in

2022 წლის გაკვეთილები Payze-სგან — გეგა წურწუმია

Payze უნივერსალური საგადახდო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ნებისმიერ პლატფორმას ეხმარება, თავისი ონლაინ გადახდები მოქნილად და ეფექტურად მართოს. სტარტაპმა, რომელიც 2019 წელს დაარსდა, დღემდე გამოწვევებით აღსავსე და განვითარების საინტერესო გზა განვლო. 2022 წელს კი Payze-ს თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია ჩვენთან ერთად აჯამებს.

M: როგორი წელი იყო 2022? რით იყო გამორჩეული თქვენი სტარტაპისთვის?

2022 Payze-სთვის მასშტაბირების წელი იყო, ერთ მუშტად შეიკრა ძალიან ძლიერი გუნდი საერთო მიზნისთვის — შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს მეწარმეებს და ყველა ზომის კომპანიას, გაზარდოს შემოსავალი ციფრულ სამყაროში. ამ მიმართულებით 700-მდე ბიზნესს დავეხმარეთ.

ამასთან, 2022 წელს მოვახერხეთ უზბეკეთში საფინანსო ორგანიზაციის ლიცენზიის მოპოვება და ეს პროცესი ყაზახეთშიც დავიწყეთ. ახლახან კი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა — Shopify-სა და Wix-ის პარტნიორები გავხდით.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წელი Payze-სთვის იყო მასშტაბირების დასაბამი, რომელიც 2023 წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

M: რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით და რა ისწავლეთ?

2022 წელს რამდენიმე გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით — პირველ რიგში ეს იყო ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო. ჩვენი სტრატეგიით, მომდევნო ორი ქვეყანა, რომელშიც კომპანია აპირებდა გაფართოებას, სწორედ უკრაინა და რუსეთი უნდა ყოფილიყო. ასევე, გვყავდა პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ამ ორი ქვეყნიდან გადახდებს აქტიურად იღებდა, შესაბამისად, ომიდან გამომდინარე, ჩვენ გადავდეთ უკრაინაში მასშტაბირების პროცესი და რუსეთთან დაკავშირებული გეგმები გავაუქმეთ. გარდა ამისა, დავკარგეთ რამდენიმე ათეული პარტნიორი კომპანია, რომელიც აქცენტს ამ ბაზრებზე აკეთებდა, რამაც ჩვენი ზრდა 2 თვით შეაფერხა (რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს იმასთან შედარებით, რისი გადატანაც უკრაინელ ხალხს უწევს).

M: როგორია Payze-ს გეგმები 2023 წლისთვის?

2023 წელს Payze უკვე გადადის მასშტაბირების ახალ ეტაპზე, როდესაც გუნდი სრულად დაკომპლექტებულია და ორიენტირს წარმოადგენს ახალ ბაზრებზე განვითარება, ამასთან, როგორც ახალი პარტნიორი ბიზნესების რაოდენობის მატება, ისე არსებულთათვის შემოსავლის ზრდაში ხელშეწყობა.

მომდევნო ქვეყანა, რომელშიც Payze დაიწყებს ოპერირებას, პაკისტანი იქნება.

გარდა ამისა, იანვრიდან ორ ძალიან დიდ ამბავს დავაანონსებთ, რაც ციფრულ სამყაროში ქართული და ცენტრალური აზიის კომპანიებისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას შექმნის.

პარალელურად, ვინარჩუნებთ ადგილობრივ და რეგიონულ ფოკუსს — ვდგავართ ჩვენი მეგობარი სტარტაპების გვერდით, მხარს ვუჭერთ ყველა აქსელერაციისა თუ საგრანტო პროგრამას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში მეტი წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია გამოიზარდოს.

როგორ მოქმედებს საკუთარ ფიქრებთან განმარტოება ჩვენზე?

გადმოეწყვე ახალ წელზე! – თეთრი კვადრატის საახალწლო ვიდეორგოლი