in

ქართული ჯაზის აწმყო და მომავალი შავი ზღვის ფესტივალზე!

სწორედ რომ ქართული! რომლითაც ბათუმის ზღვის სანაპირო აგვისტოს დასასრულს შეიმოსა. მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც 2020 წელმა მოგვიტანა, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ჩატარება მაინც მოხერხდა. უჩვეულო სიტუაციამ, ფიზიკური (და არა სოციალური) დისტანციის მიუხედავად, მუსიკამ, ადამიანები უფრო მეტად შეაკავშირა და ბათუმის შავი ზღვის ჯაზ ფესტივალიც, ივლისის ნაცვლად აგვისტოში დაიგეგმა.

წელს ფესტივალის მონაწილეთა სია მხოლოდ ქართველი მუსიკოსებიგან დაკომპლექტდა – რა თქმა უნდა ამის ძირითადი მიზეზი პანდემიისგან დამდგარი შეზმღუდავი ნორმებია, თუმცა ესეც რომ არა, ვფიქრობთ ამ ფესტივალის ისტორიაში, აუცილებლად უნდა დამდგარიყო ეს მომენტი – მით უფრო იმ დროს, როდესაც უკანასკნელ წლებში ქართულ ჯაზ სცენაზე სასიცოცხლე ენერგია ავარვარებულ ცეცხლს ჰგავს და ახალგაზრდა მუსიკოსებს, უფრო და უფრო მეტი შემოქმედებითი ბიძგი აქვთ ჯაზის თავისუფლების კოქტეილს საკუთარი გემოვნური თვისებები დაამჩნიონ.

მიუხედავად იმისა რომ  ფესტივალის დაწყების დღეს ამინდი წვიმას მოასწავებდა, ამას არავინ უფრთხოდა –  ყველასთვის ნაცნობია ეს ბათუმური ტრადიცია, რომელიც ფესტივალს მხოლოდ ალამაზებს და მუსიკალურ პორტალში სტუმრებსაც ეპატიჟება.

პირველი დღე გიორგი მიქაძემ გახსნა. რამდენიმე დღით ადრე მასთან ჩაწერილი ინტერვიუს დროს მივხვდით, რომ ეს ადამიანი ხარობს სამშობლო ქვეყნით. იშვიათად გვქონია მსგავსი შთაბეჭდილება ადამიანზე, რომელსაც ეროვნული იდენტობის სიამაყეს, არამხოლოდ  განცხადებებით, არამედ საქმითაც ამტკიცებს.

„ქართული პოლიფონია უფრო მეტ იდეებს ატარებს, ვიდრე მთელი თანამედროვე მუსიკა“ – ეს ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ სტრავინსკიმ აღნიშნა. მაშ რა გვიშლის ამ იდეების აღმოჩენაში, გაშლასა და განვითარებაში? ეს ყველაფერი ფუძედ შეიქმნა, რომლის ღირსეული ფორმით გაგრძელება ჩვენი შემოქმედებითობის, იმპროვიზაციისა და შრომის შედეგად უნდა მოხდეს. ხალხური ცეკვისა თუ მღერის არტეფაქტების სხვა საფეხურზე გადანაცვლების ლოკომოტივი ბოლო წლებში სუხიშვილების ეროვნული ბალეტი იყო და დღემდე ამ გზას აგრძელებს. მსგავსი ხედვა აქვს გიორგი მიქაძესაც –  ბერკლის მუსიკალურ აკადემიაში მოხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა ჯაზმენი მალევე მიხვდა ქართული ხმოვანების საგანძურის ფასს,  დაიწყო ვიზიონერული ძიების პროცესიც, რომლის შედეგიც საჯაროდ პირველად პროექტ „ვოისას“ წარდგენით გაცხადდა.

ჯაზ ფესტივალის პროგრამა „Micro Beatz“ გიორგისთვის პირველი აღმოჩნდა, სადაც სოლო არტისტის ფორმატით, მრავალწახნაგოვანი მუსიკალური პერსონის წარდგენა მოუწია. 10 წლის წინ ჯაზ ფესტივალის სცენა მისთვის ერთ-ერთი პირველი იყო ფართო მსმენელთან კომუნიკაციისთვის.

