატობით გასამიჯნი – დასაბალანსებელი გახდა პირადი და სამუშაო სივრცე. გუნდურობის და მოტივაციის შენარჩუნება კიდევ ერთი გამოწვევა იყო, რითაც ამ წელმა, ალბათ, ბევრ კომპანიას გაუჩინა დამატებითი საფიქრალი . . . დღევანდელ დღეს ციფრული არხების გამართვა რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს რა თქმა უნდა, სიახლე არ ყოფილა. არც ის, რომ ამ არხების გაუმჯობესებაზე მუშაობა უწყვეტი პროცესია. თუმცა, ნამდვილად ახალი გამოცდილება იყო. რეგულაციების გათვალისწინებით, სარეკლამო რგოლზე მუშაობა, სადაც ცალკე ვირუსის გავრცელების რისკებზე უნდა გეფიქრა – პერიოდულად ოთახის განიავებაზე, პირბადის ცვლაზე, დისტანციებზე – ცალკე იმაზე გედარდა, რომ ყოველ დღე გადაღებები დროულად დასრულებულიყო და კონკრეტულ საათს არ გადაგეცილებინა, ყველას რომ სახლში მისვლა მიესწრო. და ცალკე იმაზე, რომ ამ სიჩქარეში, რაიმე ისეთი შეცდომა არ გაგპარვოდა, რომელზეც მერე გული დაგწყდებოდა . . . ამ საკმაოდ სტრესული, მაგრამ მაინც სასიამოვნო გამოცდილების შედეგად კი დაგვრჩა: ერთმანეთის მიმართ მადლიერების გრძნობა და თავდაჯერებულობა იმაში, რომ სწორად შერჩეული პროფესიონალები, მოტივაცია და გუნდური მუშაობა შეუძლებელს შესაძლებელს ხდის.

ლაშა გოგუა

ლაშა გოგოუა („ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი): ძალიან საინტერესო წელი იყო 2020, განსხვავებული და სირთულეებით სავსე. თუმცა ბევრ საინტერესო გაკვეთილს გვიტოვებს, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო რამდენიმე იყო:

  1. ადაპტურობა – ალბათ, როგორც არასდროს, ახლა ყველაზე კრიტიკულია, ვიყოთ ადაპტურები. არა მხოლოდ ბიზნესის დონეზე, არამედ უბრალოდ ადამიანური არსებობის დონეზე. ახალმა რეალობამ ახალი წესები შემოგვთავაზა და ამ წესებთან ვერც მოლაპარაკებაზე წავალთ და ვერც რაიმეს დავათმობინებთ. უბრალოდ, ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ, სადაც გადარჩება არა ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი, არამედ – ახალ რეალობაზე ყველაზე კარგად მორგებული ინდივიდი.
  2. ციფრული სამყაროს ტრამპლინი – 2020-ში სასწაული განვითარება ჰქონდა ციფრულ სამყაროს. ადრე თუ მხოლოდ კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფები ითვლებოდნენ ციფრული პროდუქტების მომხმარებლებად, ახლა აუდიტორია საგრძნობლად გაიზარდა, უფროსი და უმცროსი თაობების ხარჯზე. ისინი იძულებულნი გახდნენ, მიეღოთ ციფრული სამყაროს სიკეთეები, რასაც მანამდე ერიდებოდნენ ან უბრალოდ, საჭიროდ არ თვლიდნენ. მოხდა ადამიანური ურთიერთობების დიჯიტალიზაცია, რამაც ინტერნეტის მოხმარება რამოდენიმეჯერ გაზარდა. ალბათ, ახლა შევდივართ ელექტრონული კომერციის „ოქრის ერაში“. პანდემია დასრულდება, მაგრამ პანდემიის მიერ შექმნილი ახალი ბაზარი აუცილებლად დარჩება.
  3. განათლების სისტემის ტრანსფორმაცია – ძალიან საინტერესოდ ვითარდება პოსტ COVID განათლების სისტემა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ტოპ უნივერსიტეტები, ალბათ, აღმოჩდნენ ყველაზე ადაპტურები პანდემიის გამოწვევების მიმართ. თითქმის, აღარ არის საჭირო, განათლების მისაღებად, სასწავლო დაწესებულებაში ფიზიკური ყოფნა. მსგავსი განვითარება განათლებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის და ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში.
  4. მიტანის სერვისები – კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ყველა ტიპის მიტანის სერვისი. ბევრი ახალი მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე. მთელი მსოფლიო უცბად კურიერებზე დამოკიდებული გახდა.
  5. შრომის ბაზარი – დისტანციურმა მუშაობამ ახალი შესაძლებლობები გახსნა. დღევანდელი დამსაქმებლები ამას ან ვერ ხედავენ ან არ უნდათ დანახვა. ვფიქრობ, მალე დასრულდება ის დრო, როდესაც ადამიანები მხოლოდ 1 კომპანიაში მუშაობდნენ. პანდემიის დროს ბევრი პროფესიონალი პარალელურად რამოდენიმე, სხვადასხვა კომპანიის პროექტზე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ერთ კომპანიაშია.
  6. ფულის გაციფრულება – ასევე სუპერ კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა ფულის გაციფრულებამ. კომფორტის გარდა, ციფრული ფული უკვე უსაფრთხოების მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა.
  7. გადაფასება და გადააზრება – და ბოლოს, ვირუსმა მოგვცა პაუზის გაკეთების და დაფიქრების საშუალება. არ არის ძალიან სასიამოვნო პროცესი, მაგრამ ასე მოხდა. დაგვაფიქრა იმაზე თუ სად ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, რისთვის ვხარჯავთ ჩვენთვის ძვირფას წუთებს და წამებს. ამ პროცესმა საკმაოდ განსხვავებული და რთული ფსიქო-სოციალური ფონი შექმნა საზოგადოებაში, რასაც ვფიქრობ მარკეტერები პირველ რიგში უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას.

