Theneo ქართულ-ამერიკული სტარტაპია, რომლის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა ხარისხიანი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის მარტივად და სწრაფად შექმნის საშუალებას გვაძლევს. კომპანიის დაარსებიდან წელიწადზე ოდნავ მეტი დრო გავიდა, თუმცა Theneo-მ ამ მოკლე ხანში საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა შეძლო — მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ყველანი სიამაყით ვიზიარებდით მის Web Summit-ის კონკურსში გამარჯვებას, სადაც უამრავი სტარტაპი იბრძოდა პირველობისთვის.
მიმდინარე წლის განვლილ თვეებს კი, ამ წარმატების ფარგლებში, ანა რობაქიძე ჩვენთან ერთად აჯამებს.
ანა, მოგვიყევით, როგორი იყო 2022? რით იყო გამორჩეული თქვენი სტარტაპისთვის?
შეიძლება ითქვას, რომ 2022 ჩვენი სტარტაპისთვის პირველი წელია, რადგან სრულ განაკვეთზე მუშაობა ამ წლის იანვარში დავიწყეთ. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოვასწარით — ეს ყველაფერი 2022 YCombinator-ის 3-თვიანი პროგრამით დაიწყო, შემდეგ Product Hunt-ზე გავხდით დღის მთავარი პროდუქტი, გვქონდა წარმატებული წარდგენა HackerNews-ზე, მოვხვდით World Startup Competition-ის ფინალში, მონაწილეობა მივიღეთ TechCrunch Disrup-ზე, რის შემდეგაც TechCrunch-მა ჩვენ შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, დაბოლოს, Web Summit-ის Pitch კონკურსში გავიმარჯვეთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი გუნდი იზრდება, პროდუქტს 3,000-მეტი კომპანია და 17,000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. გულწრფელად გითხრათ, დღემდე Theneo-ს მთავარ მიღწევად სწორედ ეს მიმაჩნია.
საინტერესოა, რიგი წარმატებების პარალელურად, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით და რა ისწავლეთ?
სიმართლე ითქვას, Theneo ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპია. ბიზნეს ოპერაციები ახალი დაწყებული გვაქვს, ჩვენი გუნდის წევრების ბექგრაუნდს კი უმეტესად ინჟინერია წარმოადგენს და არა — ბიზნესი, ამრიგად, ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და უამრავი რამის სწავლა გვიწევს — მათ შორის, როგორ გავზარდოთ გუნდი სწორად, როგორ განვავითაროთ გუნდის კულტურა, როგორ ვიურთიერთოთ დიდ კორპორაციებთან, როგორ განვავითაროთ სწორად პროდუქტი და ა. შ. ეს ყველაფერი რთულია, თუმცა საინტერესოც.
როგორია Theneo-ს გეგმები 2023 წლისთვის?
ჩვენი მთავარი გეგმაა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის Theneo-ს მილიონამდე დეველოპერი იყენებდეს. ამ წელს ხელმისაწვდომს გავხდით სხვადასხვა open-source tool-ს. მთავარი გამოწვევა იქნება, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში პროდუქტი სწორი მიმართულებით გაიზარდოს.