მუსიკოსის გამოსვლა მისი 2020 წლის ალბომიდან რამდენიმე კომპოზიციის შესრულებით დაიწყო. სამწუხაროდ, უცხოელ მუსიკოსთა ის შემადგენლობა, რომლებმაც ალბომის ჩაწერაში მიიღეს მონაწილეობა ბათუმს დააკლდა – მათი ჩანაცვლება შესაძლებლობის ფარგლებში Ableton Live-ს მიენდო. ალბომი „Georgian MicroJamz“ მეოცე საუკუნის, ახალი დასავლური მუსიკისთვის უცხო, მიკროტონალურ სისტემით ჩაიწერა, რაც თავის მხრივ ქართულ პოლიფონიის საძირკველია. საღამო „დუმბა დამბით“ გაიხსნა, კომპოზიცია, რომელიც საფუძველს თანაბრად ჯაზ-როკიდან და ქართული ფოლკიდან იღებს გიორგიმ ვირტუოზობით გააზავა, მეორე კომპოზიცია „ელესა“ იყო, სადაც რიტმი შედარებით აღქმადი  იყო და აუდიტორიაც უფრო და უფრო ჩართული ცდილობდა იმ იდეური წიაღსვლების დაჭერას, რომელზეც მუსიკოსი სრული სვლით მუშაობდა.

ამის შემდეგ მიძღვნის დროც დადგა, მორის ფოცხიშვილისადმი, რომელსაც წელს 90 წელი შეუსრულდებოდა – პოეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსს „გახსენება“, გიორგიმ საინტერესო ჯაზ თემა დაურთო,  სოპრანო საქსაფონზე კახა ჯაგაშვილის ვარიაციებმა კი მსმენელის ნაწილში ბალღური ეიფორია შემოიტანა და ასე საღამოც, როგორც მუსიკოსმა აღნიშნა „გახურებისკენ“ წავიდა.

ამის შემდგომ გიორგის დამატებით ერთი, განსხვავებული სახე ვიხილეთ, როცა ელექტრონულ მუსიკასთან მისი პირველადი ექსპერიმენტების ნაკადის დრო დადგა – გიორგის, როგორც პერფორმერს კარგად ესმის ლოკალური აუდიტორიის მუსიკალური სურვილები – შესაბამისად big beat-ის რიტმულ შხაპს, იმპროვიზაციული ნაწილიც მოეფინა, რის შემდეგაც თანამედროვე pop/funk/fusion ჰიტების საკუთარი ინტერპრეტაციით დაემშვიდობა მსმენელს.

თითქოს პირველი ნაწილის დასასრულს რაღაც ჯადოქრობებით მიხვდაო და დასაწყისში ნახსენებმა წვიმამ თავი შეგვახსენა. მეორე ნაწილის მზადებაში, მუსიკოსების მთელმა ლეგიონმა სცენა შეავსო, რაც უფრო მასშტაბური შოუსთვის ამზადებდა ჩვენს გულებს – გულებს, რომლებიც, აქამდე არაერთხელ დაუკავებია, შემდგომი გამომსვლელის, იუბილარი ნინო ქათამაძის ხმას და მის ექსპრესიულ მღერის სტილს.

48 წლის მუსიკოსი, პაუზის შემდეგ მშობლიურ კუთხეს ჯაზ პროგრამით ეწვია. ქართველი შემსრულებლებიდან,  თუ ვინმეს აუდიტორიის მართვის ხელოვნება ეხერხება, ეს ნინო ქათამაძეა – ალბათ ის ფამილარული, უშუალო, ხშირად იუმორნარევი, ხშირად კი სევდასთან ზიარებული ენერგიების მიმოქცევა, რაც მასსა და მსმენელს შორის ხორციელდება, ბევრი წარმატებული მომღერლისთვის სანატრელიც კი არის.

აკომპანიმენტს, დიდი ხნის კოლაბორატორი „ინსაითის“ ნაცვლად  ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი და ქართული ჯაზ მუსიკის ახალგაზრდა და ვეტერანი მუსიკოსების კრებული უწევდა. მომღერალმა, მისი ჩვეული მანერულობითა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო, რომელთანაც წვიმა ამაო იყო.

გაჟღერდა ძველი და ახალი სიმღერები:  „ყვითელი ძაღლი“ „ბაიათი“ „გოგოვ გოგოვ შავთვალა“ და სხვა. აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა ჯაზ მუსიკოსების, ლაშა დეისაძის, ხონძის, პაპუნა შარიქაძის, მიშა ჯაფარიძისა და სხვათა მუსიკალური სიღრმე, რომლებმაც ვფიქრობ ვოკალისტთან ერთად თანაბრად შემოგვთავაზეს ეს შოუ.

