ცა და კოსმოსი განსაკუთრებით გასაოცარი რამ არის სამყაროში… ასტროფოტოგრაფები კი ამ მშვენიერებას – ნისლეულებს, გალაქტიკებს, მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს კიდევ უფრო მეტ მხატვრულ ბრწყინვალებას სძენენ. სამეფო ობსერვატორიის 2021 წლის ასტრონომიული ფოტოგრაფის კონკურსი კი განსაცვიფრებელ ნიმუშებს წარმოგვიდგენს.
მზის ბეჭედი
მე-13 ყოველწლიური ასტრონომიული წლის ფოტოგრაფის ჯილდოს მფლობელი ჩინელი ფოტოგრაფი შუჩან დონგი გახდა. მან 2020 წლის 21 ივნისს ტიბეტის რეგიონში მზის დაბნელების გასაოცარი კადრი დააფიქსირა.
მზისა და კომეტის ერთიანი გამოსახულება
მეორე ადგილი “ჩვენი მზის” კატეგორიაში განსაცვიფრებელმა დაბნელების ფოტომ დაიკავა. მზის ირგვლივ ნათელი ლაქები ჩანს, რომლებიც ჩვეულებრივ მზის დაბნელებას ახლავს თან. ამასთან, კადრში მარჯვნიდან კომეტა C / 2020 X3 (SOHO) იჭრება.
ავრორა ბორეალისის ცეკვა
რუსმა ფოტოგრაფმა დიმიტრი რიბალკამ 25 წამიანი ექსპოზიციის შთაბეჭდავ ფოტოდ უკვდავყოფა შეძლო. შედეგად, მან Aurora Lights ჯილდო მოიპოვა.
ირმის ნახტომის რგოლი
პრიზი კატეგორიაში “გალაქტიკები” ჩინელ ფოტოგრაფ ჟონგ ვუს მიერ გადაღებულ “ირმის ნახტომის რგოლს” გადაეცა. ფოტო ირმის ნახტომის 360 გრადუსიან გამოსახულებას ასახავს.
მარტოხელა გემი ვარსკვლავების ქვეშ
კომეტამ NEOWISE გემის ზემოთ ცაზე ჩაიქროლა. ფოტოგრაფმა ანდრე ვან დერ ჰოვენმა მოძრავი გემის ბუნდოვანი შუქები და კომეტის გრძელი კუდი დააფიქსირა. სურათმა მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში “ხალხი და სივრცე”.
ფერადი კვადრატული მეტეორი
ამერიკელმა ფოტოგრაფმა ფრენკ კუშაიმ სრულიად მოულოდნელად დააფიქსირა მეტეორი, რომელმაც პლანეტების, კომეტებისა და ასტეროიდების კატეგორიაში მთავარი პრიზი მოუტანა. ის და მისი მეგობრები ნისლეულებისა და შორეული გალაქტიკების გადაღებას გეგმავდნენ.
ვან გოგის ჩანახატი
ლუგუს ტბაზე არარეალური ხედი გამოჩნდა, რომელიც ფოტოგრაფმა იან იანგმა დააფიქსირა. ტბისა და ცის საოცარი სინთეზი ისეთი ფერებით წარმოგვიდგება, თითქოს მხატვარმა საგანგებოდ შეარჩია საღებავები ფერებად გაშლილი პეიზაჟის დასახატად.
“California Dreamin”
ამერიკელმა ფოტოგრაფმა ტერი ჰენკოკმა კალიფორნიის ნისლეულის ფოტო გადაიღო. მის დასაფიქსირებლად კოლორადოს შტატში შვიდი ღამე გაატარა – შედეგად კი 1000 სინათლის წლის მანძილზე არსებული ნისლეული აღბეჭდა. ნამუშევარმა 2021 წლის ვარსკვლავებისა და ნისლეულების კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა.
ღრუბლები IC 2944-ში
IC 2944, ასევე ცნობილი როგორც მორბენალი ქათმის ნისლეული, მოცემულ ფოტოზე წითლად და ლურჯად ანათებს. იგი კონკურსის ვარსკვლავებისა და ნისლეულების კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა. რუმინელმა ფოტოგრაფმა ბოგდან ბორცმა ნისლეულის ეს გამოსახულება ჩილედან, 6000 სინათლის წლის მანძილზე დააფიქსირა.
მზის სისტემის საოჯახო ფოტო
წლის ასტრონომიული ფოტოგრაფის კონკურსი 16 წლამდე ფოტოგრაფების კატეგორიასაც მოიცავს. გამარჯვებული კადრი 15 წლის ჩინელი სტუდენტის მიერ გადაღებული “მზის სისტემის საოჯახო ფოტო” გახდა, რომელზეც დედამიწის გარდა ყველა პლანეტა ჩანს.