in

გრაფიკული დიზაინის ყველაზე დიდი ტენდენციები 2022 წლისთვის

სტატიაში რამდენიმე წამყვანი ბრენდის ტენდენციებია წარმოდგენილი

ჩვეულებრივ, დიზაინის სამყაროში ყველაფერი ასე სწრაფად არ იცვლება… მაგალითად, 2010-იანი წლების ტენდენცია გეომეტრიული მინიმალისტური ლოგოების მიმართ მხოლოდ ერთი წლით არ შემოიფარგლებოდა, არამედ მთელი ათწლეულის განმავლობაში ინარჩუნებდა აქტუალობას.

თუმცა რის წინაშეც ახლა ვიმყოფებით, ძალიან შორს არის “ჩვეულებრივი დროისგან”. მთელი ეს ქაოსი და გაურკვევლობა დიზაინის ბევრ ასპექტს რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით ცვლის — ზოგჯერ იმდენად სწრაფად, რომ ვერც კი ვამჩნევთ როდის და როგორ ხდება ეს.

ამის გათვალისწინებით, სტატიაში რამდენიმე წამყვანი ბრენდის ტენდენციებია წარმოდგენილი. მათი მიხედვით, შეგვიძლია, ერთგვარი წარმოდგენა შევიქმნათ იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდეთ მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

ტენდენცია 1: ბრენდები მოძრაობაში

როგორც ჩანს, ბილბორდების შემთხვევაში სტატიკური გრაფიკა ეფექტურობას კარგავს. შედეგად, დღეისათვის მეტ მოძრაობის მქონე დიზაინს ვხედავთ. მაგალითად, Robot Food-ის კრეატიული დირექტორი მარტინ ვიდოლფიდი აღნიშნავს, რომ ახალი და ინოვაციური ციფრული პლატფორმების მუდმივი დანერგვით და ვირტუალური რეალობის განვითარებით, ბრენდები ონლაინ ცხოვრების ახალ გზებს პოულობენ. მათ შორისაა მოძრაობისა და ანიმაციის დიზაინში გამოყენება.

 

და მაინც, რატომ არის მოძრაობა ასეთი მნიშვნელოვანი? DIA Studio-ს პარტნიორი და კრეატიული დირექტორი მიჩ პაონე განმარტავს: “ზედაპირულ დონეზე GIF-ს ვერ გაუწევს კონკურენციას. უფრო ღრმა დონეზე მოძრაობა ქმნის იდენტობას, ისევე როგორც შეგვიძლია, სალსას მოცეკვავე ჰიპ-ჰოპ მოცეკვავისგან გამოვყოთ. შესაძლოა, მოცეკვავე იგივე იყოს, მაგრამ მათი თითოეული მოძრაობა ამბავს ჰყვება. ახლა ბრენდს შეუძლია, საკუთარი ქორეოგრაფია ან ქცევა ჰქონდეს”. 

ცხადია, ამ ცვლილებას სერიოზული შედეგები აქვს დიზაინის ინდუსტრიაზე. “სამუშაოს შესასრულებლად, დიზაინერებმა უნდა განავითარონ მოძრაობის, რიტმისა და დროის საფუძვლიანი გაგება”. 

ტენდენცია 2: ახალი ველური დასავლეთი

5 წლის წინ დიზაინში მინიმალისტური გეომეტრიული ფორმები დომინირებდა. პანდემიითა და ეკონომიკური კრიზისით დანგრეულ სამყაროში კი ეს უტოპიური ესთეტიკა სულ უფრო მოძველებული გახდა. ახალი მიდგომა ადრეული ინტერნეტის ველური დასავლეთით არის შთაგონებული და იგი ცდილობს, ჰარმონიიდან მხიარული შეტაკებისკენ გადაინაცვლოს.

Space Doctors-ის დირექტორის მოადგილე იულიუს კოლვინი აღნიშნავს: “ტენდენცია ძლიერი, ენერგიული ქაოსია. ეს არის რეაქცია სულ უფრო ჰარმონიულ და თანმიმდევრულ გრაფიკულ სტილზე, რომელიც ძალიან ბევრი ბრენდისა და ბიზნესის მიერაა განსაზღვრული. ეს არის მზარდი სივრცე, რაღაც არათანაბარი, ნედლი და რაღაც რეალური — მკვეთრი კოლაჟები, მკვეთრი კონტრასტები, ძლიერი ნეონი და არარეგულარული ჩარჩოები”

ტენდენცია 3: (დიზაინის) საზღვრების დარღვევა

როგორც ალი ოზდენი, Universal Favorite-ის დიზაინის დირექტორი აღნიშნავს, გლობალურმა პანდემიამ ყველა დაგვაფიქრა და გვაიძულა, ახალი გზებით გვემუშავა. თავის მხრივ, ამან საერთაშორისო დონეზე მუშაობის საშუალება მოგვცა — თუნდაც, საერთაშორისო კლიენტისთვის მუშაობა ან მსოფლიო დონის დიზაინერებთან თანამშრომლობა.