ზოგადად, 2020-მა შეცვალა ადამიანები, ეს უკვე ფაქტია. შეცვლილი ადამიანები შეცვლილ მიდგომებს საჭიროებენ. ვფიქრობ, ეს დამატებითი კვლევის საგანი გახდება და მარკეტერების მთავარი ამოცანაც, ალბათ, მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების შეთავაზება, მაგრამ უკვე ახალი საკომუნიკაციო ენით იქნება.

ელა კამლაძე

ელა კამლაძე (მარკეტინგის სპეციალისტი, Visa): წარმატების მიღწევის ძირითადი ფაქტორი ადაპტაციის უნარი, ფოკუსირება და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა. ეს არის ის სამი ძირითადი ასპექტი, რომელიც აქსიომასავით ახლდა წლევანდელ წელს. ვფიქრობ, ეს წელი, ინდუსტრიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. პროდუქტების თუ მომსახურებების აქტუალობა და პრიორიტეტების მიხედვით მათი დალაგებაც სრულიად შეიცვალა. ის, რაც თითოეულ მომხმარებელს ახლა სჭირდება, შეიძლება, სრულიად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც მას ადრე სჭირდებოდა. ამიტომ, წელს, ისე როგორც არასდროს, მომხმარებლის სურვილებისა და მოთხოვნების შეგრძნება, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლდათ. ასევე მნიშვნელოვანი იყო, სწორ მომენტში გეგრძნო, რომ ცვლილებებისა და გეზის შეცვლის დროა. COVID 19-მა გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კამპანიის დაგეგმვისას სათადარიგო გეგმის ქონა და სტრატეგიის დივერსიფიკაცია. გვაჩვენა ისიც, რომ ბრენდი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ავთენტურობის შენარჩუნებას, რადგან ზუსტად მასზე არის აგებული მომხმარებელთან ურთიერთობა. და მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისთვის, ისევე, როგორც მზის იალქნების მისიებისთვის, ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა იმპულსის მართვაა, უნდა ვეცადოთ არ დავკარგოთ დროის სწორი აღქმა, ორიენტაცია და ორბიტული სიმაღლე, რათა, საჭირო მომენტში, შევძლოთ სივრცეში სწორი ორიენტირება და მანევრირება.

ბექა კოკაია

ბექა კოკაია („თავისუფალი უნივერსიტეტის“ მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერი): 2020 წელს ხშირად ვადარებ 2008-ს. 2009 წელი საკმაოდ დეპრესიული გამოდგა, თითქოს, წინა წლის სტრესებმა შემდეგ პერიოდში იფეთქა. ფსიქოლოგები მსგავსს ელოდებიან 2021-შიც. ვირუსისგან თავის დაღწევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შევაფასებთ, ალბათ, 2020-ის კრიზისს და მერე უფრო გამოიკვეთება, რა გაგვიფუჭა და რა გვარგო. მე, მაგალითად, ჩემი ღვინის ჩამოსხმას ვგეგმავდი რამდენიმე წელი და ყველაფერი სისრულეში 2020-ის გაზაფხულზე მოვიყვანე. მქონდა დილემა, დამეცადა, თუ კრიზისის მიუხედავად დამეწყო ბაზარზე პოზიციონირება. ცხადია, მარკეტინგული კამპანია და სრული ბრენდინგი თავად გავაკეთე და არ დაველოდე ვირუსის კრიზისის გადავლას, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ბიზნესის წარმატება პირდაპირ მიბმულია ტურიზმზე. ამ გადმოსახედიდან არც ვნანობ, გაყიდვების დინამიკიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ასეთ კრიზისულ პერიოდში დაწყება კარგი ტრენინგი გამოვიდა ჩემთვის, როგორ უნდა მოვიქცე და როგორ არ უნდა მოვიქცე სამომავლოდ. ეს ყველაფერი, დაახლოებით, სპორტსმენების იმ ვარჯიშს ჰგავს, მძიმე გირებით რომ დარბიან და თამაშებზე გაცილებით სწრაფები ხდებიან ამ გირების გარეშე.

2021 წლის შეჯამებას რომ დავიწყებ, აუცილებლად გადავიკითხავ ამ სვეტს. ძალიან საინტერესოა, რამდენ პროცენტიანი თანხვედრა იქნება რეალობასთან.

როგორ იყენებთ პასიურ დროს დავალებიდან დავალებამდე?

სანტა კლაუსს შობის გადადება სურს – Channel 4-ის რეკლამა