ფესტივალის მეორე დღეს წვიმა კვლავ ჩვენი ერთგული მეგზური იყო. დღე ფესტივალის ისტორიაში იმითაც გამოირჩეოდა, რომ ალბათ ყველაზე ახალგაზრდა ტრიოს ეთმობოდა ასპარეზი. ლუკა თოფურია, ჯერ ისევ კონსერვატორიის სტუდენტია, თუმცა თბილისის ჯაზ სცენაზე მას უკვე კარგად იცნობენ, ვინც კი დედაქალაქში არსებულ რომელიმე ჯაზ კლუბის სტუმარი უკანასკნელ წლებში ერთხელ მაინც ყოფილა, მომსწრეა მისი ლაღი შესრულების. ტრიოს ასევე ახალგაზრდა მუსიკოსები, დრამერი გიო კაპანაძე და ბასზე დათო გოგისვანიძე ავსებენ. მცირე აუდიტორიის მიუხედავად, ისინი კვლავ ყოვლისმომცველი ენერგიით შეუდგნენ დაკვრას. შესრულდა როგორც კლასიკური ჯაზ სტანდარტები, ასევე ფიუჟენ და მოფანკო ელემენტებით გაჯერებული კომპოზიციები.

მსმენელმა მალევე იგრძნო, პერსპექტიულ მუსიკოსთა პოტენციალი და არაერთხელ დააჯილდოვეს დამსახურებული ტაშით. ტრიოს პერიოდულად სპეციალური სტუმარი, საქსაფონისტი თორნიკე აბულაძე უერთდებოდა, რომლის პარტიებიც ავთენტურად შეზავდა ტრიოს ჟღერადობასთან – პიანისტს კი, რომლის ძალდაუტანებელი, აუღელვებელი დაკვრის სტილი ჩვენს მეხსიერებაში ფერად შთაბეჭდილებებს წარმოშობდა, ვფიქრობ პოსტპანდემიურ სამყაროში მსოფლიო სცენებზე ვიხილავთ.

2000-იანი წლების ქართული „შოუბიზნესის“ წარმომადგენლების პრობლემა, სხვა ფაქტორებთან ერთად ახალ სამყაროში და ახალ მოთხოვნებზე ადაპტაციის უნარის არ ქონა აღმოჩნდა.  ფაქტი ერთია, 90-იან წლებში გაზრდილ თაობას, მცირე გამონაკლისების გარდა, ემოციურად ყველაზე ახლო კავშირი,  ისევ ქართულ ესტრადასთან აქვთ – ავად თუ კარგად, ეს მაშინ მათი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, სადაც მათი ბავშვობის მოგონებები განისვენებენ, ეს კი ადამიანის ცხოვრებაში ის პერიოდია როდესაც შეკრული შთაბეჭდილებების კონა, ცხოვრების ბოლომდე არ იშლება. თუმცა იმ პერიოდის „ვარსკვლავების“ უმეტესობას არ აღმოაჩნდა საშემსრულებლო კლასი, რომ ადამიანთა ეს მოგონებები ახალ სამყაროში, თანამედროვე ფორმით გაეღვიძებინათ.

ამ მხრივ ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერი,  სტეფანე მღებრიშვილი გამონაკლისი აღმოჩნდა, ეს რა თქმა უნდა სტილის, გემოვნებისა და მსმენელის მაჯისცემის გაგების დამსახურებაა. ბათუმის კორტებზე ის ჯაზური რეპერტუარით შემოიჭრა, რომელსაც მუსიკალურად პროფესიონალი ბენდის წევრები და ვოკალისტები ამდიდრებდნენ.  შესრულდა „ჯანაია“-ს ჯაზური ვერსია „ქეთო და კოტედან“, რამდენიმე კომპოზიცია ჯგუფ „სახის“ რეპერტუარიდან („დიდხანს გელოდი“ და „შენ რა სექსი ხარ“, რომელის არანჟირებაც სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა) – საღამო გახურდა და სტეფანეს სენტიმენტალური თუ მუხტით სავსე სიმღერები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, რომლებიც აუდიტორიისკენ გზას უდარდელად მიიკვლევდნენ.