სწორედ ამ ქსელის საზღვრების რღვევაში ხედავს ოზდენი დიზაინის სამყაროს ყველაზე საინტერესო პერსპექტივას. “ეს ხნის შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ დიზაინერებთან, რომლებზეც მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ. და იმუშაოთ ისეთი კლიენტისთვის, როგორიც ყოველთვის გინდოდათ. Universal Favorite-ში ეს ნიშნავს კორეიდან აშშ-ში მუშაობას. ამის ყველაზე საინტერესო ნაწილი გამოცდილების და უნარების გაზიარებაა, რომელიც უფრო კრეატიული შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება”. 

ტენდენცია 4: თავდაჯერებულობისკენ გადახვევა

Robot Food-ის კრეატიული სტრატეგის, ნატალი რედფორდის თქმით, დღეისათვის საკუთარი თავის მოვლა და პრიორიტეტის მინიჭება ყურადღების ცენტრშია. შესაძლოა, შედეგად, დიზაინში მეტი ეკლექტიზმი მივიღოთ — “შეესაბამება თუ არა სუფთა და ლაკონიური სტილი სიამოვნებისა და წაქეზების კონცეფციას? ერგება თუ არა “მეტი, მეტი, მეტი” ჭარბი მოხმარების თავიდან აცილებას? იქნებ, უფრო რეალური და დაუხვეწავი ესთეტიკა დავინახოთ”. 

სამანტა ბარბაჯოვანი, ThoughtMatter-ის დიზაინის დირექტორის თანახმად, 2022 წელი უფრო სენსუალური, მრავალფეროვანი და ემოციურად დამაკმაყოფილებელი გაოცების გამოცდილება იქნება, რომელიც პანდემიის პერიოდში უსაფრთხო, მაგრამ დახურულ სახლებში ძალიან გვაკლდა. საგულისხმოა, რომ BrandOpus-ც იმავე ფრთხილი ოპტიმიზმის გრძნობას იზიარებს.

ტენდენცია 5: უკან 1990-იან წლებში

1980-იანი წლები კულტურულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბუნებრივია, რომ რამდენიმე ათეული წელია, მათ მიმართ ნოსტალგიას განვიცდით. საბოლოოდ ამ პერიოდის მემკვიდრეების ჯერი დადგა. “ამ ტენდენციას 90-იანი წლების MTV ნოსტალგიას ვუწოდებ. რეტრო იდეები, მწვანე ეკრანი და მიმების ესთეტიკა. ადრეული ინტერნეტ ესთეტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს — მათზე წვდომა კი TikTok-ის ფილტრებით მეტად გაადვილდა” — ჯუნ ფრანჯი, CPB დიზაინის დირექტორი.

 

ტენდენცია 6: მაქსიმალიზმი იზრდება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიმალიზმი იკლებს. ამრიგად, მისი საპირისპირო ტენდენცია — მაქსიმალიზმი იმატებს. “წლების განმავლობაში გრაფიკული ერთფეროვნების შემდეგ ეს არის ვიზუალური რენესანსი. აშკარაა უფრო მდიდარი მიდგომის სურვილი. ჩვენ მაქსიმალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ინტუიციური თხრობა და ჩაძირული ვიზუალური გამოცდილება ცვლის ბრტყელ, გეომეტრიულ, მკაცრი ბრენდის სისტემებს, აჭარბებს მოდულარობას. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს მაქსიმალისტური სამყაროები არ არის მხოლოდ უაზრო ინტერპრეტაციები, მათი ფესვები ისტორიასა და სტრატეგიაშია” — განმარტავს კლარა მალიგანი, Anomaly London-ის დიზაინის ხელმძღვანელი.

ამ ტენდენციის ერთ-ერთი მაგალითია BrandOpus-ის ნამუშევარი Pipers Crisps-ზე, რომელიც ფერადოვან პალიტრასთან ერთად მონოქრომულ ფერებს იყენებს, რათა ყველასგან გამოირჩეოდეს. “ნათელი და ენერგიული, ცოცხალი ფერები შეირჩა, რათა ხრაშუნა ბრენდის გაბედულ იდენტობას და გემოვნებას ასახავდეს” — ამბობენ დიზაინერები.

ტენდენცია 7. ტიპოგრაფია უფრო ნათელი და მხიარული ხდება

კრის ალგარი, Design Bridge-ის უფროსი დიზაინერი, თვლის, რომ 2022 წელი დიდი წელი იქნება შრიფტისთვის. “ჩვენ დავინახავთ, რომ ტიპოგრაფიული სტილები მართლაც გაზვიადებულ ასოთა ფორმებთან არის შერწყმული, რაც აძლიერებს კონტრასტს ხაზებსა და მკვეთრ, კუთხოვან ფორმებს შორის” — პროგნოზირებს ის.

ცხადია, შრიფტების დიზაინზე დიდ გავლენას იქონიებს ზემოთ ხსენებული მოძრაობის ტენდენციაც. შესაძლოა, დიზაინერები განსხვავებულ მიდგომას ირჩევდნენ ტიპოგრაფიისთვის, მაგრამ თითოეულ მათგანს მოძრაობა და ამაღლებული იდენტობა აერთიანებს. გარდა ამისა, ფერები და სიკაშკაშე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2022 წლის ტიპოგრაფიულ ტენდენციებში.

ტენდენცია 8: კრეატიული გადაკვეთის წერტილები — დიზაინის, მოდასა და ბრენდის შერწყმა

დიზაინი, ბრენდინგი და მოდა გამუდმებით იცვლება და ზოგიერთ შემთხვევაში შერწყმასაც იწყებს. “როდესაც ამდენი ბრენდი იკვლევს, თუ როგორ შეუძლიათ ჩარჩოებს მიღმა ცხოვრება და სხვადასხვა კრეატიული გზის პოვნა, ისინი უმეტესად ქუჩის ტანსაცმელს მიმართავენ” – ამბობს მოლი როუან-ჰამილტონი, BrandOpus-ის სტრატეგიის მთავარი ხელმძღვანელი.

მაგალითად, BrandOpus-მა ამერიკულ კვების ჯგუფთან, Oscar Mayer-თან “ქუჩის ხორცის” კოლექციაზე მუშაობდა — იგი საყვარელი Hotdogger-ის უნიფორმით არის შთაგონებული. ქუჩის ტანსაცმლის ეს კოლექცია ბრენდისთვის კიდევ ერთი გზაა თავისი კრედოს დასამტკიცებლად:
“არასოდეს ძველმოდური”. 

ტენდენცია 9: გარემოსდაცვითი მოქმედება ეკო-ესთეტიკასთან შერწყმით

დღეისათვის მეტად აქტუალურია დიზაინში მწვანე ფერის გამოყენება — ეს დიზაინერების მხრიდან ერთგვარი სიმბოლური მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი პლანეტაზე, ჩვენს გარემოზე ფიქრობენ. თანაც, Free The Birds-ის დიზაინის დირექტორი, მეთიუ გილპინი ხაზს უსვამს იმას, რომ ბრენდები მზარდ ზეწოლას განიცდიან, რათა უფრო მდგრადი მასალები  გამოიყენონ შეფუთვაში.

გარდა ამისა, ეს ვალდებულება ესთეტიკურადაც უნდა აისახოს დიზაინზე. დიზაინერებს მოუწევთ, შეარჩიონ ეკოლოგიურად სუფთა, გადამუშავებადი და ნახშირბადისგან თავისუფალი მასალები გამოიყენონ. მხოლოდ ასე შეძლებენ მომხმარებელთა მოლოდინების, ბრენდის ეთოსისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილებას — ისევე, როგორც ძლიერი ვიზუალური ნამუშევრების შექმნას.

ტენდენცია 10: უკომპრომისო რეალიზმი და დამღუპველი დიზაინი

მოლოდინებს თუ დავუჯერებთ, 2022 წელი უკომპრომისო რეალიზმით იქნება განსაზღვრული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომავალი წელი აღარ იქნება წარსულის ნოსტალგიით განმსჭვალული — უფრო მეტიც, დიზაინში საშინელი სურვილი იარსებებს იმისა, რომ გამოუყენებელი პოტენციალი გავაცნობიეროთ და ახალი გზები გამოვიყენოთ.

და რადგანაც ჩვენ ყველა გაურკვეველი მომავლის წინაშე ვიმყოფებით, ერთი რამ უდავოა: ძველი გზის უაზროდ გავლა აღარ არის სწორი არჩევანი. “ისევე, როგორც ბრუტალიზმი იყო დამღუპველი რეაქცია წინა თაობის ზედმეტად გააზრებულ, ზედმეტად გაანალიზებულ პროექტებზე, 2022 წელი დესტრუქციულიდან ტრანსფორმაციულზე გადავა” — აღნიშნავს ThoughtMatter-ის დიზაინის დირექტორი, ვენსდი კრუზი.

კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი „ბეკოსგან“!

მაკდონალდს საქართველომ თავის აპლიკაციაში ახალი ფუნქციონალი – ლოიალურობის პროგრამა დანერგა