მესამე დღეს ამინდის ავი ზრახვები სრულიად გაცხადდა, ბათუმის შესასვლელი და რამდენიმე ქუჩა დაიტბორა და თითქოს ბოლო ღონისძიების გამართვის საკითხიც ეჭვის ქვეშ დადგა – თუმცა ტექნიკური პრობლემები გადალახულ იქნა და მართალია ცოტა დაგვიანებით, თუმცა კონცერტი მაინც დაიწყო. ქართული ალტერნატიული მუსიკის ვეტერანები, დღემდე აქტიური Young Georgian Lolitaz სცენაზე იდგა. ეს ჯაზ ფესტივალის ალბათ ყველაზე არაჯაზური აქტი იყო ჯგუფისა, რომელსაც აგერ უკვე 20 წელია როკენროლით უძგერს გული.

პროგრამაში ერთმანეთს ძველი და ახალი სიმღერები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: შესრულდა ევროვიზიისთვის განკუთვნილი „Midnight Gold“, „Gay Swimmer“, (გიორგი შენ გეძღვნება), ჯგუფის პირველი სიმღერა „Hollywood“, „Weakest Link“ 2010 წლის EP „Lava”-დან, მათი ყველაზე ცნობილი ჰიტები „Feather” და „Star” – ასევე მსმენელმა მოისმინა მათი ქავერ ვერსია ირაკლი ჩარკვიანის „Wooden Monkey”-ისა, რომელიც 2007 წლის Tribute ალბომშია შესული და ერთადერთი ქართული სიმღერა ჯგუფის რეპერტუარიდან,  „შენი მეგობარი“ რომელიც სოლისტის მამას, ვალერი კოჩაროვს ეკუთვნის. რამდენიმე კომპოზიციაზე ჯაზ ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე ექსპერიმენტს დაეთმო ასპარეზი, ჯგუფს საქსაფონისტი გიორგი ბერიშვილი (ხონძი) შეუერთდა და ასე შეიქმნა კონცერტის რამდენიმე ყველაზე ხმოვან ქაოტური მომენტი. მცდელობების მიუხედავად, აუდიტორია სასურველად აქტიური ვერ აღმოჩნდა, რაც შეიძლება მათ ასაკს ან ჯგუფის მსმენელებისგან განსხვავებულ სოციალურ წრეს დავაბრალოთ, თუმცა მე კი ძალიან ვისიამოვნე ჩემი მოზარდობის მუსიკალური მოგონებების ამოტივტივებით.

MokuMoku ხარისხია! ალბათ სწორედ ამიტომ დაეთმო ფესტივალის ისტორიაში ალბათ პირველად, ზედიზედ მეორე წელს ამ პროექტს ადგილი და დრო, ამჯერად კი ფესტივალის დახურვის პატივიც. წვიმამ აქ სრული რუდუნებით შემოგვიტია, რომელთა მოგერიებაც მთელი კონცერტის განმავლობაში მოგვიწია. ყველა ბრძოლა მოვიგეთ! გალუმპული, უკვე შეფარებული ადამიანები, საწვიმრებს იხსნიდნენ, სცენის წინ ადგილს იკავებდნენ და როკვით გულს იჯერებდნენ, სასწაული აურა ტრიალებდა – ეს  მხოლოდ მუსიკის დიდ სიყვარულს შეუძლია, რისი აურაც გუშინ კორტებზე ტრიალებდა.

ჯგუფმა ჩვენთვის ბოლო ალბომის რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა „Warehouse” “Library”, ასევე 2019 წლის „Patrick Bateman’s Review“ ალბომიდან „Chicago Marinade“ – მოკლედ სცენაზე პროექტის მუსიკალური პალიტრის ევოლუციის სრული დიაპაზონი გადაგვეშალა, რომელიც ორმა ნიჭიერმა ადამიანმა დაიწყო და დღეს უკვე 8 კაცის შემადგენლობით ფანკურ კუნძულს ქმნის საქართველოს მიწაზე. შესრულდა კომპოზიცია „Lyre“, რომელსაც ჯგუფის მომავალ ალბომში, სექტემბრისთვის უნდა ველოდოთ. აუდიტორიამ ისინი სცენიდან ნაადრევად გასვლისთვის არ გაიმეტა და ბისზეც გამოიხმო, ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ წავიდა & We Lost Ourselves In Order To Dance!

შევხვდებით მომავალ წელს, უფრო მასშტაბურ, პოსტპანდემიურ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე!

 

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

Window Project-ში ჯგუფური გამოფენა “LOW LOWS TO HIGH HIGHS” იხსნება

ფრენის კონტროლერი Microsoft Flight Simulator-ისთვის